ბუბა კიკაბიძე: ჯერ კიდევ ნამგალის და უროს დროინდელი მენტალიტეტით ვაზროვნებთ - კვირის პალიტრა

ბუბა კიკაბიძე: ჯერ კიდევ ნამგალის და უროს დროინდელი მენტალიტეტით ვაზროვნებთ

ბუბა კიკაბიძე ბოლო დროს არსად ჩანს... თუ რა არის მიზეზი და რას ფიქრობს იგი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ამის შესახებ იგი თავად გვესაუბრა.

- ბატონო ბუბა, რამდენი წელია, რაც საქართველოში დაბრუნდით და რუსეთში არ ყოფილხართ?

- 2008 წლის შემდეგ რუსეთში არ ვყოფილვარ. ანუ იმის შემდეგ, რაც ომი დაიწყო და აქ ტანკები შემოვიდნენ...

- ეს თქვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომელსაც არ ცვლით. ამ დროის განმავლობაში რამდენი შემოთავაზება გქონდათ?

- ძალიან ბევრი... საქმე ისაა, მომღერალი კაცი სცენაზე რომ გამოდის, მას უნდა უხაროდეს. უნდა გინდოდეს - იმღერო. ახლა მოსკოვიდან არიან ჩემთან ჟურნალისტები და მითხრეს, უკვე ხომ ყველაფერი კარგად არის, რუსეთში ქართულ ღვინოს და ბორჯომს ვღებულობთ და ჩამოდი რა, იმღერეო... ასე არ შეიძლება. ჩვენ ალბათ ჯერ კიდევ ნამგალის და უროს დროინდელი მენტალიტეტით ვაზროვნებთ, ავადსასხსენებელი საბჭოთა კავშირის დროინდელი მენტალიტეტით. სულ ვამბობდი, გაიყვანეთ ტანკები და თუ ჩემი სიმღერა რამეს ნიშნავს, ჩამოვალ და სიამოვნებით ვიმღერებ-მეთქი. რისთვის ახრჩობ ამ პატარა ქვეყანას?! - გაუშვი, და თუ რამე შეეშლება, თვითონ გამოასწოროს თავის შეცდომები. ახლა დავიწყეთ ამის გარკვევა, ვინ დაიწყო ომი და როგორ დაიწყო. როცა ვხედავ, აქ ნახევარი მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დატანტალებს, ამ დროს კრემლში მართლა ვერ გიმღერებ. მე ასეთი ბუნების კაცი ვარ და რა ვქნა.

- იმ ფაქტს როგორ უყურებთ, როცა ქვეყნიდან მოწინავე ანსამბლები მიდიან და იმედოვნებენ, რომ ქართული ხელოვნება რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობას დაათბობს.

- ყველა თავისებურად ფიქრობს. შეიძლება მე მეშლება. თუ სახელმწიფო გამომიცხადებს - შენზეა დამოკიდებული, შენი სიმღერა საქმეს სჭირდება და რამე გამოსწორდებაო, მაშინ წავალ და რასაკვირველია, ვიმღერებ. დღესაც დამირეკეს და რუსეთში 30 კონცერტს მთავაზობენ ახლავე. ჯერჯერობით არ ვთანხმდები.

- ეს ალბათ მატერიალურადაც მნიშვნელოვანი დანაკლისია თქვენთვის?

- რა თქმა უნდა... მეექვსე წელიწადია, რუსეთში არ ჩავსულვარ და რად უნდა ლაპარაკი, მატერიალურადაც წამგებიანი იყო. მე რომ ჩავსულიყავი და მემღერა, ჩემი თავის პატივისცემა დამეკარგებოდა. პროფესიიდან გამომდინარე ვსაუბრობ.

- როგორ აფასებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს?

- ვერაფრის ანალიზს ვერ ვაკეთებ. ერთ რამეს კი ვხედავ, დიდი ხანია ქართველები გაიყვნენ და ამაზე უარესი საშინელება არ არსებობს პატარა ქვეყნისთვის. ამიტომაც არსად დავდივარ, არსად ვჩანვარ და არც არავის ვესაუბრები დღევანდელ მოვლენებზე. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო პოლიტიკური საკითხები, გავიდოდი და ვიტყოდი, რომ ყველამ ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ და ქართული მრავალჟამიერი ვიმღეროთ-მეთქი. ჯერჯერობით არ უნდათ ასე და რა ვქნა.

- უფროსი თაობის ბევრი წარმომადგენელი აცხადებს, რომ განვლილი 9 წლის განმავლობაში ქვეყანა ინგრეოდა. თქვენ რას იტყოდით?

- დაუნახავი ხალხი ვართ, აქეთაც, იქითაც, სიყვარულშიც და ყველაფერშიც. მე არასოდეს მითქვამს, რომ განვლილი 9 წლის განმავლობაში ქვეყანა ინგრეოდა და ასე არც ვფიქრობ. ჯერ გავიხსენოთ, რა იყო 9 წლის წინ და შემდეგ ვილაპარაკოთ... მაინცდამაინც სახელები და გვარები უნდა დავასახელო - ვინ რა გააკეთა და ვინ რა გააფუჭა?!... გზა არ იყო, ტაძარი არ იყო და არაფერი. თბილისი ულამაზესია და კიდევ უკეთესი გახდება.

- დანაშაულად მიიჩნევენ ძვირად ღირებულ კონცერტებს, მიუზიკლებს. მიუზიკლში ”ვერის უბნის მელოდიები” თქვენც მონაწილეობდით...

- გააჩნია, რომელი მხრიდან შევხედავთ. თუ ლტოლვილებზე და გაჭირვებულებზე ვფიქრობთ, მაშინ ჯობდა სამუშაო ადგილები შექმნილიყო და მათ თავზე ჭერი ჰქონოდათ.  ქართველებს ყველაფერი უცებ გვინდა. ასე ადვილი არ არის სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ჩვენ თავისუფლები ვართ დღეს და ეს თუ არ შევინარჩუნეთ, მაშინ კაპიკია ჩვენი ფასი - კონცერტისაც, გაჭირვებული კაცისაც, მდიდრისაც და ასე შემდეგ... უნდა ვიყოთ თავისუფლები, ხელიხელჩაკიდებული, გაღიმებული და ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. არ შეიძლება ვიძახდეთ, ეს ამის მომხრეა, ის იმის, ამის ცეკვა არ შეიძლება, იმის სიმღერა შეიძლება და ასე შემდეგ... მე რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით ასეა. ყველა თავის სიმართლეს ამტკიცებს. რაღაც ჩვენც უნდა გვკითხონ. რომ იძახი ხალხს ასე უნდაო, მაშინ ხალხს უნდა ჰკითხო.

- მიუზიკლებს დავუბრუნდეთ. თუ არ ვცდები ”ვერის უბნის მელოდიები” აღარ გადის.

- დიახ, შეაჩერეს. არადა, საერთაშორისიო დონის მიუზიკლია. არ უნდა იყოს გაჩერებული და არც არავინ იცის მიზეზი, რატომ გააჩერეს. ოფიციალურად მიზეზს არ ამბობენ, მაგრამ კულუარულად ყველამ ვიცით, რომ ვიღაცას არ მოსწონდა, რადგან მისი იდეა არ იყო და სხვისი იყო... არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ხელოვნებაში პოლიტიკა არ უნდა შემოიჭრას.

- რას უსურვებთ საქართველოს?

- მშვიდობას, წინსვლას, აღმავლობას, ურთიერთპატივისცემას და სიყვარულს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)