"ეს იყო ჩემი სპორტული ტრაგედია"
"დღეს არანაირი ბიზნესი არ გამაჩნია"
"პრეზიდენტობაზე არ მაქვს პრეტენზია"
"პალიტრა TV"-ს ეთერში ახალი გადაცემა, Hard Talk-შოუს ფორმატის პროექტი, "ემას შოუ" დაიწყო. გადაცემის სტუმრები ქართული პოლიტიკის მთავარი ფიგურები და კვირის ყველაზე აქტუალური პერსონები არიან.
წამყვანის თამამ კითხვებს რესპონდენტები გულახდილ პასუხებს უპირისპირებენ. "ემას შოუს" წამყვანი, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილია. "ემას შოუ" "პალიტრა TV"-ს ეთერში ყოველ შაბათს, 19:30-ზე გავა.
გთავაზობთ პირველი გადაცემის ყველაზე საინტერესო მომენტების ბეჭდურ ვერსიას.
ჩემი პირველი სტუმარი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე გახლდათ. გავიხსენე, რომ პირველად მას, როგორც რესპონდენტს, 10 წლის წინ შევხვდი "დინამოს" კორტებზე, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი და ენერგეტიკის სამინისტროა. მაშინ კახი კალაძე ცნობილი ფეხბურთელი იყო, მილანიდან დროდადრო ჩამოდიოდა და დილაობით კორტებზე ჩოგბურთს თამაშობდა.
- მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ენერგეტიკის მინისტრი გახდებოდით, რომელსაც მოქმედმა პრეზიდენტმა პრეზიდენტობა უწინასწარმეტყველა. აპირებთ პრეზიდენტობას?
- პრეზიდენტობაზე არ მაქვს პრეტენზია. თანამდებობა, რომელზეც დღეს ვარ, ძალიან საპასუხისმგებლოა.
ჩემთვისაც მოულოდნელი იყო დღევანდელი ჩემი სტატუსი,
მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნდობა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა და ჩვენმა გუნდმა გამომიცხადეს, გავამართლო.
- რთული ხომ არ აღმოჩნდა ენერგეტიკაში გარკვევა?
- გარკვეული შეხება მქონდა ამ სფეროსთან. ბიზნესი მქონდა... ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით იყო დაკავებული კომპანია, რომლის წილის 45%-ს მე ვფლობდი. თუმცა, რომ გითხრათ, ძალიან ჩახედული ვიყავი-მეთქი, მოგატყუებთ. დრო დამჭირდა, რომ გავრკვეულიყავი იმ ყველაფერში, რაც კეთდებოდა და რაც იყო გაკეთებული, კარგიც და ცუდიც.
- მახსოვს, ამბობდით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მინისტრად დაგამტკიცებდნენ, წილებს ამ ბიზნესში გაასხვისებდით...
- აქციები გასხვისებულია, მე მოვიქეცი ისე, როგორც კანონი მოითხოვდა. რომ გითხრათ, დიდი მიღწევები ჰქონდა ჩემს კომპანიას ამ ბიზნესში-მეთქი, მოგატყუებთ....
- თქვენი კომპანია "საქჰიდრომშენი" 3 თბოსადგურსა და ათამდე ჰიდროელექტროსადგურს ფლობდა...
- სიცრუეა. ეს იყო სამშენებლო კომპანია, რომელიც ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში მონაწილეობდა.
- დღეს რა ბიზნესი აქვს ენერგეტიკის მინისტრს?
- არანაირი ბიზნესი არ გამაჩნია. მქონდა ბანკი, რომლის სამეთვალყურეო საბჭოდანაც კი წამოვედი და სამომავლოდ ვაპირებ წილის 79%, რომელიც ამ ბიზნესში მაქვს, გავასხვისო.
- ვისზე უნდა გაასხვისოთ, ოჯახის წევრებზე?
- არა, მინდა გავყიდო როგორც ბიზნესი...
- თუ გავიხსენებთ თქვენი პოლიტიკური გუნდის წინასაარჩევნო დაპირებას, საუბარი იყო ტარიფის მნიშვნელოვან შემცირებაზე, შედეგად მივიღეთ მხოლოდ 3-4 თეთრით კორექტირებული ტარიფი. სამომავლოდ ამ ტარიფების შემცირება აღარ მოხდება?
- ის, რაც ჩვენმა მთავრობამ დღეისთვის მოახერხა, არის მაქსიმუმი. სამწუხაროა, რომ ეს შეეხო მხოლოდ პირველი და მეორე საფეხურის მომხმარებელს, მათ ვინც 0-დან 100-მდე და 100-დან 300 კილოვატსაათამდე ელექტროენერგიას მოიხმარს თვის განმავლობაში. ცუდია, რომ ეს ფასდაკლება არ შეეხო მათ, ვინც 300-ზე მეტ კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარს.
- ასეთი კი ძალიან ბევრია.
- ბევრია, მაგრამ აბონენტების 90% სწორედ მომხმარებელთა პირველ და მეორე კატეგორიას მიეკუთვნება. არ ვამბობ, რომ იმ ადამიანებს არ უჭირთ, ვინც 300 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. თუ ვნახავთ, როგორია რეგიონში ფასების ტენდენცია, მინდა გითხრათ, რომ ყოველი წლის განმავლობაში ფასები იზრდება, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც: რუსეთში, აზერბაიჯანში, თურქეთშიც კი ჩვენზე მაღალი ფასებია.
"ენერგო პრო ჯორჯიასთან" გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ელექტროენერგიაზე შემცირებული ტარიფი 2 წლის განმავლობაში შენარჩუნდება. "თელასის" შემთხვევაში კი 4 წლის განმავლობაში გვექნება არსებული ტარიფი ელექტროენერგიაზე.
- ფეხბურთის გარდა, ბიზნესიდანაც მოდიხართ ხელისუფლებაში და კარგად მოგეხსენებათ საბაზრო ეკონომიკის პრინციპები, რომლის თანახმადაც, ვინც მეტს ყიდულობს, უფრო ნაკლებს იხდის. დენზე მიბმული ნაგვის გადასახადის არ იყოს, ელექტროენერგიის ტარიფის დაანგარიშებისასაც მსგავსი აბსურდული პრინციპი მუშაობს, როცა შეღავათით სარგებლობს ის, ვინც უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს...
- ეს არის მეთოდოლოგია, რომელიც შემუშავდა რამდენიმე წლის წინ. ჩვენ ახლა რომ დაგვეწყო ამ ყველაფრის ცვლილება...
- რამდენად სამართლიანია ეს მეთოდოლოგია?
- ვერ გეტყვით, რამდენად სამართლიანია. ალბათ, ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში არის ისე, როგორც თქვენ ბრძანეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ადამიანი პროდუქციას დიდი რაოდენობით ყიდულობს, უფრო მეტი ფასდაკლება აქვს. თუმცა გამორიცხულია, ერთი და ორი თვის განმავლობაში მოახერხო იმის შეცვლა, რაც უკვე დიდი ხანია დანერგილია. მით უფრო რთულია ამის გაკეთება ზამთრის პერიოდში, როცა ელექტროენერგია არა გვაქვს იმდენი, რომ საქართველოს მოსახლეობას ეყოს და ვაწარმოებთ იმპორტს, რუსეთის ფედერაციიდან ვყიდულობთ 200-250 მეგავატს. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ მეთოდოლოგია გაუმჯობესდეს. ვფიქრობდით, გადავსულიყავით სადღეღამისო მოხმარების აღრიცხვაზე - დღის განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე სხვა თანხა გადაეხადა მომხმარებელს, ღამის განმავლობაში მოხმარებულზე - სხვა, მაგრამ ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
- საქართველოს ენერგორესურსებით რუსული ენერგოგიგანტი "რუსჰიდრო" დაინტერესდა, რომლის წარმომადგენლები ჩამოსული იყვნენ და მათ თქვენც შეხვდით.
- წლების წინ მათ სხვადასხვა პროექტის განხორციელების ინტერესი ჰქონდათ, თუმცა წინა ხელისუფლებასთან არშემდგარი მოლაპარაკებების გამო არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა. როცა ბატონი პრემიერ-მინისტრი დავოსში გახლდათ, მაშინ მოხდა ამ კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. გამოთქვეს სურვილი, ჩამოსულიყვნენ საქართველოში, ენახათ პროექტები, რომლის განხორციელება იგეგმება და თავადაც ჩადებდნენ ინვესტიციებს.
- "რუსჰიდროსთან" დაკავშირებით გასათვალისწინებელია ორი მნიშვნელოვანი გარემოება: ფაქტობრივად, ეს არის სახელმწიფო კომპანია, სადაც 65%-ს რუსეთის ფედერაცია ფლობს. რამდენად მიზანშეწონილი იქნება ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დარგში რუსული სახელმწიფო კომპანიის შემოყვანა?
- მოგეხსენებათ, რომ "თელასი" "ინტერ-რაოს" შვილობილი კომპანიაა. ასე რომ, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. პირიქით, მისასალმებელია, როცა ასეთი ძლიერი, დიდი კომპანიები ინტერესდებიან საქართველოს ბაზარზე შემოსვლით.
- ეს არის ენერგოგიგანტი, რომელიც მეეჭვება, საქართველოში მცირე და საშუალო ჰესებით დაინტერესდეს. ხომ არ არის "რუსჰიდროს" შემოსვლა ენგურჰესის თემის გაგრძელება?
- ენგურჰესი ფუნქციონირებს და მასთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობს... თუ "რუსჰიდრო" შემოვა, ეს იქნება ახალი პროექტი, რომელიც, ფაქტობრივად, ნულიდან უნდა დაიწყოს.
- საპარლამენტო უმცირესობამ "ყველაზე საქმიანი და მონდომებული მინისტრი გიწოდათ", თუმცა მანამდე ხშირად გახსენებდნენ იმ პიკანტურ ფოტოებს, რომელიც თავის დროზე სხვადასხვა პროდუქციის რეკლამირებისთვის გადაიღეთ. ახლა გადაიღებდით ასეთ პიკანტურ ფოტოებს?
- არა, დღეს არ გადავიღებდი... დღეს სხვა ამპლუა მაქვს. მე ვიყავი წარმატებული სპორტსმენი და ამ ფოტოებით ვამაყობ. წინასაარჩევნოდ რომ ვერაფერი ნახეს ჩემი წარსულიდან ხელჩასაჭიდი, თავიანთი ჭკუით ამ ფოტოებზე ხუმრობდნენ. ჩემთვის საამაყო იყო ისეთი ბრენდების რეკლამირება, როგორიც არიან: "დიადორა", "ადიდასი", "დოლჩე და გაბანა". ამ ფოტოებში თანხას მიხდიდნენ, რომელიც შემდეგ ქველმოქმედებას ხმარდებოდა.
- ხშირად გახსენებენ ავტოგოლებს. არ გწყინთ, რომ წარმატებებზე მეტად თქვენი წარუმატებლობა ახსოვთ?
- ეს არის ადამიანების ის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობის" სექტას. მეამაყება ჩემი განვლილი ცხოვრება, თავაწეული მოვდივარ და მომავალშიც ასე ვაპირებ ცხოვრებას. მე ბოდიში მოვუხადე ქართველ გულშემატკივარს ამ ავტოგოლების გამო. ეს იყო ჩემი სპორტული ტრაგედია.
- 31 მაისს გამოსამშვიდობებელი მატჩი იმართება, რას უნდა ელოდოს გულშემატკივარი?
- ეს იქნება ამხანაგური შეხვედრა. მინდა ჩამოვიყვანო ყველა ის ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც 10 წელი ვთამაშობდი მილანში. ეს ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მინდოდა გამეკეთებინა, რადგან საფეხბურთო კარიერა მაისში დავასრულე, თუმცა მშიშარა წინა ხელისუფლებამ და სააკაშვილმა ამის უფლება არ მომცეს.