გოგი ჭიჭინაძე: 17 მაისს ჩვენ ცხოველური აგრესიით აღტკინებულ ადამიანთა მასა ვიხილეთ - კვირის პალიტრა

გოგი ჭიჭინაძე: 17 მაისს ჩვენ ცხოველური აგრესიით აღტკინებულ ადამიანთა მასა ვიხილეთ

ცნობილი დირიჟორი - გოგი ჭიჭინაძე საზოგადოებრივად ყოველთვის აქტიურია და ამას თავის მოვალეობად მიიჩნევს...Bდირიჟორს ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ... ჩვენი საუბრის პირველი თემა 17 მაისის ყბადაღებული აქცია აღმოჩნდა:

- 17 მაისამდე იყო 1 მაისი, რაც ჩემთვის არანაკლებ შემაშფოთებელი იყო. 1 მაისს სტუდენტების დემონსტრაციაზე პოლიციამ ნამდვილად გადააჭარბა და ჟურნალისტიც კი სცემეს. ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კომენტარი ჩემთვის უკიდურესად აღმაშფოთებელი იყო, რომლის თქმითაც, ჩვენ თურმე სამუდამოდ უნდა დავიმახსოვროთ, რომ პოლიციელს არ აქვს საშუალება დემონსტრაციაზე ჟურნალისტი სხვებისგან გაარჩიოს. ჩემი აზრით, ასეთ მაღალჩინოსანს ცხვირი უნდა ამოუჩეჩქვო. ეს ზუსტად იგივე დემაგოგიაა, რასაც წინა ხელისუფლება აწარმოებდა... რაც შეეხება 17 მაისს, ჩემზე და ყველა ჩემს ახლობელზე საშინლად იმოქმედა იმდღევანდელმა ძალადობამ. ამას ძალის გადამეტებაც აღარ ერქვა, უფრო უარესი იყო... ჩვენ ვიხილეთ ცხოველური აგრესიით აღტკინებული ადამიანთა მასა, ბრბო, რომელიც მთვრალი იყო საკუთარი ძლიერებით. დანამდვილებით ვიცი, ბევრი სასულიერო პირია აღშფოთებული იმით, რაც მოხდა... ჩვენ კარგად ვიცით, რომ წინა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, ეკლესიაში განხეთქილება მომხდარიყო და გარკვეულწილად მიაღწიეს კიდეც. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი საზოგადოება ამდენად არატოლერანტული, ანტიდემოკრატიული და შეუწყნარებელი არ არის. შეიძლება ვინმეს რამე არ მოსწონდეს, მაგრამ ასეთი საშინელი ძალადობა ყოვლად დაუშვებელია. ამასთანავე, ბევრი ფიქრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს მოვლენები კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო. თუ ვინ გამოიყვანა ეს ბავშვები, ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

- ითქვა, რომ წინა დღეს ავღანეთში დაღუპული ბიჭები ქაშუეთის ტაძარში ესვენა და მეორე დღეს იქ განსხვავებული ორიენტაციის მქონე ხალხის მხარდასაჭერი მიტინგის ჩატარება არ შეიძლებოდა...

- ამ შემთხვევაში ავღანეთში დაღუპულ ბიჭებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ძალიან ბევრი ჩვენი გმირი, რომლებმაც იბრძოლეს და თავი დადეს (აფხაზეთის ომიდან მოყოლებული დღემდე), არ ვიცით, ვინ რა ორიენტაციის იყვნენ... უფრო სწორად, ძალიან კარგად ვიცით, რომ განსხვავებული ორიენტაციის გარკვეული პროცენტი ყოველთვის არსებობს საზოგადოებაში.ეს ყოველთვის იყო. ის, რომ განსხვავებული ორიენტაციის ხალხს აღვირახსნილობასა და ამორალობას მიაწერენ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლად ასეა და მათ ზნეობა ან ჩვენთან საერთო მორალური ღირებულებები არ გააჩნიათ. ამის ნათელი მაგალითია ისრაელის ჯარი. იქ ყველა იბრძვის ქვეყნის ერთიანობისთვის. რაც შეეხება იმას, უნდა ჩატარებულიყო თუ არა ეს აქცია, - უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არა პროვოკაციის სახით. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო საგანგებოდ ხალხის გამოწვევა. ასეთი რამისთვის საზოგადოება მზად უნდა იყოს. რაც ჩვენთან მოხდა, იგივე ხდებოდა ადრე გერმანიაში, საფრანგეთსა თუ ამერიკაში, მაგრამ არავის აქვს ადამიანის ცემის და მოკვლის უფლება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის დამნაშავეა.

- ახლახან ჩატარდა ევროვიზიის კონკურსი, სადაც საქართველო მე-15 ადგილზე გავიდა. არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს წარმომადგენლები უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებდნენ, მაგრამ 17 მაისის მოვლენებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა...

- ევროვიზიას სერიოზულად ვერ აღვიქვამ. ევროპაშიც არ არის ეს კონკურსი მნიშვნელოვანი და უფრო მეტი ეიფორია კონკურსის დროს პოსტსაბჭოთა სივრცეში შეინიშნება. ერთი მონაწილე დამისახელეთ, რომელიც ამ კონკურსის შემდეგ მსოფლიოში მნიშვნელოვანი მომღერალი გახდა... თუმცა, ნახევარფინალს ვუყურე და ძალიან მომხიბლა ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის გამოსვლამ. მთავარია, რომ არაჩვეულებრივად იმღერეს და არა ის, რომელ ადგილზე გავიდნენ. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ 17 მაისის მოვლენებმა უარყოფითად იმოქმედა და ევროპის თვალში ცუდად გამოვჩნდით. ჩემთვის ევროპის თვალში რომ ცუდად გამოვჩნდით, ეს არ არის გადამწყვეტი, ჩვენ საკუთარ თავთან გამოვჩნდით ძალიან ცუდად და ეს არის უბედურება.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)