"გარდაუვალია: ივანიშვილის რეიტინგი დავარდება, ყველა დაპირების შესრულება ძნელი აღმოჩნდება."
"გამარჯვებაა, როცა შენც და სხვაც ხართ გამარჯვებულნი"
"მონანიება მაღალი კატეგორიაა, უმაღლესი ვაჟკაცობაა და ფაქტია, ჩვენს რეალობაში ვერ სწვდებიან..."
"ივანიშვილმა თავხედური და ამპარტავნული მთავრობა მოაშორა ქვეყანას"
ქართველი ერის დოსიე - "ჰარი ჰარალე ურარტუული სიტყვაა და "ღმერთო, მომეცის" ნიშნავს"
ბოლო ხანს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში საზოგადოებისა და პიროვნების პრობლემები. ფაქტია, რომ არაერთი საკითხია მოსაგვარებელი. თითოეული მათგანის მიხედვა დროსაც მოითხოვს, მოთმინებასაც და გონიერ დაგეგმვასაც... ჩვენ დროც ცოტა გვაქვს, მოთმინებაც დაგველია და... მგონი, სრულიად დაუგეგმავად ვიქცევით. ასეთ სიტუაციაში საინტერესოა, როგორია ადამიანისა და საზოგადოების რესურსი, რა პოტენციალია ჩვენში და რა პოტენციალს ფლობს ხელისუფლება. გვესაუბრება ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის თავმჯდომარე, პროფესორი ნოდარ სარჯველაძე:
- ცხოვრება ვითარდება, მიდის... ხშირად ხდება რაღაც ისეთი, რაც მის მდინარებას გზას უკეტავს - აი, ეს არის პრობლემა. ადამიანისთვის პრობლემა შეიძლება იყოს უფულობა ან უბინაობა, სეტყვა, რომელმაც გლეხს მოსავალი წაართვა, ან სულაც - სიზარმაცე... პრობლემის წყარო შეიძლება იყოს გარე ფაქტორიც და შენშივე არსებულიც... მთავარია, ის დავინახოთ, როგორც გამოწვევა, მიზნად დავისახოთ, რომ გადავწყვიტოთ, გადავჭრათ და არ დავაგროვოთ პრობლემები. დააკვირდით, თვითონ სიტყვა "გადაწყვეტა", "გადაჭრა" მოიცავს წყვეტის, ჭრის შინაარსს. რაღაც უნდა დამთავრდეს, თორემ პრობლემებს თვითზრდისაკენ აქვთ მიდრეკილება და ბოლოს შეუძლიათ ნიაგარის ჩანჩქერის სიმძლავრის ნაკადად იქცნენ. ასე ხდება როგორც ინდივიდთან დაკავშირებით, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. ამ მდგომარეობას "ნიაგარის კომპლექსი" ჰქვია და შეესაბამება უფსკრულის პირას მდგომ საზოგადოებას.
- და დღეს ჩვენი საზოგადოება ნიაგარის კომპლექსის მატარებელია?
- საუბედუროდ, ჩვენი საზოგადოება მიჩვეულია პრობლემების დაგროვებას და მათი მოგვარების გადადებას. მოგეხსენებათ, საბჭოთა დრო პრობლემების აკუმულირების პერიოდი იყო - მაშინდელი პრობლემის შედეგია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დღევანდელი მდგომარეობა. შევარდნაძეც პრობლემების დაგროვების დიდი ხელოვანი იყო, სააკაშვილიც ასევე აგროვებდა და არ წყვეტდა, მეტიც, ყრუ აღმოჩნდა მოსახლეობის საჭიროებების მიმართ - აშენებდა მრავალსართულიან სასტუმროებს, მაშინ, როცა სულ სხვა იყო მოქალაქეების მოთხოვნა... ამიტომაც არის დღეს ჩვენი საზოგადოება მძიმე დღეში...
მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ასეთი რამ: ბიოლოგებმა ჩაატარეს ცდა: ბაყაყი ჩააგდეს ცხელ წყალში, ის მაშინვე შეეცადა ამოხტომას. მეორე ბაყაყი ჩასვეს ნორმალური ტემპერატურის წყალში და ცოტ-ცოტას უმატებდნენ ტემპერატურას. ისე მოიხარშა, არც განძრეულა. ეს მკაფიო ნიმუშია, თუ ადამიანი (საზოგადოება) ორიენტირებულია შეგუებაზე, აუცილებლად ჩაეფლობა ჭაობში, რომელსაც ჰქვია პრობლემების დაგროვება. ხომ ფაქტია, რომ დღეს ადამიანთა დიდ ნაწილს ცვლილებებისა ეშინია.
ცნობილმა ფსიქოლოგმა დევიდ მაკლელანდმა გამოიკვლია სხვადასხვა საზოგადოება. აღმოჩნდა, რომ განვითარებულ ქვეყნებში 75% ელტვის წარმატების მიღწევას და პრობლემების გადაწყვეტას, განვითარებადში - დახმარების და მხარდაჭერის მიღებას. დასავლეთში ორიენტირებულები არიან წარმატებაზე, ჩვენთან - დახმარების მიღებაზე.
ამ მდგომარეობას ფსიქოანალიტიკოსმა, ფროიდის მიმდევარმა ერიხ ფრომმა რეცეპტული ხასიათი დაარქვა, მე ვარქმევ ჰარი ჰარალეს პრინციპს. ჰარი ჰარალე ურარტუული სიტყვაა და "ღმერთო, მომეცის" ნიშნავს. ეს ახალი ტენდენცია არ გახლავთ... ქართველი მღერის კიდეც: "რად გამაჩინე, თუ გამაჩინე, გადამარჩინეო"... ღმერთს იქით ადებს ვალს...
ეს დამოკიდებულება აისახება ეკონომიკაში, პოლიტიკაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში. არჩევნებზე ივანიშვილს ხმა უმრავლესობამ იმიტომ მისცა, რომ მილიარდერია და დამეხმარებაო... საკუთრივ იმედი კარგი რამ არის, მაგრამ ხან დამღუპველია, თუ სულ დახმარების იმედზე იქნები, ისე მოგივა, როგორც იმ ბაყაყს, წყალში რომ ჩაიხარშა...
- შედარებით იოლია, კაცმა საკუთარი პრობლემა დაინახოს და დაარქვას სახელი: სიცივე, შიმშილი... მაგრამ საზოგადოებრივი პრობლემების დანახვა, პრიორიტეტების გამოყოფა უჭირთ ადამიანებს. ეს იმისი ბრალია, რომ განვითარებადი ქვეყანა ვართ და ჯერ კიდევ ვერ მივედით საზოგადოების ფორმირებამდე?
- საზოგადოების მიერ პრიორიტეტების დასახვა იწყება ინდივიდისგან. პრიორიტეტების გამოყოფის დროს გამმიჯნავი პრინციპია საჭიროება და სურვილები... საჭიროებას უნდა მიეცეს უპირატესობა, მერეღა ხდება აქტუალური სურვილთა სფერო. ამ პრინციპზეა აგებული ადამიანთა უფლებების დეკლარაცია. რა ხდება ჩვენთან? კაცს ჯიბეში ფული არ აქვს და აიფონს ყიდულობს. ასეთი საზოგადოება დამრეკავი კი არა, გარეკილია. თუკი სუბიექტი, ნაცვლად საჭიროებებისა, ორიენტირებს სურვილებზე გააკეთებს, ბუნებრივად დაატყდება თავს კატასტროფა...
- ლოგიკურად, ასეთი საზოგადოება საფრთხეს ვერ დაინახავს, არადა, პირველი საჭიროებაა, იცოდე, სად არის საფრთხე...
- გეთანხმებით, მაგალითად, 17 მაისის მოვლენები, ლგბტ-ის აქციის საწინააღმდეგო გამოსვლა. ჩვენ ირგვლივ გაცილებით რთული პრობლემებია, არ არის სწორი, ამხელა რეაგირება მოახდინო ასეთი ფორმით და შემდეგ ამ საქციელით ახალი პრობლემები შვა შენსავე გარემოში... რას იზამთ, ამ ეტაპზე ასეა ჩვენი საზოგადოების საქმე...
- რაკი ამბობთ, "ამ ეტაპზეო", ცხადია, სხვა ეტაპის მოლოდინიც გაქვთ.
- პროგნოზის გაკეთება მიჭირს, მაგრამ სიმბოლოს სახით ხშირად მოაქვთ მაგალითი, მოსეს 40 წელი რომ დაჰყავდა თავისი ხალხი უდაბნოში. ეტაპის შეცვლას 40 წელი მაინც უნდა... მინიმუმ ორი თაობა სჭირდება - ერთი საუკუნე ხუთთაობიანია. 1991 წელს თუ ავიღებთ ამოსავლად, კიდევ ოცი წელი გვჭირდება... მაგრამ ეს მინიმუმია. შეიძლება არსებობდეს მაქსიმუმი. 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩვენს ცხოვრებაში კარგი რამ მოხდა - ხელისუფლების ცივილიზებული გადაბარება. საუკეთესო შედეგი მივიღეთ, თუ არ გავითვალისწინებთ, რომ ურთიერთგანადგურების ტენდენცია გამეფდა. "ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია, თუ "ნაციონალებს", როგორც კლასს, სრულიად განდევნის, მოსპობს.
- თქვენ შეგეკამათებიან და გეტყვიან, რომ მოსპობა არ არის ის, რომ დაუსჯელობის სინდრომის წინააღმდეგი იყო, ითხოვდე სამართლიანობას.
- სამართლიანობის აღდგენა აუცილებელია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ასევე აპელირებდნენ საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ და რობესპიერს თავი გააგდებინეს. ნებისმიერი რევოლუციის დროსაც აპელირებენ სამართლიანობაზე... თუმცა, კოაბიტაციას დრო სჭირდება...
- ურთიერთგაგებას მარტო დრო კი არა, პროცესი სჭირდება - ღირსების აღდგენისა და მონანიების პროცესი. რას დააბრალებთ, როგორც ფსიქოლოგი, რომ არ დამდგარა მონანიების არც ერთი პრეცედენტი?
- მონანიება მაღალი კატეგორიაა. რელიგია ატარებს თავის თავში ამ კატეგორიას, სამოქალაქო საზოგადოებაში კი ის წამყვანი ცნება არ არის.
მონანიება უმაღლესი ვაჟკაცობაა
და ფაქტია, ჩვენს რეალობაში, სავარაუდოდ, ვერ სწვდებიან...
ჩვენნაირ საზოგადოებას ჩვევად აქვს დამნაშავის ძებნა. ამას ლოკუს კონტროლი ჰქვია ფსიქოლოგიაში - ადამიანთა ნაწილი გარე მოვლენებს აკისრებს პასუხისმგებლობას, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, მოქმედებს სოციალური შედარების კომპონენტიც, - მე რატომ ვაღიარო და მოვინანიო, როცა ის უფრო დამნაშავეა?
- არის თუ არა ასეთი მიდგომა შემაფერხებელი სახელმწიფოს შენებაში?
- "ნაციონალების" ჯიუტი არმონანიებითი დამოკიდებულება ძალიან შემაფერხებელია. "ოცნების" მხარის ნაკლოვანებაა ამ ფაქტზე პედალირება... როცა ორიენტირებული ხარ გამარჯვება-დამარცხების მოდელზე, ეს სულაც არ არის გამარჯვება. გამარჯვებაა, როცა შენც და სხვაც ხართ გამარჯვებულნი.
- როგორ უნდა მოიქცეს "ქართული ოცნება"? თვალი აარიდოს, არ შეიმჩნიოს, რომ უამრავ კითხვაზე პასუხია გასაცემი?
- მთავარი სწორი ქმედებაა და არა დემონსტრირებაზე ორიენტირება. ჩვენთან ყველა ეკეკლუცება ერთმანეთს, ივანიშვილს. არავინ მიმართავს თავის თავს, არ თვლის საჭიროდ, რომ მართალი იყოს თავისი თავის წინაშე.
- თქვენს სიტყვებს ჩვეულებრივი მოქალაქე კიდევ ერთ დასტურად მიიღებს, რომ ხალხზე არავინ ფიქრობს, ყველა კეკლუცობს და ადამიანები დარჩნენ იმედგაცრუებულნი.
- იმედგაცრუება შენი პრობლემაა. მთავრობის იმედი კი არ უნდა გქონდეს, საკუთარი თავის იმედით უნდა იცხოვრო.
- თუ ადამიანს არ აქვს კაპიტალი, ვერ იწყებს საქმიანობას, არ არსებობს სამუშაო ადგილები... ხშირად ამბობენ, იდეა მაქვს, მაგრამ განხორციელების პირობა არ არსებობსო.
- იდეა აუცილებლად პოულობს თავისი თავის რეალიზებას. თვითონ ივანიშვილი იყო ღარიბი ბიჭი და გახდა მილიარდერი. რატომ? იმიტომ რომ ეძებდა რესურსებს, რომ გამკლავებოდა პრობლემებს.
- ივანიშვილს რამდენად დაეხმარება ეს აზროვნება სახელმწიფოს მართვაში?
- ივანიშვილმა უკვე შესანიშნავი როლი შეასრულა: თავხედური და ამპარტავნული მთავრობა მოაშორა ქვეყანას. მის მომავალს პოლიტიკაში სკეპტიკურად ვუყურებ. ვიცი, მასაც გააზრებული აქვს საკუთარი პერსპექტივა, ამიტომაც თქვა, - მალე წავალ პოლიტიკიდანო...
- რა არის თქვენი სკეპსისის მიზეზი?
- გამოცდილება, რაც მან დააგროვა ბიზნესში... ეს არ არის სახელმწიფოს მშენებლობის სამენეჯმენტო უნარები.
მიჭირს ოპტიმიზმის გამოთქმა. გარდაუვალია: მისი რეიტინგი დავარდება, ყველა დაპირების შესრულება ძნელი აღმოჩნდება.
- რატომ, ვერ გათვალა?
- არჩევნებს სჭირდება ბევრი დაპირება, მათი შესრულება რომც იყოს შესაძლებელი, მაშინაც დაუვარდება რეიტინგი. ადამიანი მადლიერი არასოდეს იქნება. არის ვინმე მადლიერი, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ გზები დააგო? უნდა დაეგოო, ამბობენ...
- სწორი არ არის? არ უნდა დაეგო?.. ხელფასს იღებდნენ და საქმეც უნდა გაეკეთებინათ.
- გასაგებია, მაგრამ რეიტინგი ყოველთვის არ არის გაკეთებული საქმის პირდაპირპროპორციული, მოლოდინი გაცილებით მეტისაა... ამას ფსიქოლოგიაში ადაპტაციის დონეს ეძახიან. სანატრელი ქალი ხდება ცოლი და გარკვეული ხნის შემდეგ - რიგითი... ადამიანი ბედნიერებასაც კი ეგუება და აღარ განიცდის. ადაპტაციის დონის პრინციპი მუშაობს. მიეჩვევიან, რაც გაკეთდება, კიდევ მეტს მოინდომებენ და...
- ნიშნავს თუ არა, რომ მისი რეიტინგის გარდაუვალი კლება გამოიწვევს "ნაციონალების" რეიტინგის აღდგენას?
- "ნაციონალების" საქმე წასულია. გამოიკვეთება სხვა ლიდერი. ჩვენს საზოგადოებას განვითარების დიდი პოტენცია აქვს. ჯერ მაჭარია, უნდა დადუღდეს.