ნატო გელაშვილი – თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ხელოვნება აღარც იყოს საქართველოში
მუდამ მოღიმარი, ხალისიანი და ენერგიული - ასეთად იცნობს ჩვენი საზოგადოება კომპოზიტორ და მომღერალ ნატო გელაშვილს, რომლის სიმღერებიც ჩვენს ხალხს გამორჩეულად უყვარს. ალბათ ამის მიზეზი ის საოცარი გულწრფელობა და უშუალობაა, რომელიც მის შემოქმედებას განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებს. ქალბატონი ნატო ჩვენთან საუბრის დროსაც საოცრად გულწრფელი და უშუალო იყო:
- როგორია თქვენი განწყობა ახლა, როცა ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა?
- დავიღალე და მინდა, ეს ქვეყანა ოდესმე დაწყნარდეს. ჩვენი ინტელიგენციაც ძალიან დაიღალა და კიდევ ერთ იმედგაცრუებას ვეღარ აიტანს, ვერ მოითმენს. უკეთესის მოლოდინში ცხოვრება გავიდა და უკვე აღარ დარჩა იმედი, რომ შეიძლება ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ. მართალია, ”ქართულ ოცნებას” ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ ახლა მთავარი ამ მხარდაჭერისა და სიყვარულის შენარჩუნებაა. რაღაც წინსვლა თუ არ დაიწყო, მოლოდინის რეჟიმში ცხოვრება ძალიან ძნელია. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მიტინგების მეტი რა ვნახეთ, ამ წლებმა ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებას დაასვა დაღი და მგონი უნდა დადგეს დრო, როცა აღარ იქნება საჭირო მიტინგებზე სირბილი და არეულობა. გამოგიტყდებით, უკვე ყველანაირი მიტინგი მეზიზღება! მგონი ჩემსავით ყველას დაწყნარებულ საქართველოში ცხოვრება უნდა. უბრალო ადამიანების თვალით დანახული საქართველო კი დღეს საკმაოდ გაჭირვებულია და მე აღარ მინდა, ეს ქვეყანა ასეთი იყოს. ფაქტია, რომ დღეს ხელოვნებაც ძალიან ცუდ დღეშია.
- ქალბატონო ნატო, 19 აპრილს თბილისში ”ნაციონალური მოძრაობის” მიტინგია დაგეგმილი. თუ აპირებთ იქ მისვლას?
- სიმართლე გითხრათ, მე არასოდეს, არც ერთ პოლიტიკურ მიტინგზე არ ვყოფილვარ, რადგან მიმაჩნია, რომ შენი ქვეყნისათვის სასარგებლო საქმის კეთება სხვა გზითაც შეიძლება. ამავე დროს ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ქვეყანაში ყოველთვის უნდა იყოს იმიტომ, რომ შეცდომები ნებისმიერ ხელისუფლებას მოსდის, სიმართლე კი ვინმემ უნდა თქვას. იმის მიუხედავად, რომ ქუჩაში დგომა არ მიყვარს, ჩემი მოსაზრება არასოდეს დამიმალავს. რაც შეეხება 19 აპრილს, მე იქ არ მივალ, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: მიტინგზე აუცილებლად მივა ხალხი, რომელიც განაწყენებულია ახალ მთავრობაზე. მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომელიც ბოლო თვეებში უსამსახუროდ დარჩა და მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. რიგითი მოქალაქისათვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ”ნაციონალური მოძრაობა” გაუშვებს სამსახურიდან, თუ ”ქართული ოცნება”. მე სულ ვიბრძოდი ამის გამო: წინა მთავრობის დროსაც ჩემს კონცერტებზე სისტემატურად გამოდიოდნენ ოპოზიციურად განწყობილი მომღერლები, რადგან მე არასოდეს მიმიქცევია ყურადღება მათი პოლიტიკური შეხედულებებისათვის. ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ და არიან, მომღერალი არ უნდა დაიბლოკოს იმის გამო, რომ ვინმეს ემხრობა, თავისი აზრი კი ნებისმიერ ადამიანს აქვს და ეს არ უნდა მივიჩნიოთ დანაშაულად.
- თუმცა, ხალხს ჰგონია, რომ თქვენ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ხართ...
- მე, მაგალითად, რაც უნდა მიჭირდეს, არასოდეს ვიმჩნევ იმიტომ, რომ ვფიქრობ - ეს ჩემი განსაცდელია და მე უნდა გავიარო-მეთქი. თუმცა, ბოლო ხანებში ძალიან გამიჭირდა იმიტომ, რომ კონცერტები აღარ ტარდება. ჩუმად ვართ, ვითმენთ, მაგრამ დღეს შემოქმედი ადამიანები ძალიან ცუდ დღეში ვართ. ჩვენი შემოსავალი არის კონცერტი, კონცერტებს კი სიძვირის გამო ვერ ვმართავთ: დღეს ფილარმონია რომ იქირაო, შენი ბილეთი სულ მცირე 50 ლარი უნდა ღირდეს, რომ მომღერლებს ელემენტარული ჰონორარი მისცე და დარჩენილი თანხით ცოტა ხანს მაინც იარსებო. ალბათ დღეს ხელოვნების დრო არ არის, რადგან ჩვენს ქვეყანას უფრო დიდი პრობლემები აქვს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ხელოვნება აღარც იყოს საქართველოში. მე მგონი ყველა სფეროს უნდა შეუწყონ ხელი. დღეს ჩვენს ტელეფონზე ზარი თუ შემოვა, ესე იგი მორიგ საქველმოქმედო საღამოზე გვიწვევენ. კი ბატონო, ყველას დავეხმარებით - ორჯერ, სამჯერ, ოცდაათჯერაც, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ჩვენთვის გამართულ საქველმოქმედო საღამოებზე მოგიწევთ ყველას სიარული. საქართველოში სასაცილო ჰონორარებია რუსეთთან შედარებით, აღარაფერს ვამბობ დასავლეთის ქვეყნებზე, მაგრამ რაც არის, ისიც აღარ გვაქვს. რაც უნდა ბევრი კარგი სიმღერა დავწერო, რა აზრი აქვს, თუ მსმენელს ვერ მივაწვდი?
- ესე იგი, ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობთ?
- დიახ, ასეა, მაგრამ თუ რაღაც არ გამოსწორდა და ყინული არ დაიძრა, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა აღმოჩნდება ცუდ დღეში იმიტომ, რომ ჩემს სფეროში ყველაფერი ფული ღირს: ჩაწერა, არანჟირება, კონცერტის გამართვა და ა.შ... ამას კი ჯიბის ფულით ვერ მოერევი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იტრიალებს ის სიმღერები, რომლის ჩაწერაც მოვასწარით და მზის შუქზე გამოვუშვით. მთელი გულით მინდა მოვესწრო დაწყნარებულ, დამშვიდებულ ქვეყანას, რომელსაც ამდენი პრობლემა აღარ ექნება, ჩემი აზრით, მარტო მიტინგებზე სიარულით ამ მიზანს ვერ მივაღწევთ.
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)