კარგი კაცი ხარ, მაგრამ ერთადერთი მინუსი გაქვს, ქრისტიანი ხარო! - კვირის პალიტრა

კარგი კაცი ხარ, მაგრამ ერთადერთი მინუსი გაქვს, ქრისტიანი ხარო!

”შევარდნაძის დაცვის ყოფილი წევრი ვარ. აფხაზეთის ომში ვიბრძოდი. მორწმუნე ქრისტიანი გახლავართ და ჩემს სამშობლოში სამსახურიდან იმიტომ დამითხოვეს, რომ მართლმადიდებლობაზე უარი არ ვთქვი”, - მითხრა გიორგი ოქრუაშვილმა, რომელიც თავისი გულისტკივილის გასაზიარებლად რედაქციაში გვესტუმრა:

- 2011 წელს საქართველოში დაარსდა აზერბაიჯანული შპს ”კავკასკაბელი”, რომელიც ელექტროსადენებს აწარმოებს. საწარმოს დამფუძნებელი და ერთ-ერთი მოწილე ელჩინ ჰუმატოვი თბილისში ახალი ჩამოსული იყო. არავის იცნობდა და მთხოვა, იქნებ ხელოსნებით მომამარაგოო. საწარმოს მშენებლობას მე ვხელმძღვანელობდი. მოხდა ისე, რომ დაქირავებულმა მუშებმა სამუშაოს საფასური წინასწარ გამომართვეს და გაიქცნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელმოკლედ ვცხოვრობ და 1993 წლიდან ნაქირავებში ვარ, სიტყვა არ გავტეხე, თავად გადავიხადე 2.500 ლარი და სამუშაო დავასრულე. კომპანიის დამფუძნებელმა რომ დაინახა ჩემი ერთგულება, მითხრა, მენეჯერად დაგნიშნავო. მართლაც დავიწყე ქარხანაში მუშაობა. ელჩინ ჰუმატოვი ძალიან დამიახლოვდა.

ქარხნის მშენებლობა რომ დავამთავრეთ, სპეციალისტები ბაქოდან გამოგზავნეს. მათ მანქანით დავხვდი. მასპინძლებმა გადაწყვიტეს, ჩამოსულებისთვის პატივი ეცათ და რესტორანში დაპატიჟეს, მერე კი ქალებთან დარეკეს. ხუთნი ვიყავით და ხუთი ქალი ამოიყვანეს. ვუთხარი, ერთი გაუშვით, მე სახლში წავალ, ხატის წინ მაქვს დაფიცებული, რომ მეუღლეს არ ვუღალატებ-მეთქი. მეორე დღეს ყველაფერი საწარმოს დამფუძნებელს, ელჩინ ჰუმატოვს სიცილით უამბეს, ანგელოზივით გოგო მოვიყვანეთ და გიორგიმ უარი თქვაო. ელჩინმა გაოცებით შემომხედა, ყოჩაღ! ასეთი თავშეკავება შეგიძლიაო?! ჩემი სარწმუნოებისათვის სიამოვნებაზე უარის თქმა კი არა, მეტიც შემიძლია-მეთქი. ელჩინ ჰუმატოვი დარწმუნდა, რომ ძლიერი მორწმუნე ვიყავი, მძიმე მარხვას ვიცავდი და ყოველდღიურად 7-გზის ლოცვებს ვკითხულობდი. ის თვითონაც ღრმად მორწმუნე იყო, ოღონდ მუსლიმანი. ერთხელ შემომთავაზა, - არ გინდა, უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთიო? რატომაც არა, ოჯახში მეწვიეთ-მეთქი. ვუამბე, რომ პირველი ქორწინებიდან სამი შვილი მყავდა და მეორე ცოლთან ერთად ვცხოვრობდი. შვილებს ჩემთან უნდათ ცხოვრება, მაგრამ პატარა ნაქირავებ ბინაში ყველა ვერ ვეტევით-მეთქი. ელჩინმა მითხრა, ხელს შეგიწყობ, რომ სახლიც გქონდეს და შვილებიც შენთან იყვნენო. ელჩინ ჰუმატოვი ხშირად ლაპარაკობდა თავის სარწმუნოებაზე, ისლამის ძალაზე, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ამბობდა, ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება ისლამიაო. ხშირად მეკითხებოდა ღვთისმშობელზე. ხატებზე რამდენჯერმე მითხრა, როგორ შეიძლება ფოტოსურათის გჯერდესო და ჩემს ხატებს დასცინოდა. ვუხსნიდი, რომ ეს ფოტო კი არა, ხატი იყო. ბოლოს მკითხა, ღვთისმშობელი სულიწმინდისაგან როგორ დაფეხმძიმდაო? ცდილობდა, მდგომარეობიდან გამოვეყვანე. დასცინოდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩემს ხატებს. როდესაც აზერბაიჯანიდან სტუმრები მოდიოდნენ და თბილისის ღირსშესანიშნაობებს ვანახვებდით, ჩვენი საწარმოს დამფუძნებელი ყველა ლამაზ ნაგებობასა და ტაძარზე ამბობდა, თურქების აშენებულიაო. ნარიყალაზეც ასევე თქვა, ეს რა კარგი რამ აუშენებიათ თურქებსო. ვამტკიცებდი, ეს ქართული სიწმინდეებია და ბევრი დაანგრიეს-მეთქი. სამსახურში ისლამის აგიტაცია მიმდინარეობდა. ჩვენს საწარმოში 26 კაცია და მათგან ძირითადი კონტინგენტი აზერბაიჯანელია.

ელჩინ ჰუმატოვი მეორედ მეწვია შინ და მითხრა, რაც გაკლია (სახლსა და შვილებს) დაგიბრუნებ. თუ სარწმუნოებას შეიცვლი, ფინანსურად დაგეხმარები. მუდმივი სამსახური და შემოსავალი გექნებაო.

საწარმოში საქმე რომ აეწყო, ელჩინ ჰუმატოვი სამსახურში აღარ დადიოდა. ბაქოდან ახალი დირექტორი გამოგზავნეს და ის უძღვებოდა საქმეს. ერთხელ ძალიან ცუდად გავხდი. სახლში სასწრაფო მყავდა და მოულოდნელად ელჩინ ჰუმატოვი მესტუმრა. ისევ სარწმუნოების შეცვლაზე დამიწყო ლაპარაკი,  კარგი კაცი ხარ, მაგრამ ერთადერთი მინუსი გაქვს, ქრისტიანი ხარო. ეს ჩემი ერთადერთი პლუსია-მეთქი. სანამ ცუდად გავხდებოდი, 4 დღით ადრე ჩემი მეუღლე გაზით მოიწამლა და გონება დაკარგა. ესეც ჩემს დასამოძღვრად გამოიყენა ელჩინმა, ხედავ შენს თავს რა ხდებაო. ცუდად ვიყავი, ის კი იმ სარწმუნოებაზე მელაპარაკებოდა, რომელსაც არ ვაღიარებდი. გავმწარდი და ვუთხარი, ამ თემაზე აღარ დამელაპარაკოთ. მირჩევნია, ქრისტიანი ვიყო და ქვაზე ვიცხოვრო, ვიდრე სარწმუნოება შევიცვალო-მეთქი. მხარზე მომარტყა ხელი, მართლაც ქვაზე იცხოვრებო. ამის მერე ჩვენი გამარჯობა გამარჯობას აღარ ჰყავდა. უგულოდ მესალმებოდა. ამ ამბიდან 2 თვეში ჩემი შვილი (რომელიც ჩვენთან მუშაობდა) გააგდო სამსახურიდან.

ეს ამბავი რომ გაიგო ახალმა დირექტორმა რუფად შირინოვმა, მიზეზით დაინტერესდა. ვუთხარი, ელჩინ ჰუმატოვმა შვილი სამსახურიდან ჩემი რელიგიური შეხედულების გამო გააგდო-მეთქი. რა სისულელეა, ეგ რომ ჩვენებმა გაიგონ, არ აპატიებენ, შენი შვილი დააბრუნეო. ჩემი შვილი რომ დააბრუნა, ამის გამო ელჩინ ჰუმატოვი ახალ დირექტორს გადაეკიდა.

ჩვენს საწარმოში საწყობის გამგე ბაქოელი ხაგან მამედოვია. მისი ცოლ-შვილი საქართველოში ცხოვრობს. შვილმა ქართული ისწავლა და ხაგანსაც მოუვიდა აზრად ქართულის შესწავლა. რამდენჯერმე მთხოვა, ქართული ასოები ჩამომეწერა მისთვის. ერთხელ ფუცელზე ქართული ასოებით დაწერილი რაღაც ტექსტი მომცა, აბა, ეს ტექსტი ქართულად წამიკითხე, რამე შეცდომით ხომ არ დავწერეო. ხმამაღლა დავიწყე კითხვა. არაბული ტექსტი იყო და რამდენიმეჯერ ალაჰი იყო ნახსენები. ვკითხე, ეს რა არის-მეთქი. ჩვენი ლოცვააო. ფურცელი უკან მივაგდე, ქრისტიან კაცს თქვენს ლოცვას რატომ მაკითხებ-მეთქი. რამ შეგაშინაო, ახარხარდნენ. მეუფე იობთან მივედი და ყველაფერი ვუმაბე. ათი დღის განმავლობაში წყალსა და პურზე დამაყენა. თუმცა ამიხსნა, ეს მისი ცოდვაა, შენს ცოდვაში ჩაგდება რომ სცადაო. აზერბაიჯანელმა თანამშრომლებმა რომ დაინახეს პურსა და წყალზე ვიყავი, კიდევ დამცინეს, თავს იკლავო.

სანამ სამსახურიდან გამათავისუფლებდნენ, თვე-ნახევრით ადრე ელჩინ ჰუმატოვმა მკითხა, ხომ არ გადაგიფიქრებიაო. რა უნდა გადავიფიქრო-მეთქი? რამეო და აღარ დააკონკრეტა. წავიდა ბაქოში და კომპანიის მეორე მეწილეს დაარეკვინა საწარმოს დირექტორთან, გიორგი გაათავისუფლეთო. ჩემი კონტრაქტის ვადა 2 აპრილს ამოიწურა, მპირდებოდნენ, რომ კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელდებოდა, მაგრამ 9 აპრილს სამსახურიდან გამათავისუფლეს. მოგვიანებით დირექტორს უთქვამს, გიორგიზე კარგი თანამშრომელი არ გვყავსო. ამის თქმა იყო და ზუსტად 5 წუთში ბაქოდან დარეკა საწარმოს ერთ-ერთმა მეწილემ და დირექტორიც გააგდო სამსახურიდან იმის გამო, რომ კარგად დამახასიათა. ერთი იარაღი არ დაუდიათ, თორემ ყველაფერი გააკეთეს, რომ სარწმუნოება შემეცვალა. როგორ უნდა გაბედოს აზერბაიჯანელმა ჩემს ქვეყანაში, რომ სარწმუნოების შეცვლა მთხოვოს? დღეს რომ ეს გაბედა, ხვალ უარესს იზამს. საქართველოს მოქალაქეობის მიღება უნდა. რა ნამუსით უნდა იცხოვროს ჩემს ქვეყანაში, როდესაც არც ჩემი მიწა უყვარს, არც ჩემი ისტორიული ძეგლები და პატივს არ სცემს ჩემს სარწმუნოებას? ადვოკატი ავიყვანე და ის დაიცავს ჩემს ინტერესებს. 5 დღის წინ მეუფეს იობს ვუთხარი, ძალიან დამძიმებული ვარ-მეთქი. ოთხი დღე აცალე და ხვეწნას დაგიწყებენ, რომ სამსახურში დაბრუნდეო. მართლაც, გუშინ ერთმა თანამშრომელმა დამირეკა, აქ ამბობენ, გიორგი სამსახურიდან არ გაგვიგდია და უკან დაბრუნდესო. დღეს ჩემმა შვილმა მითხრა, ელჩინ ჰუმატოვი გკითხულობს, სამსახურში რატომ არ დადისო. მე იქ აღარ დავბრუნდები. იმაზე მწყდება გული, რომ ჩემს ქვეყანაში ასე დაუცველი ვარ. არ მინდა სამსახური და არც ლუკმაპური იმის სანაცვლოდ, რომ უარი ვთქვა, რაც ყველაზე წმინდა იყო ჩემი მამა-პაპისთვის. მერჩივნა, ხელი-ფეხი მოეჭრათ, ვიდრე ის ხატები შეურაცხეყოთ, რომელთა წინაშეც ცრემლმორეული ვლოცულობ.

წინასწარ ვიცი, რომ აზერბაიჯანელები უარყოფენ ამ ყველაფერს, მაგრამ მყავს მოწმეეები, რომლებიც პროცესზე მინდა გამოვიყვანო. მათ ვინაობას ვერ გავამხელ, რადგან არ მინდა ისინი დაამუშაონ. ჩემი თავიდან მოშორება რომ უნდოდა, ელჩინ ჰუმატოვს ბაქოში მეორე მოწილესთვის უთქვამს, გიორგი შევარდნაძის დაცვაში მუშაობდა. უშიშროების აგენტია და ჩვენგან ინფორმაცია გააქვსო. მე რომ უშიშროების აგენტი ვყოფილიყავი და ინფორმაციის გადატანა მნდომოდა, საგადასახადო პოლიციაში მივიდოდი და ვეტყოდი, მათი ბუღალტერია შეემოწმებინათ. ამას არ ვიტყვი, რადგან სამსხურიდან წამოსვლის შემდეგ ამას პირად დაინტერესებად ჩამითვლიან. სამსახურში აღარ დავბრუნდები. მინდა ელჩინ ჰუმატოვმა პასუხი აგოს რელიგიური ნიშნით დევნის გამო და მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყოს.

რუფატ შირინოვი, ”კავკასკაბელის” დირექტორი: დამფუძნებლების დავალებით შევატყობინე გია ოქრუაშვილს, რომ მისი კონტრაქტის ოფიციალური ვადა 2 აპრილს ამოიწურა და ის აქ აღარ მუშაობდა. რაც შეეხება რელიგიურ საკითხს, მე ამის საქმის კურსში არ ვარ”.

მარი ზანდუკელი (სპეციალურად საიტისთვის)