"პატრიარქმა სიყვარულით გამაფრთხილა, თავში არ აგივარდესო" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"პატრიარქმა სიყვარულით გამაფრთხილა, თავში არ აგივარდესო" (ექსკლუზივი)

"ყველაზე მეტად ბატონი გია თურმე თვალებს აკვირდებოდა და როგორც მითხრა, ყველაზე მეტად ჩემმა თვალებმა დააინტერესა. ამბობს რომ სიონის ეკლესიაში ხატზე გამოსახულ წმინდა ნინოს ვგავარ. ამას სხვებიც ამბობენ" - ამბობს ნიცა კაპანაძე, რომელმაც წმინდა ნინო უნდა განასახიეროს.

- რა თქმა უნდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, წმინდა ნინოს განსახიერება რომ მომიწევს. თავიდან უარი ვთქვი, რადგან შიშის გრძნობა დამეუფლა... ახლა ყველაფერი გაანალიზებული და გათვითცნობიერებული მაქვს...

- 4000 გოგონადან არჩევანი თქვენზე შეაჩერეს, ეს ალბათ დიდი პატივია...

- დიახ... რეჟისორი - გია კერესელიძე ორი წლის წინ ფარულ კასტინგს ატარებდა. მახსოვს, ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავდა და მეკითხებოდა, რატომ არ ვიღებდი მონაწილეობას. შემდეგ ფილმის ერთ-ერთმა მონაწილემ - ლილიკო ელბაქიძემ შემთხვევით ნახა ფეისბუქში ჩემი ფოტოები და ბატონ გიას აჩვენა. მერე ლილიკო დამიკავშირდა და მითხრა, ბატონ გიას ძალიან მოეწონა შენი ფოტოები, იქნებ მოხვიდე და სინჯები ჩაწეროო... მე უარი ვთქვი, როგორც მოგახსენეთ პასუხისმგებლობის მეშინოდა. შემდეგ ლილიკომ კიდევ დამირეკა, მე ჯერ ჩემს მოძღვარს, მამაო ალექსის ვკიტხე, შემდეგ მამაო სერაფიმემ მომცა კურტხევა, რომლის გაზრდილიც ვარ ფაქტიურად...

- ალბათ რეჟისორმა გაგანდოთ თუ რამ გამოიწვია თქვენს მიმართ ასეთი ინტერესი?

- ყველაზე მეტად ბატონი გია თურმე თვალებს აკვირდებოდა და როგორც მითხრა ყველაზე მეტად ჩემმა თვალებმა დააინტერესა. ამბობს რომ სიონის ეკლესიაში ხატზე გამოსახულ წმინდა ნინოს ვგავარ. ამას სხვებიც ამბობენ... ბატონი გია მიყვებოდა, სიონის ეკლესიაში წმინდა ნინოს ხატთან ვლოცულობდი და ვთხოვდი - წმინდაო ნინო, გამომიგზავნე ის ადამიანი, ვინც შენ გსურსო... ორი წლის შემდეგ რომ დამინახა, სიხარულის ვერ მალავდა, ზურა ბეგალიშვილი კი, რომელიც ფილმში წარმართის როლს ასრულებს, ხშირად ამბობს, ნიცა რომ პირველად დავინახე, პირჯვარი გადავიწერეო...

- ჯერ მხოლოდ 16 წლის ხართ, ამ როლმა შესაძლოა მთელი თქვენი ცხოვრება შეცვალოს, ამისთვის მზად ხართ?

- ვიცი, რთული იქნება, სხვანაირად მომიწევს ცხოვრება, მაგრამ ეს ყველაფერი გაანალიზებული მაქვს და მზად ვარ... ისიც მესმის, რომ გადაღების პროცესიც ურთულესია, მაგრამ ფილმის გამოსვლას რა სიხარულიც ახლავს, ესეც წარმომიდგენია. ძალიან გვერდში მიდგას ჩემი მოძღვარი და მეუფე სერაფიმე, ალბათ ისინიც მაძლევენ ძალას რომ გავუძლო ამ ყველაფერს. დიდი შემართებით ვარ, გადაწყვეტილი მაქვს, ფილმში რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, თავდადებით და კარგად შევასრულო.

- თქვენ პატრიარქს მოეწონეთ, როგორი იყო თქვენი შეხვედრა?

- ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ბევრი ადამიანი ნატრობს, პატრიარქმა დალოცოს და ბატონ გიას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, მე რომ პატრიარქმა დამლოცა. უწმიდესისგან საჩუქრად ბეჭედი მივიღე, რომელსაც სულ ვატარებ და მომავალშიც ასე იქნება... პატრიარქმა მითხრა, რომ ძალიან მოვეწონე და სიყვარულით გამაფრთხილა - თავში არ აგივარდესო... მისი სურვილი იყო წმინდა ნინო მსახიობს არ ეთამაშა, მე მსახიობობაზე არც მიფიქრია და რა თქმა უნდა პატრიარქის კურთხევას არასოდეს დავარღვევ.

- რამდენად ეკლესიური ხართ?

- 7 წლიდან ვმარხულობ. ძალიან ეკლესიურ ოჯახში გავიზარდე. ჩემი ნათლობის სახელი ნინოა. დამთხვევებიც არის - წმინდა ნინოც 16 წლის იყო პირველად საქართველოში რომ შემოვიდა, მეც 16 წლის ვარ...

- თქვენი დღის წესრიგი მთლიანად შეიცვლება, როგორ აპირებთ ერთმანეთს შეუთავსოთ სწავლა და გადაღებები?

- მეათე კლასში ვარ, ყველა საგანში უმაღლესი ქულები მაქვს, მაგრამ შეგუებული ვარ, რომ გადაღების დროს სკოლიდან გამოსვლა მომიწევს... რამდენიმე ენას ვფლობ და ფილმისთვის უნდა ვისწავლო ბერძნული, ებრაული და ცოტა ლათინურიც. სპეციალური ჯგუფი იქნება, რომელიც ტექსტებს მომამზადებინებს...

- ფილმს ალბათ დიდი მომავალი ელის...

გიორგი კერესელიძე, რეჟისორი -

"ფილმი მსოფლიო მასშტაბით გავა, ყველგან, სადაც ქრისტიანები არიან. ვიმედოვნებთ, რომ ფილმს დიდი პოპულარობა ელის, რადგან მოქმედება ხდება მეოთხე საუკუნეში, ამ დროს კი ქრისტიანები ერთად ვიყავით, ერთი ეკლესია გვქონდა, განხეთქილებები არ იყო... გვაწუხებს, დღეს რომ ანტიქრისტეს პროპაგანდა გახშირდა კინოში. არსებობს ფილმები, სადაც უფალს დასცინიან. ამიტომ ჩათვალა უწმიდესმა, რომ ეს ფილმი არის დროული, საჭირო და აუცილებელი... ქართველ ინვესტორებს ვეძებთ, გვინდა ფილმი სრულიად ქართული იყოს. ქართველ ბიზნესმენებსაც უნდა სურდეთ ამხელა მნიშვნელობის ფილმის შექმნაში მონაწილეობა მიიღონ... ალბათ ახლო მომავალში გაიხსნება "წმინდა ნინოს" ფილმის ფონდი, სადაც ყველა ქართველი შეძლებს რისი საშუალებაც აქვს, თუნდაც ერთი ლარი შეიტანოს. ეს იქნება ფილმი, სადაც მთელი საქართველო მიიღებს მონაწილეობას და იმედია, ყველა ქართველი ფილმით ვიამაყებთ.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)