არქიმანდრიტი ანთიმოზი: "არ ვიგინები, ეს ჩემი ხმა არ არის"
"შეგვინდოს უფალმა თუ გადავამეტეთ"
"პირველი შევეწირები ამ ბრძოლას. ვეძებ სიკვდილს ქრისტესთვის, რომ საქართველოში არ გაბატონდეს ჰომოსექსუალიზმი"
17 მაისის მოვლენების შესახებ უამრავი ვიდეომასალა გავრცელდა ინტერნეტით. მათ შორის განხილვის თემად იქცა კადრები, სადაც სასულიერო პირი იგინება. არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი აცხადებს, რომ ეს ხმა მისი არ არის...
- როდესაც ზურგით ვდგავარ, მაშინ ისმის გინება. ზუსტად მახსოვს, რაც ვთქვი, ცნობილი ქართული ფილმიდან ფრაზა გავიმეორე, გამოდით, რამდენი ხართ, უნდა დაგთვალოთ-მეთქი. ვიდეოკადრებში კი ისმის, თითქოს ვიგინები. ეს ჩემი ხმა არ არის. ბერად აღკვეცის შემდეგ ბილწსიტყვაობას ვებრძვი და ყველას ვაფრთხილებ, რომ ჩემი თანდასწრებით არ შეიგინონ.
30-30-ჯერ გაუშვეს "I არხმა" და "რუსთავი2"-მა ეს სიუჟეტი. რატომ არ დაადგინეს, ხმა ნამდვილად ჩემი იყო თუ არა? რატომ ბილწავენ საზოგადოებას?
- შესაძლოა თქვენ არ იგინებოდით, არ ჩხუბობდით, მაგრამ სასულიერო პირების მონაწილეობით ძალიან არასასიამოვნო კადრები ხომ დაფიქსირდა.
- ვეცადეთ, რაც მოხდა, არ მომხდარიყო, მაგრამ არ გამოგვივიდა. ერთი საათი ვეხვეწებოდით 30-40 გასულელებულ ბავშვს, რომ არ ჩაეტარებინათ აქცია, რათა მათ წინააღმდეგ გამოსვლას აგრესიული ფორმა არ ჰქონოდა, მაგრამ ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, არ დაიშალოთ, უნდა გამოხვიდეთო...
საქმე იმაშია, რომ ათასობით ადამიანი გამოსული იყო არა იმ ბავშვების, არამედ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ცდილობს ცოდვის, ანტიქრისტეს იდეოლოგიის გაბატონებას. მათ წინ აფარებული ჰყავთ ეს გასულელებული ბავშვები.
- ასეთი კადრიც დაფიქსირდა, რომ სასულიერო პირი ტაბურეტით გარბის.
- ამ სასულიერო პირს ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა, თავს სუსტად გრძნობდა და აქციაზე ტაბურეტით იმიტომ წამოვიდა, რომ დაღლილობისას ჩამომჯდარიყო. გეუბნებით იმას, რომ ჩვენ ვართ იმ ხალხის გენის, ასი ათასი ქართველის, რომელმაც მეტეხთან ღვთისმშობლის და მაცხოვრის ხატებს არ დაადგა ფეხი.
- ისინი შეეწირნენ რწმენას და ასე გახდნენ სამაგალითონი. 17 მაისის ამბები სამაგალითო იყო?
- დიახ. ეს არის ბრძოლა იმისათვის, რომ ანტიქრისტემ ვერ დაიდგას ტახტი და ივერია გაბრწყინდეს. პირველი შევეწირები ამ ბრძოლას. ვეძებ სიკვდილს ქრისტესთვის, რომ საქართველოში არ გაბატონდეს ჰომოსექსუალიზმი და სხვა მანკიერება.
- ბრძოლის ქრისტიანული მეთოდები თავ-პირის მტვრევისგან ცოტა განსხვავებული ხომ არ არის?
- არავისთვის დაგვიმტვრევია თავ-პირი. პატრულს ვეხმარებოდი, რომ მშვიდობიანად გასულიყო მიკროავტობუსი, რომელსაც ხალხი მივარდა. ძალიან ბევრი ხალხი იყო იქ, ვერ გავაკონტროლებდით ყველაფერს. სასულიერო პირი რომ ვინმეს სცემდეს, ასეთი კადრი არ არსებობს.
- ორგანიზატორებმა ვერ გათვალეს, რომ ვერ გააკონტროლებდნენ ხალხის მასას?
- არანაირი ორგანიზატორი არ გვყოლია. ითქვა და შევიკრიბეთ. აბა, როგორ ვებრძოლოთ ასეთ მანკიერებებს? სახარებაში წერია, რომ ბზობას იესო ქრისტე დიდებით რომ შევიდა იერუსალიმში, პირდაპირ სოლომონის ტაძარს მიადგა, შოლტი გააკეთა და დაერია იქ გამართულ ბაზარს, ეს არის ღმერთის სამლოცველო სახლი და თქვენ ქვაბის ავაზაკნი ხართო...
ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ, იმ წიაღიდან, საიდანაც თქვენ, ერთნაირები ვართ. ციდან ჩამოფრენილები არ ვართ და გადაცდომა ემოციისას ყველას შეიძლება დაემართოს.
- თქვენ ხომ ჩვენზე დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ?
- გეთანხმებით, მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და შეგვინდოს უფალმა, თუ გადავამეტეთ.