გელა ჩარკვიანი - "ირაკლიმ იცოდა, რომ აუცილებლად გაუგებდნენ, ოღონდაც გვიან"
"შოთა რუსთაველი ყველაზე დიდი ქართველია და მისი სახელობის პრემია ჩვენი ოჯახისთვის ძალზე საამაყო და სასიხარულოა. მე მასშტაბს არ ვადარებ, მაგრამ რუსთაველი თვითონაც ნოვატორი იყო. იგი კონსერვატიული და ჩამორჩენილი კი არა, არამედ მოწინავე ადამიანი იყო. მოწინავეები კი სწორედ იმით ხასიათდებიან, რომ ზოგჯერ, მათ გვერდით მყოფებმა შეიძლება ვერ გაუგონ და ვერ დააფასონ, მაგრამ შემდეგ მაინც ფასდებიან" - ამბობს გელა ჩარკვიანი...
- ირაკლი მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა, ამას ჰქონდა მნიშვნელობა, მაგრამ სულაც რომ მინდორში გაზრდილიყო, მაინც დაწერდა ამ ყველაფერს. საოცრად შემოქმედებითი ადამიანი იყო. სხვა არაფრის უნარი ჰქონდა, არც კომერციული ალღო გააჩნდა და არც არავითარი ინსტიქტი ჰქონდა ფულის კეთებისა. ერთადერთი რითაც მისი გონება იყო მოცული - მხოლოდ შემოქმედება იყო. თუმცა თავად აღიარებდა, ჩემთვის მთავარი მაინც მუსიკააო, მას საკმაოდ კარგი ლექსები და მოთხრობებიც ჰქონდა. რომანის დაწერაც მოასწრო - ტრილოგიის პირველი ნაწილის.
- რამ მოახდინა მასზე ყველაზე დიდი გავლენა?
- ყველაფერთან ერთად, ირაკლიზე გავლენა ატმოსფერომაც მოახდინა. მე მქონდა შესაძლებლობა, ისეთი მუსიკა გამეცნო მისთვის, რაც მაშინ საზოგადოებისთვის უცხო იყო. მახსოვს, ამერიკიდან ორი ჩანაწერი ჩამოვუტანე - ერთი როკ-ოპერა იყო, მეორე კი მაშინ ძალიან პოპულარული ბროდვეის შოუ - "თმა". შემდეგ ეს შოუ ძალიან ცნობილმა რეჟისორმა ფილმადაც გადაიღო… ძალიან კარგი მუსიკა იყო და შოუც ფანტასტიკური... მაშინ ირაკლი 11 წლის იყო და ამ ფირფიტებიდან ზეპირად ისწავლა მუსიკაც და ტექსტიც. ამ ყველაფერმა, ბუნებრივია, ირაკლიზე დიდი გავლენა იქონია. ირაკლი 14 წლის უკვე სერიოზულად წერდა. ძალიან ძნელია, თქვა, რა იყო მისთვის გადამწყვეტი. როგორც მისი თაობის ახალგაზრდები, ისიც ძალიან ხშირად უსმენდა "ბითლზებს" და სხვა ძალიან სოლიდურ ჯგუფებს. ბევრს უსმენდა, ბევრს იმახსოვრებდა, მაგრამ მუსიკის წერა როცა დაიწყო, წერდა ორიგინალურად, თავისებურად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ირაკლი ქართულად წერდა. ცოტა აქვს ინგლისურენოვანი სიმღერები. ჩემმა შვილმა მოახერხა ურთულესი რამ - როკი და თანამედროვე მუსიკა ისე "დასვა" ქართულ ენაზე, რომ ორგანული გახდა, არ გეხამუშება. მისი ყველაზე დიდი მიღწევა, ვფიქრობ, სწორედ ეს იყო. ის მღეროდა ისეთ სიმღერებს, უკრავდა ისეთ მუსიკას, რომელიც თავისი სტილისტიკით იყო ძალიან თანამედროვე, მაგრამ ქართულად ჟღერდა. ირაკლი ქართულ აუდიტორიაზე მუშაობდა, ნამდვილი ქართველი ბიჭი იყო, რომელსაც რაც არ უნდა დაეწერა, მაინც ქართული იქნებოდა.
- ამბობენ, რომ მიუხედავად სიცოცხლეშივე დიდი პოპულარობისა, მისი ცხოვრება არ იყო ადვილი...
- ადვილი ნამდვილად არ იყო. როდესაც ადამიანი ახალს ქმნი, ყოველთვის კონფლიქტში ხარ. წარმოიდგინეთ, იგი ქმნიდა ახალს 80-იანი წლების ბოლოს. იმდრონდელი თაობისთვის, (განსაკუთრებით უფროსი თაობისთვის) ეს ძნელი გასაგები იყო. მუსიკალურადაც ძნელი გასაგები იყო და ლექსიკურადაც. როდესაც ირაკლიმ რევოლუციური კლიპი გადაიღო - "შენ აფრენ" (კლიპიცა და სიმღერაც ორივე ძალიან ავანგარდული იყო), ბუნებრივია, ძალიან ბევრის გაღიზიანება გამოიწვია. ზოგი მიიჩნევდა რომ ირაკლი ჩარკვიანი საშიშიც კი იყო საზოგადოებისთვის. ირაკლი ძალიან უშიშარი ბიჭი იყო და ლანძღვა-გინებას თუ აღფრთოვანებას დიდი სიმშვიდით იღებდა. ძალიან დარწმუნებული იყო თავში და ეს იყო მისი მთავარი თვისება. მან იცოდა, რომ აუცილებლად გაუგებდნენ, ოღონდაც გვიან. აი გავიდა ოცი წელი და მისი პოპულარობის დინამიკა იმდენად იზრდება, რომ ვფიქრობ უკვე პიკს მიაღწია. ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა უკვე ყველასთვის გასაგები გახდა. უკვე აღარც მიკვირს, როცა ჩემი ხნის ადამიანები მეუბნებიან, მაშინ არ გვესმოდა და თურმე როგორი მაგარი ყოფილაო...
- ირაკლი შოთა რუსთაველის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა. თქვენთვის რას ნიშნავს ეს?
- მე განსაკუთრებით მიხარია, ირაკლის რომ ქვეყნის უმაღლესი პრემია ერგო. შოთა რუსთაველი ყველაზე დიდი ქართველია და მისი სახელობის პრემია ჩვენი ოჯახისთვის საამაყო და სასიხარულოა. მე მასშტაბს არ ვადარებ, მაგრამ რუსთაველი თვითონაც ნოვატორი იყო. იგი კონსერვატიული და ჩამორჩენილი კი არა, არამედ მოწინავე ადამიანი იყო. მოწინავე ადამიანები სწორედ იმით ხასიათდებიან, რომ ზოგჯერ მათ გვერდით მყოფებმა შეიძლება ვერ გაუგონ და ვერ დააფასონ, მაგრამ შემდეგ ფასდებიან. ყველა ადამიანი, ვინც კი ინოვაციას ქმნის, დასაფასებელია თუნდაც იმიტომ, რომ ახალი მაინც – ახალია, ძველის გამეორება კი ყოველთვის უფრო ადვილია... ირაკლი თვითონ ქმნიდა მუსიკასაც ტექსტსაც, სურათსაც. ყველაფრის ავტორი თავად იყო და მისი იყო მთლიანად ნაწარმოები. ძალიან საინტერესო, გასნსხვავებული ხმის ტემბრიც ჰქონდა, რომელსაც უზარმაზარი ენერგია მოჰქონდა.
- სახლში, ოჯახის წევრებისთვის როგორი იყო "გარეთ" ექსცენტრულობით ცნობილი ირაკლი ჩარკვიანი?
- ძალიან კარგი შვილი იყო და კარგი მამა. სახლში უფრო მშვიდი და დაფიქრებული ბიჭი იყო. მან იცოდა რომ სცენა - სცენაა და სახლი - სახლია. თუმცა ირაკლი მაინც არტისტი იყო და სტაბილურობა როგორიც მე მქონდა ოჯახში, ისეთი ირაკლის არ ჰქონდა. იგი რამდენჯერმე დაქორწინდა. ჰყავს მშვენიერი ბიჭი - მაქსიმე ჩარკვიანი, მას და ქეთათოს ჰყავთ შესანიშნავი გოგონა პატარა - ნანა...
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)