აჩიკო გულედანი: "ადამიანი თუ თავის სახლში მოწევს, რატომ უნდა დავუშალოთ?"
თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე მუსიკოსი აჩიკო გულედანი იყო. მან მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.
- რა მიზეზით შეუერთდით მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მხარდასაჭერ აქციას?
აჩიკო გულედანი:
- არ შეიძლება, ატომური ბომბის დამზადებაზე, გაუპატიურობაზე, მკვლელობაზე უფრო მსუბუქი სასჯელი იყოს, ვიდრე - მარიხუანას მოხმარებაზე. არსებობს ძალიან უცნაური, სულელური კანონი, რომელიც უკვე დიდი ხანია, უნდა შეცვლილიყო. ლაპარაკი არ არის, ასე ვთქვათ, ამ ნივთიერების პროპაგანდაზე. სამედიცინო და "გაეროს" დასკვნებით მსოფლიომ მარიხუანას მოხმარება სხვა კატეგორიაში გადაიყვანა, ბევრგან ეს ლეგალიზებულია. ჩვენ ლეგალიზაციაზე არ ვლაპარაკობთ, აქ საუბარია იმაზე, რომ ხალხი ამის გამო არ უნდა ისჯებოდეს. კი ბატონო, გარკვეულ ადგილებში გარკვეული ადამიანების მიერ მისი მოხმარება არ უნდა ხდებოდეს, ვთქვათ, ავტობუსის მძღოლი, ქირურგი, პარლამენტის თავმჯდომარე "დაბოლილი" არ უნდა იყოს. ადამიანი თუ სახლში ან სადმე თავისთვის მოწევს, რატომ უნდა დავუშალოთ, ვერ ვხვდები.
- თქვენი აზრით, დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში მარიხუანას შემოტანის და მოხმარების საშიშროება არ გაიზრდება?
- მარიხუანას მოხმარება პრობლემა საერთოდ არ არის. ლეგენდა, რომ თითქოს, მარიხუანა მავნეა, ჩემი სიტყვების გამო კი არა, მსოფლიოს ექიმების და ნარკოლოგების გამოცდილებით მტკიცდება, რომ მცდარია. ლაპარაკი მაქვს ნამდვილ ნარკოლოგებზე და არა აქაურებზე, რომლებსაც "მაყუთის" გაკეთება უნდათ და ამიტომ ტვინს ბურღავენ. ეს ძალიან მარტივი რამეა. არ შეიძლება, ინტერნეტის ეპოქაში ვიღაცებმა "დაგვაბოლონ" და გვითხრან, რომ მარიხუანა კლავს, რადგან სტატისტიკით ამისგან გარდაცვლილი ადამიანი არ არსებობს. არსებობს სიკვდილიანობა ალკოჰოლით, სიგარეტით და ა.შ., და არა მარიხუანით. ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ბობ მარლი მას სულ მოიხმარდა. ძალიან ბევრი ადამიანი სისტემატიურად მოიხმარს, ვერ ვხვდები, ეს პრობლემას რატომ უნდა წარმოადგენდეს. პრობლემატური არ არის ადამიანი, რომელიც ყოველდღე არაყს ან ღვინოს სვამს? მასაც უნდა ავუკრძალოთ დალევა?
-არ მიიჩნევთ, რომ მომხმარებლებთან რაიმე სამუშაო უნდა ჩატარდეს, მაგალითად, მკურნალობა?
- არანაირად. ეს სამკურნალო არ არის. ვმკურნალობთ იმ ადამიანებს, რომლებიც 3 ლიტრ ღვინოს და 20 ლიტრ კონიაკს სვამენ? ვისაც უნდა, იმან მოწიოს, ვისაც არ უნდა, არ მოწევს და მორჩა, დამთავრდა. ვიღაც ფორთოხლის წვენს ყიდულობს, სხვას ვაშლის წვენი "ევასება". დროთა განმავლობაში ლეგალიზაციაც შეიძლება, მაგრამ ეს ცოტა ადრეა, რადგან ჩვენ ამისთვის სტრუქტურულად მზად არ ვართ. ლეგალიზაცია, ეს არის გაყიდვა გარკვეულ წერტილებში და საჭიროებას არ წარმოადგენს.რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას - ჩვენ კრიმინალები არ ვართ. როგორც გითხარით, მარიხუანას მოხმარება ატომური ბომბის დამზადებაზე და გაუპატიურებაზე მეტად ისჯება, რაც არასწორია; ის ხალხი, ვინც ეწევა, კრიმინალი არ არის. სამაგიეროდ, კრიმინალი არის ის, ვინც ქუჩაში ხალხს სცემს, ვიღაცას მისდევს და ფიქრობს, რომ უნდა მოკლას, რადგან ის სხვანაირად ფიქრობს და მოსაკლავია. აი, ვინ არის კრიმინალი. მოსაწევის მოწევა დანაშაული არ არის, აი, ამაზეა ლაპარაკი. ძალიან უცნაურია, რომ ქუჩაში ხალხს მოსაკლავად დასდევენ და ამას კრიმინალს არ ვარქმევთ, მარიხუანას მოხმარება კი კრიმინალია. ეს ისეთივე მარტივია, როგორც გამრავლების ტაბულა. გადაეცით "კვირის პალიტრის" მომხმარებლებს, რომ შეუძლიათ, ინტერნეტში კანაბისზე ინფორმაცია მოიძიონ. ყველა ნარკოლოგს არ ეხება, მაგრამ დიდი ნაწილი "მაყუთის" კეთების გამო ტვინს გვიბურღავს. ასეთებს კი არ უნდა დაუჯერონ, "გაეროს" დასკვნას უნდა გაეცნონ. უბრალოდ, ინტერნეტში ჩაწერონ, შეეკითხონ "გუგლს", მარტივია. სხვებს თავი დაანებონ, ისინი აზრზე არ არიან, საერთოდ რა ხდება. ისინი, უბრალოდ, "გვაბოლებენ", ჩვენ კი გვირჩევნია, სხვანაირად "დავბოლდეთ".
ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)