"ლაშა ბუღაძეს მადლობაც უნდა ვუთხრათ, რომ უწმინდესის დაპატიმრებაც არ მოითხოვა?!"
გასულ კვირას საქართველომ კიდევ ერთხელ გაიარა ბეწვის ხიდზე. ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით გაურკვეველი (თუ გარკვეული) ორიენტაციის ადამიანთა მცირე ჯგუფმა ჯიუტად მოიწადინა დაპირისპირებოდა ამ ქვეყანაში ტრადიციულად დამკვიდრებულ ზნეობრივ ფასეულობებს და კიდევ ერთხელ გამოსცადა ქართველთა მოთმინება. ვერ გეტყვით, რა დასკვნა გამოიტანეს მათ ამ შეხლა-შემოხლიდან, მაგრამ თუ ბრმა არ ხარ, უმთავრესი უნდა დაინახო: საქართველო ვერასოდეს შეეგუება ამ კურთხეულ მიწაზე გარყვნილების პროპაგანდასა და დაკანონებას!
17 მაისს, რუსთაველზე დატრიალებულ მოვლენებს, შეფასებათა კასკადი მოჰყვა და სამწუხაროდ,ზოგიერთები ამ შეფასებებით დაუკრეფავშიც გადავიდნენ, როცა პირდაპირ მოითხოვეს პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის დაპატიმრება(?!). გასაგებია, რომ მათ არ მოეწონათ მეუფის მამხილებელი ქადაგება, მაგრამ ამიერიდან იმის შეგუებაც მოუწევთ, რომ ამ ქვეყანაში ჯერ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი და არა ერთი მუჭა ავანტიურისტებმა, რომლებსაც ჩირადაც არ უღირთ ამ ქვეყნის ბედი და ძალისძალად ცდილობენ თავს მოგვახვიონ ქართველი ერისთვის მიუღებელი და სრულიად უცხო გამოვლინებები.
17 მაისის აქციას არ ჰყოლია კონკრეტული ორგანიზატორი და იქ არც არავის მოუწოდებია ძალადობისკენ. მე პირადად იქ გახლდით და არ მსმენია არც ერთი მოძღვრისგან, რომ ვინმე დაერბიათ ან ჩაექოლათ. პირიქით, სამღვდელოებამ პოლიციასთან (სამართალდამცველებმა პირდაპირ სახლებში მიაბრძანეს და ჩამოარიგეს დასაცავი სუბიექტები) ერთად გადაარჩინა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები გაღიზიანებული ხალხის რისხვისგან. ის ფოტოც, რომელშიც მოძღვარს ხელში ტაბურეტი უჭირავს და ვისაც არ ეზარება, მას მოძალადეს ეძახის, მხოლოდ იმას ასახავს, რომ იმ მოძღვარმა ტაბურეტი ხელიდან გამოგლიჯა აქციის მონაწილეს, რომ არავინ დაეზიანებინა(!). და თუ ვინმეს გადაცდომა ჰქონდა, ამისთვის მათ ეკლესია დაადებს შესაბამის სასჯელს და რა სახის იქნება ეს სასჯელი, ლაშა ბუღაძის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, რომელმაც ურცხვად დააკისრა პასუხისმგებლობა პირადად პატრიარქს (ალბათ, მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ უწმინდესის დაპატიმრებაც არ მოითხოვა?!). არც პოეტ ყუბანეიშვილს შეასხამს ხოტბას ქართველი ერი, რომელმაც არანაკლები მკრეხელობა "დააბრეხვა"(როგორც სჩვევია) და ქართველ ერს "ბრბო, შავები და მართლ-მა-დებილები"უწოდა. ამაზე, რატომღაც არ შეშფოთებულან არც სახალხო დამცველი და არც ის არასამთავროები, რომლებიც 17 მაისის საღამოს დაუფარავად იმაღლებდნენ ხმას ეკლესიის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, მართლმადიდებელ ქართველთა 90%-ის ბრბოდ, დებილებად და სისხლსმოწყურებულ აგრესორებად გამოცხადება არ ითვლება უფლებათა შელახვად და მხო¬ლოდ გარყვნილების პროპაგანდისტებს სჭირდებათ დაცვა და შეშფოთება(?!).
უკვე ამაზრზენი ხდება ზოგიერთი არამკი¬თხე "ენჯეოშნიკის" განკითხვა ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ეკლესიაზე და მღვდელთმთავრების ჯიპებზე. სახელმწიფო არაფერს ჩუქნის ეკლესიას, რადგან მათთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არის კომპენსაცია იმ მილიარდობით ზარალისა, რომელიც ეკლესიას მიადგა მე-20 საუკუნეში. ასე რომ, ნურავინ დაამადლის დედა-ეკლესიას ამ გროშებს. ასი მაგდენი იშოვეს ამ ქვეყნის ძარცვის ხარჯზე ცალკეულმა ადამიანებმა და ჯობს მათ მოკითხონ ბიუჯეტიდან გადარიცხული ფული. თუმცა, უკვე ყველაფერი ნათელია: როგორც ჩანს, ეკლესიის წინააღმდეგ წლების მანძილზე გაჩაღებული ხილული თუ უხილავი ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და ყველა სააშკარაოზე გამოვიდა. ჩამოხსნილმა ნიღბებმა კი ლაკმუსივით გამოამჟღავნა ვის შესტკივა გული საქართველოზე და ვის მხოლოდ უცხოურ გრანტებზე. პატრიარქს რომ სცემდნენ პატივს და ეკლესიაზე გული შესტკიოდეთ, გაითვალისწინებდნენ უწმინდესის მოწოდებას, რომ არ ჩაეტარებინათ ეს აქცია, მაგრამ შეგნებულად, მიზანმიმართულად გამოიწვიეს ქართველი ერი და პასუხიც მიიღეს. რასაკვირველია, ეკლესია და შესაბამისად პატრიარქიც ემიჯნება ძალადობის ფაქტებს და მათ შორის ვართ ჩვენც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლიც, მაგრამ ვერასოდეს შევეგუებით ცოდვას და ვიდრე იქნება მცდელობა ამ ცოდვის პროპაგანდისა, მუდამ ექნება პროტესტის განცდა ქართველობას. ამის შემდეგ, ვისაც არ მოგდით თვალში ასეთი განწყობა, გინდ ევროსაბჭოში გვიჩივლეთ და გინდ ზემელის დამწვარ აფთიაქში, აღმაშენებლის, გორგასალის და ილიას მემკვიდრე ერი სხვანაირად ვერ იცხოვრებს(!).
ალბათ, უკვე დროა, ახალმა ხელისუფლებამ იფიქროს უმრავლესობის უფლების დაცვაზეც და საკანონმდებლო აქტით გაამყაროს ყოველივე. როცა მიგინებენ ეკლესიას და პატრიარქს; როცა მიბილწავენ საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებულ სულიერ და ზნეობრივ ფასეულობებს; როცა შეურაცხყოფენ წმიდათაწმიდას ე.წ. მწერლები და პოეტები; როცა ჩვენი შვილების თვალწინ აღვირახსნილ ცხოვრებას ეწევიან სექსუალური გადახრების მქონე ადამიანები და ამას აყურებინებენ სკოლის ფანჯრებს აკრულ მოზარდებს, მაინტერესებს, მაშინ რატომ არავინ იცავს ჩვენი და ჩვენი შვილების შელახულ უფლებებს? ახლა კეთილი ინებოს სახალხო დამცველმა და იმ ანგარიშში, რომელშიც უნდა ასახოს "მოძალადე ქართველი ერის და მათი სულიერი მოძღვრების სისხლისმსმელობა", ისიც დააფიქსიროს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, რადგან თუ მართლა სახალხო დამცველი გქვია, ერთნაირად უნდა იცავდე ყველას უფლებებს, მათ შორის უმრავლესობისას(!).
პ.ს ზემოთ ნიღბები ვახსენეთ. არ ვიცი, ვინ იგულისხმებს საკუთარ პერსონას ნიღაბქვეშ (სამწუხაროდ, ბევრი გვყოლია), მაგრამ ერთი კი უდაოა: ქართველი ერი ისე მოვიდა საუკუნეების მანძილზე, რომ ნიღაბი ვერ მოირგო. ჩვენი ცხოვრების გზა მოწამეობრივი სავალია და ძალიანაც კარგი, თუ არ შედგა 100 ათასი მოწამის ქალაქში სექსუალური უმცირესობების ფერადი დროშების ფრიალი. რასაკვირველია, მკვეთრად ვემიჯნებით ძალადობის ფაქტებს, მაგრამ ვერ დავუშვებთ მეორე უკიდურესობას ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო, ვისიმე სიამოვნების ანდა წაყენებული პირობების გამო ვერასოდეს გახდება სოდომ-გომორისეული ცოდვის ქვეყანა. თუთაშხიასი არ იყოს, მიზეზიცაა ნათქვამი და მიზანიც(!)..
ასევე იხილეთ:
"ეს ბრბო, მართლმადი-დებილები" - კოტე ყუბანეიშვილი აქციის მონაწილეებზე
"მომარხულეებს ეს მღვდლები ნამდვილად არ ჰგავდნენ" - ლაშა ბუღაძე 17 მაისის მოვლენებზე