ივანა მელაი: სად წავიდა ”ჩემი საქართველო”?! (ექსკლუზივი)
ამონარიდი ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომრიდან:
ინტერვიუ ივანა მელაისთან
***
- პრეზიდენტის საჩუქარზე რას იტყვი?
- ახლა რომ გითხრა, რამდენი საჩუქარი მიმიღია და ის ადამიანებიც ჩამოვთვალო, ვინც რამე მაჩუქა, ამას შემოდგომამდე მოვუნდები (იცინის). პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ქორეოგრაფები, მხატვრები... ბევრი ადამიანი მასაჩუქრებს, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა...
- მაგრამ ამ შემთხვევაში, პრეზიდენტზეა საუბარი: ქვეყნის პირველი პირი ყველა მომღერალს როდი ასაჩუქრებს....
- როგორც მახსოვს, წერდნენ, რომ 900-ლარიანი საჩუქარი მივიღე. ეს ხომ სასაცილოა! ნუთუ დიდი დანაკარგია ეს თანხა საქართველოსთვის (იცინის)?!. არც ის მესმის, თუ რატომ უკვირთ ჩემი შრომის ანაზღაურება. ეს თანხა შესაძლოა, ვიღაცას ბევრად ეჩვენებოდეს, მაგრამ ეს ხომ იმ თანხის მესამედია, რასაც უკრაინაში ვიღებ?! დღეს აქ, უკრაინასთან შედარებით, მეშვიდედ ჰონორარს ვიღებ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ჩემს მუსიკალურ კარიერას არანაირი შემოსავალი არ მოაქვს და ამ დროს, როცა ვიღაც 900-ლარიან საჩუქარზე დაიწყებს საუბარს, სასაცილოა... 12 წლის ვიყავი, პირველად უკრაინის პირველ ლედის რომ ვუმღერე და მას შემდეგ არაერთი პრეზიდენტის არაერთ შეხვედრაში მიმიღია მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, კულტურის მინისტრისთვის ვმღერი, პრეზიდენტისთვის, ბუღალტრისთვის თუ სტინგისთვის. თუ კარგი ადამიანი ხარ, შენი მეგობარი ვიქნები! იმიტომ, რომ დღესდღეობით კარგი ადამიანების პოვნა ძალიან რთულია.
- შეიძლება ვთქვათ, რომ პრეზიდენტთან მეგობრობ?
- კი. მას დიდ პატივს ვცემ. მიხარია, რომ ასეთი კარგი ადამიანი გავიცანი. მიყვარს პროგრესული ადამიანები, რომლებიც ერთ ადგილზე არ ჩერდებიან. ყველა უკრაინელი გაკვირვებულია საქართველოს განვითარების დონით. უკრაინელები ქართველებს ეუბნებიან, 2 წლით დაგვითმეთ თქვენი პრეზიდენტიო. სწორედ იმიტომ ვცემ პატივს მას, რომ უკეთესობისკენ შეცვლილ ქვეყანას ვხედავ და ნურავინ ეცდება დამარწმუნოს, რომ ვცდები.
- როგორია პრეზიდენტი, როგორც მეგობარი?
- ძალიან თავისუფალი, გახსნილი, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს, ქარიზმატულია, წარმოსადეგი... ყველაზე მთავარი დადებითი თვისება კი მისი უბრალოებაა. ცოტას თუ შეუძლია, ასე ლამაზად მიიღოს ადამიანები.
- ხშირად ხვდებით?
- არც ისე. ძირითადად - წვეულებებზე, მიღებებზე თუ შევხვდებით. ამას წინათ, ვალერი მელაძის კონცერტზე შევხვდით. ძალიან მაგარია, როცა პრეზიდენტი კულტურას მხარს უჭერს... ვინმე თუ მეტყვის, რომ მუსიკა და კონცერტი საქართველოს არ სჭირდება, ყველაზე დიდი სისულელე იქნება. ის, რომ ახალი წლის ღამეს დედაქალაქში პატარა კონცერტიც კი არ იყო, სირცხვილია.
- თითქოს რაღაც, იმედგაცრუებული ხარ, ასეა?
- არა! მაგრამ უკვე ტელევიზორსაც კი არ ვუყურებ: ყველა მხრიდან ნეგატიური ინფორმაცია მოდის. ამ დროს ვფიქრობ, რა მოხდა, სად არის ”ჩემი საქართველო”?! მე მივატოვე ჩემი ცხოვრება, მეგობრები, ოჯახი და აქ ჩამოვედი, რადგან ჭკუის დაკარგვამდე შემიყვარდა ის ყველაფერი, რაც აქ ვნახე. პირველ რიგში კი ადამიანები, რომლებმაც თავბრუ დამახვიეს თავიანთი სტუმართმოყვარეობით, უბრალოებით, სითბოთი... მათ ისიც კი არ იცოდნენ, ვინ ვიყავი. თუ ვინმე აუგად მომიხსენიებს, ეს სულაც არ ამცირებს ჩემს სიყვარულს თქვენი ქვეყნისადმი. ასე რომ, იმედგაცრუებული სულაც არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში მუსიკალური სივრცე ”მიძინებულია”, არსად წასვლას არ ვაპირებ. სადაც უნდა ვიყო, საქართველოში ყოველთვის დავბრუნდები.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.