” 4 წლის ბაღანა 11 კილოს იწონიდა, მაგრამ ჩვენი მოფერება მაინც შეეძლო”- გაჭირვებამ 4 წლის გოგონა იმსხვერპლა
ამ დღეებში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, - სოციალური შეჭირვებას ამჯერად ოზურგეთში შეეწირა ბავშვი მსხვერპლად. 4 წლის თამარ ხუციშვილს ძალიან ცუდ დროს მოუწია სიკვდილი, - ავღანეთში დახოცილი ჩვენი ბიჭებზე გლოვის გამო პატარას სიკვდილმა დიდი შეცხადების გარეშე ჩაიარა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ რომ ვიცით, რამდენიმე დღეს ვიხმაურებთ და ისევ მივყუჩდებით, ბავშვის გარდაცვალების გამო ისეთი დონის ხმაურიც აღარ გამოგვივიდა. ეს, როგორც ვთქვი გაჭირვების მორიგი მსხვერპლი იყო. წესით, ასე არ უნდა ყოფილიყო, რადგან არც თუ ისე დიდი ხნის წინ,როდესაც აჭარაში პატარა გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა, ყველა თითქოს შეთანხმდა, რომ სოციალურ სფეროში აუცილებლად მოიძებნებოდა დამატებითი მექანიზმები, რითაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების შვილებს ტრაგედიებისაგან (არა მხოლოდ შიმშილის) დავიცავდით. საუბედუროდ, არავინ იცის ამით ამოიწურება თუ არა ჩვენი მსხვერპლი.
თამარ ხუციშვილის ამბავი კი ზუსტად ისეთივე გარემოში განვითარდა, როგორშიც, ზოგადად მსგავსი ამბები ვითარდება, - ოზურგეთის მიგდებულ უბანში დამპალი, ნესტისაგან შეჭმული, იატაკ და ფანჯრებჩამტვრეული ბინა და დღედაღამ საშოვარზე გასული სამი შვილის მამა, რომლის შრომასაც ხეირი არ აქვს. და, - დედა, რომელიც ასევე უგზოუკვლოდ შრომობს, მაგრამ მისი შრომა არ შეიცავს რესურსს, რომელიც მისი შვილების კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ანუ არც თამარის დედას აღმოაჩნდა ძალა და უნარი დაეცვა შვილების სიცოცხლე იმ უკიდურესი სიღატაკის ფონზე, რაშიც მისი ოჯახი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მას აფრთხილებდნენ, რომ თუ სათანადოდ ვერ უმკურნალებდა და პირობებს ვერ შეუქმნიდა, მისი შვილი მოკვდებოდა, ის გარემოს ვერ გაუმკლავდა.
ნინო ორაგველიძე, თამარ ხუციშვილის მკურნალი ექიმი:
”მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას ამ ფაქტზე, - ბავშვი ფილტვების გართულებები ექვსი თვიდან დაეწყო. რადგან ოჯახი ძალიან გაჭირვებულია, თავიდან სადღაც შოულობდნენ თხის რძეს და იმით კვებავდნენ. მერე სოციალურ დახმარებასთან ერთად ბავშვს კვების ვაუჩერი დაენიშნა და მდგომარეობა თითქოს ცოტა გამოსწორდა, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა, - თამარს სუნთქვითი სისტემის მწვავე პრობლემები აღმოაჩნდა. რამდენჯერც დედამ ჩემთან გართულებული პნევმონიით მოიყვანა, იმდენჯერ ვუთხარი, წავეჩხუბე კიდეც, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა წაიყვანო გამოკვლევებზე, თორემ მოკვდება-მეთქი. დააწვენდა საავადმყოფოში, მაგრამ ბოლომდე არ რჩებოდა, - ერთხელ ბავშვთა სამკურნალო ცენტრიდან შემატყობისნეს კიდეც, გარბისო. ბოლოს ბავშვს იაშვილის სამკურნალო ცენტრში მკურნალობდა. იქ დაუსვეს დიაგნოზი რომ ეს იყო ფილტვების კისტოფიბროზი. რომ დაბრუნდნენ, თითქოს ბავშვი უკეთესად იყო. გამოკვლევებზე კვლავ უნდა წასულიყვნენ, რომ ამ დროს ბავშვს ტემპერატურამ კვლავ აუწია. ამის მიუხედავად შინ ორი დღე დარჩნენ, მესამე დღეს კი დედამ შვილი უკვე გარდაცვლილი ნახა. ამ ამბის გამო იმდენი მაქვს ნანერვიულები, რომ ლაპარაკის თავისც აღარ მაქვს”.
კაკო ხუციშვილი, მამა:
” არ ვიცი რა ვქნა. ჩემ დღეში ნურავინ ჩააგდოს ღმერთმა. ჩემი ცოლი ისედაც ნერვიულია, ახლა სულ გაგიჟდა უბედური. რაც შეეძლო შვილებს თან ყვებოდა. წყალი ეზოში გვაქვს და მთელი რამე იქ რეცხავდა, რომ ბავშვები სუფთად გვყოლოდა. ჩვენ საცხოვრებელს ვინც ნახავს, თვალებზე იფარებს ხელს, რა უბედურებაში ცხოვრობთო. რა ვქნა, მეტი ვერ ვქენი,შრომით თავი არ დამიზოგავს, ყველაფერზე ვმუშაობ, რასაც მეტყვიან, მაგრამ მეტი ვერაფერი მოვახერხე, მარტო საჭმელი მიმაქვს შვილებისთვის. სხვა, უბედური კაცი ვარ. - ეს მეორე შვილი მომიკვდა უკვე. დაწყევლილი ვარ ალბათ, - პირველი ცოლი ავადმყოფი მყავდა და მომიკვდა. მისგან ორი შვილი დამრჩა. გოგო და ბიჭი. გაჭირვებაში რომ იზრდებოდნენ, ერთმა ოზურგეთელმა მამაომ მითხრა, ბათუმში წავიყვან, მონაზვნები გაზრდიან და გზაზე დაგიყენებენო. ვნახე იქაურობა, მომეწონა, გავუშვი. თან ჰყვებოდნენ ჩემს შვილებს, რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, აწი აღარაფერი მიჭირს, გაიზრდებიან და მიშველიან-მეთქი. კი არა, მეორე ცოლი რომ შევირთე და ისევ გაჭირვებაში ვიყავი, თავისი პატარა და-ძმის წაყვანაც უნდოდათ მონასტერში, - მაგრამ ჩემმა ცოლმა არ ქნა, - ამათ გარეშე ვერ ვიცხოვრებ, რომ მოვკვდები თუ გინდათ მერე წაიყვანეთო. ამასობაში რომ ვნახე ჩემმა მარიამმა მითხრა, მამა რაღაც თავი მტკივაო და თურმე მენინგიტი დამართმნია ბავშვს. მონაზვნები კინაღამ გადაჰყვნენ მის სიკვდილს. ახლა თამარიც მომიკვდა.
- მკურნალი ექიმი ამბობს, რომ ბავშვს ქრონიკული დაავადება ჰქონდა, რომელიც უმწვავდებოდა, მაგრამ სამკურნალო ცენტრში მისი მკურნალობა თქვენს მეუღლეს ბოლომდე არასოდეს მიჰყავდა.
- რა მკურნალობა იყო, არ ვიცი, მარტო ნემსებს უკეთებდნენ ოთხი წელიწადი. არადა თვეების იყო, ზურგზე ყურს რომ დაადებდი და ბრონქებიდან ხმაური გამოდიოდა. თბილისში რომ ვმკურნალობდით, იაშვილის საავადმყოფოში, იქ ამოუღეს ფილტვებიდან ჩაგროვილი ჩირქი და დიაგნოზიც გვითხრეს. 29 აპრილიდან 17 მაისამდე იქ ვიყავით ამ საავადმყოფოში მე და ჩემი ცოლი. ასი ლარი მოგვცა ოზურგეთის გამგებელმა და იმით წავედით. მკურნალობაში ფული არ გვჭირდებოდა, სოციალური პოლისი გვაქვს, მაგრამ საჭმელი დაგვჭირდა, ”სტაიანჩიკები” გავიცანი თბილისში და ღამე ისინი მამუშავებდნენ და იმით საჭმელს ვყიდულობდი. ძვირია საჭმელი. მერე ექიმებმა, - უკვე 17 დღე ვუმკურნალეთ, აწი თუ აქ დარჩებით ფული უნდა გადაიხადოთ, ამიტომ ახლა წადით და ისევ ჩამოდითო. წამოვედით. ისედაც უკეთ იყო ჩემი შვილი და მიხაროდა. თურმე რა დღეში ყოფილა. რა უნდა ვქნა აწი? თამარიც თბილი შვილი მყავდა. ხომ სულ ავად იყო, 4 წლის ბაღანა 11 კილოს იწონიდა, მაგრამ ჩვენი მოფერება მაინც შეეძლო. წინა ღამეს, სანამ მოკვდებოდა. დამიძახა, გვერდზე ხელი დაიდო, - მტკივა ბაბაო, მერე დედამისს დაუძახა. ორივეს ხელი მოგვხვია და ჩაგვიხუტა. გული უგრძნობდა ალბათ რამეს. იმ ღამეს დედამისი მასთან იწვა, სიცხე ჰქონდა. მეორე დილით მძინარი ეგონა და თურმე შვილი არ მოგვკვდომია! ჩემი ცოლის ნათესავები მოვიდნენ, - თამარს ვნახავთ, რაფერაოო. მივიდა დედამისი და უკვე მკვდარი იყო. მაგრამ თვალები ჰქონდა გახელილი. არ ვიცი, რა სასწაული იყო, მაგრამ მიცვალებულა ბავშვმა მაშინ დახუჭა თვალები, ბებია და ბაბუა რომ დაადგა თავზე. თითქოს ყველა რომ ნახა დამშვიდდა და ისე წავიდა იმ ქვეყნადო. ნეტა მეც წავიდოდე, რამდენი ხანია ამას ვამბობ გულში და აქამდე ხმამაღლა თქმას ვერ ვბედავდი.
- ამ უბედურების გამო თუ თქვენც გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემა?
- ყველაფრის გამო. ორი წელიწადია ცალი თვალი დამიბრმავდა, ჩირქი მომდის და ოპერაცია რომ გამიკეთონ ალბათ მოვრჩები, მაგრამ ექიმმა, - პოლისით რომ გაიკეთო ოპერაცია იმხელა რიგებია ექიმებთან, მაგას აზრი მაინც არ ექნებაო. ჩემი თავი მეზიზღება.
- რას ბრძანებთ... ასე არ არის. თანაც თქვენს დანარჩენ შვილებს ეს ნამდვილად არ ენდომებათ...
... ამის შემდეგ გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამამ ჩემთან საუბარი შეწყვიტა. აღარც მე მიცდია. არ ვიცი როგორ გამომივიდა მისი მძიმე საფიქრალის გადმოცემა, მაგრამ ვიცი რომ, ის უკანასკნელი არ იქნება, ვის გასაჭირსაც საზოგადოებას ვუზიარებ( ნიკოლოზ ხუციშვილთან დაკავშირება შეგიძლიათ ტელეფონით: 557511622). ეს ძალიან ცუდია. უფრო უარესი კი ის არის, რომ სახელმწიფო არ ფიქრობს როგორ იხსნას ასეთი ოჯახების ბავშვები სიკვდილისაგან და ჩვენ მას ამის ნებას ვაძლევთ.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)