"ჩემი ცოლის დაქალების" მკლავებში"
ჩვენი საზოგადოება ახალმა ვნებამ აიტაცა, - სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მომნუსხველ მკლავებში გადაეშვა და ჩაეკრა. ამ მკლავებმა იმდენად მოგვაჯადოვა, რომ აგერ, ჯერ სერიალის გმირის მომხიბლავი კატოს (ნინო გაჩეჩილაძე) სერიალიდან გაშვების გამო ატეხილი შაკიკი არ მოგვრჩენია, რომ მოულოდნელად ოჯახის სანიმუშო ერთგულმა და სათაყვანებელმა მეუღლემ დავით გოცირიძემ დაიწყო ოჯახის ნგრევა, - ატკიებული კბილით შეწუხებულმა სტომატოლოგიურ კლინიკას მიაშურა, სადაც ხილულმა კბილის ტკივილი კი არა თავის მორჩილი და მოსიყვარულე მეუღლე ნინაც კი დაავიწყა.
ასე აღმოჩნდა ჩვენი სანიმუშო გმირი მაღალმკერდიანი და მაცდუნებელი ნათიას ფერხქვეშ, რამაც მის სანიმუშო ოჯახს ისეთი წყალი შეუყენა, რომ წლების წინ რუდუნებით ნაშენ მონოლითს კვირიდან კვირამდე ბზარი უჩნდება აბა, ეს გულგრილად როგორ შეიძლება მიგვეღო და ჩვენი საზოგადოებაც შოკში ჩავარდა. თანაც ისეთ შოკში, რომ სერიალში ნაჩვენები ის სტომატოლოგიური კლინიკაც კი გამოიცნო, სადაც დათო ნათია მაღალი მკერდისკენ მიილტვის და ხელთმოხვედრილი ყველა საშუალებით( ცარცით, ნახშირით, მშენებლობის ნარჩენი აგურებითაც კი)მის კედლებზე საპროტესტო პლაკატებს ტოვებს", რომლის ძირითადი შინაარსი ასეთია: "ნათია, შე დიდძუძუებიანო ბ**ო, დავითის ოჯახის დანგრევას არ დაგანებებთო!". გარდა ამისა ინტერნეტსივრცეში სპეციალურად შეიქმნა დავით გოცირიძის და ნინას ოჯახის სიმყარის დამცველი გვერდი, - ამის შესახებ თავად ტელესერიალის სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა განაცხადა "რუსთავი 2-ის" ეთერით და იქვე დასძინა, - თუ ამ გვერდზე 250000 მაყურებელი მაინც მოითხოვს, რომ ამ ოჯახის დუღაბი შენარჩუნებული იქნეს, მაშინ სცენარს შევცვლიო.
ამასობაში მაყურებელი სულ უფრო და უფრო მეტ მრისხანებას აფრქვევს ნათიას როლის( ნინო მუმლაძე) შემსრულებელის მიმართ და "ამ კახპას" მოუწოდებს თუ დავით გოცირიძის ოჯახისაგან ხელები ( და მკერდი!) შორს დაიჭიროს. უფრო მეტიც, თუკი პატიოსან ოჯახში ხელის ფათურს არ შეეშვა ზოგიერთები მას შუა ქუჩაში გაჩეჩვითაც კი ემუქრებიან. როგორ გადარჩება ამისგან ნათია გარანტია არ არსებობს, თუმცა მაინც ვფიქრობთ, რომ რახან საზოგადოება თავად დავით გოცირიძის წინააღმდეგ ხმას დიდად არ იმაღლებს და მამაკაცებს შორის დამცველები ბლომად გამოჩნდნენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნათიას რომელიმე მათგანი ამბრაზურასავით უსათოდ გადეფარება. აი, რას წერენ ისინი ამის ამის შესახებ სერიალის "საპროტესტო გვერდში": "ნათიას მაგარი ძუძუები აქვს და დათოსაც მოსწონს. ეს ყველა კაცს მოსწონს. არ შეცვალოთ სცენარი!". ზოგს საერთოდ, მისი მკერდის ეშხით სახელ "ნათია" გარდა ყველა სიტყვა დავიწყებია, რომელიც კომენტარებში დაახლოებით ასჯერ მაინც ჩაუწერია მაგალითად, "ზღვის გოჭს", - ნათია, ნათია, ნათია............... ნათიაააა!" გულსაკლავად მოუხმობს ნათიას მისი კომენტარი.
ნიშანდობლივი კი ის არის, რომ საზოგადოება დავითის ასე ერთგულ და მორჩილ ცოლს, ნინას(...) მიმრთაც არ იშურებს საპროტესტო სიტყვებს: "აბა, ნინას რა ეგონა, თავისი დაქალების პრობლემები რომ ქმარზე მეტად აინტერესებს და ყოველდღე ცომში ურევს ხელებს, არ შეცვალოთ, რა სცენარი, მაგარი ნიჭიერები ხართ!" , "დიდი სიამოვნებით ვუყურებ სერიალს, გასკდით გულზე ქმრების მოახლე ქალებო!".
დამეთანხმებით, რომ ეს "მწარე სინამდვილე" აქ მაინც იმის საილუსტრაციოდ არის მოყვანილი, რომ საზოგადოებას მართლაც ნინას უბედურება და ოჯახის დანგრევა და გაუბედურება კი არ სწყურია არამედ მისი გამოსწორება. ეს კი იმას ნიშნავს რომ ის უნდა გამოფხიზლდეს, ცომიდან ხელები ამოიღოს და ქმარს დაუთმოს დრო. თუ მაინცდამაინც შავ "პლაშს" არ ჩაიცვამს, შავ სათვალეს არ გაიკეთებს და უკან პადიეზდ-პადიეზდ მალვით არ გაჰყვება, მკერდში იმპლანტანტები მაინც უნდა ჩაიდგას და ტუჩები კვასკვასა "# "1" პომადით შეიღებოს. თუ არადა ან ოჯახი დაენგრევა, ან მხარდაჭერებს უნდა "დაელაიქოს" და როგორც სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი ამბობს, 250000 ათასი ოჯახის ერთგულების მხარდამჭერი შეაგროვოს საპროტესტო გვერდზე და სერიალის სცენარიც შეიცვლება.
ისე კი, როგორც სერიალის სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა: "რას ამბობთ, ეს რიცხვი ხუმრობით ვთქვი, თორემ ამდენი მხარდამჭერი საკონსტიტუციო ცვლილებების დროსაც არ გროვდება. მაგრამ თუ მოხდა საოცრება და ამდენი მხარდამჭერი მაინც მოეძებნა გოცაძეების ოჯახს სცენარს მართლაც შევცვლით, - ამდენ მხარდამჭერს სახელმწიფოს მეთაურებმაც უნდა გაუწიონ ანგარიში, მხოლოდ მე კი არაო".
ახლა კი ვნახოთ რა კომენტარი აქვს ყოველივე ამაზე ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას: "მართლაც ვხედავ რომ ამ სერიალმა ასეთი ემოციები გამოიწვია და მიმაჩნია რომ ეს საშინელებაა - ჯერ ერთი იმიტომ რომ საზოგადოებამ აბსოლუტური იდენტიფიცირება მოახდინა იმ ამბებთან რაც სერიალის გმირების ოჯახთან დაკავშირებით ხდება. ანუ ხალხს სერიოზული პრობლემა აქვს, - თავად ჩვენს საზოგადოებაშია გამეფებული ოჯახური ღალატი. ხოლო მეორე მხარივ მოხდა არერალურის გათანაბრება და გადმოტანა რეალობაში. ეს კი თავის მხრივ იმას ადასტურებს, რომ ჩვენ არა რეალობაში არემედ ვირტუალურ გარემოში ვცხოვრობთ. და ეს სამწუხაროდ, სრულიად ბუნებრივად იქვცა, - თუ სახელმწიფოს აშენება მიდის ვირტუალურად კომპიუტერითა და ტელევიზიით, რატომაც არ შეიძლება რომ მთელი საზოგადოებაც ვირტუალობაში ვცხოვრობდეთ და ვარსებობდეთ?"
მოკლედ ასე ამბები. მაგრამ იმასაც ვიტყვით რომ როგორც არ უნდა იყოს, სერიალის კოლექტივმა ძალზე ნიჭიერად იმუშავა და ამას ვულოცავთ.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)