"ყვავილების დაკრეფით მიიტყუა ბავშვები " - გურჯაანში 65 წლის პედოფილი ლინჩით გასამართლებას გადაურჩა
საზოგადოების ერთი ნაწილი პედოფილიის გახშირებულ შემთხვევებს ციხიდან დამნაშავეთა მასობრივ ამნისტირებას მიაწერს, თუმცა შემთხვევა რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში მოხდა, სულაც არ ყოფილა ამ მოვლენის შედეგი, - 65 წლის ხანშიშესულმა მამაკაცმა 4 წლის გოგონას გაუპატიურება ბავშვის 10-ოდე მეტრში მყოფ მშობლების სიახლოვეს მოინდომა. უფრო მეტიც, მსხვერპლის სამი წლის და ამავე ოთახში იდგა და გაოგნებული შესცქეროდა, როგორ აშიშვლებდა სექსუალური მანიაკი მის დას.
მომხდარის შესახებ ამ ფაქტის უნებლიე მოწმეებმა, ძალადობის მსხვერპლის მეზობლებმა გვიამბეს. ისინი არა მხოლოდ მომხდარით არიან შეძრწუნებულები, არამედ პანიკურ შიშს განიცდიან საკუთარი შვილების მომავალზე ფიქრისას. ამასთანავე, ყველა მათგანმა გვთხოვა მისი პიროვნება ინკოგნიტოდ დაგვეტოვებინა. ამ თხოვნას ვასრულებთ. თუმცა აქვე დავძენთ რომ დუმილი მსგავს მოვლენებზე დანაშაულია. შევეცდებით, მათი მონათხრობით სიტუაცია დეტალურად აღვწეროთ, - მომხდარის გათვალისწინება ერთადერთი გარანტია, ბავშვები მსგავსი უბედურებისაგან დავიცვათ.
აკაკი დ.:
- გთხოვთ, სწორად გამიგოთ, მაგრამ ვინაობის გახმაურებას ისევ იმ მეზობლის გამო ვერიდებით, რომლის შვილები ამ უბედურებაში აღმოჩნდნენ, არ გვინდა ამ ბავშვების დედ-მამამ იფიქროს, რომ ვიღაცას მათ უბედურებაზე ლაპარაკი სიამოვნებს. ისედაც საცოდავი ოჯახია, ბავშვების მამა ობლობაში გაიზარდა, გოგონების გარდა მესამე შვილი ბიჭიც ჰყავთ და მატერიალურად ძალზე უჭირთ. როცა ეს ფაქტი გახმაურდა ბავშვების დედა ტიროდა, ალბათ ამ კაცმა ასეთი რამ იმიტომ გაგვიკეთა, რომ ჩვენი არ ეშინია, იცის რომ რაც ეკუთვნის, იმ პასუხს ვერ გავცემთო. რომ დავფიქრდით, შეიძლება ასეც იყოს, თორემ იმ დროს იქვე სხვა ბავშვებიც თამაშობდნენ, ყველა ყვავილებს კრეფდა და რატომ სხვას არ უთხრა ამ ნაძირალა ავხორცმა, შემოდით ჩემს ეზოში, ჩემს ყვავილებს დაგიკრეფთო! ყვავილების დაკრეფით მიიტყუა ბავშვები...
- რა მოხდა, კონკრეტულად?
- რაც მოხდა, დღისით და მზისით მოხდა. ამ კაცის სახლის წინ სოფლის წინ "ბირჟაა" და სწორედ ამ "ბირჟაზე" იჯდა ამ ბავშვების დედა სხვა ქალებთან ერთად. სოფლის ბავშვები იქვე თამაშობდნენ და ყვავილებს კრეფდნენ. ეს ბებერი ავხორცი სახლიდან გამოვიდა და ამ პატარა დებს უთხრა, წამოდით, მე დაგიკრეფთ ეზოში ვარდებსო, - მაგის დედას ყვავილები უყვარდა და რომ მოკვდა, ვარდებით სავსე ეზო დაუტოვა ამ ნაძირალას. დედამაც გაატანა, იქვე 8-10 მეტრშია ამ კაცის სახლი. რანაირად უნდა ეფიქრა, რომ ის მოხდებოდა, რაც მოხდა, - იმ არაკაცმა უფროსი და, 4 წლის ბავშვი გააშიშვლა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. პატარა და კი თურმე ამას შეყურებდა. მთელი სოფელი ჭკუდან ვართ გადასული, შვილებს ვეუბნებით, ვინც არ უნდა დაგელაპარაკოთ, საკუთარი ნათესავი რომ იყოს, არ გაუჩერდეთო. ეს არის ცხოვრება?
- დედა როდის შევიდა ამ კაცის სახლში შვილების გამოსაყვანად, დააგვიანა?
- როცა მიხვდა, რომ ბავშვები უკვე გამოსულები უნდა ყოფილიყვნენ ეზოდან და არსად ჩანდნენ, არ დაუძახია, ისე შეაღო კარი და მისი შვილები ამ დღეში დახვდა, - შიშველი შვილი ამ არაკაცს ჰყავდა ჩაბღუჯული. აქტი ჯერ არ იყო მომხდარი, მაგრამ ეს ნაკლები უბედურებაა? ამ ქალს მაშინვე არაფერი უთქვამს, შესწრებისთანავე რომ ეკივლა, ის ბინძური უკვე სოფლის ხელით იქნებოდა მკვდარი. მაგრამ არ თქვა, ორი დრის შემდეგ უთხრა მეზობელს და მაშინ ატყდა ერთი ამბავი.
- ალბათ იმიტომ არ თქვა, რომ როგორც ხდება ხოლმე, საკუთარი შვილის სახელის შელახვას მოერიდა. მერე კი როცა დაინახა, რომ მისი შვილების შეურაცმყოფელი თავისუფლად დასეირნობდა, ვეღარ აიტანა...
- სწორია, მერე?! ეს უბედურება რომ მოხდა, ახლაღა წამოცდა ერთს უბანში, მაგ კაცს ადრეც ჰქონდა ბავშვის გაუპატიურების მცდელობა, მაგრამ მაშინ ჩაიფარცხაო. მაშინ რომ ეთქვათ, ეს ხომ აღარ მოხდებოდა!
დავით ო.:
- აღნიშნული პიროვნება ნამდვილად არ არის ნაციხარი, რომ ეს ამბავი დავაბრალოთ, - აი, ციხიდან რომ გამოუშვეს, დანაშაული იმიტომ ჩაიდინაო. უცოლოა და უშვილო. ცოლი ჰყავდა, მაგრამ გაექცა. ერთი ძმა ჰყავს და იმასაც არ აინტერესებდა მაგის ამბავი. მეზობლებს ეხმარებოდა დღიურ სამუშაოზე და ამაში იღებდა ფულს. იმისთანა სიბინძურეში ცხოვრობდა, ადამიანი მის სახლში დიდხანს ვერ გაჩერდება, მაგრამ ამას თუ ჩაიდენდა, ვინ იფიქრებდა! ახლა ლაპარაკობენ უბნის ქალები, ისიც კი არ შეგვიმჩნევია, რომ ბინძურად გადმოგვხედა, თორემ ხომ გავფრთხილდებოდით და ის საცოდავი ქალი ბავშვებსაც არ გაატანდა ყვავილების საკრეფადო.
- აბა, ასეთი საშინელება სრულიად საღ-სალამათმა კაცმა ჩაიდინა?
- რაღაც პერიოდი ლოთობდა და ამაზე მკურნალობდა. მაგრამ ბოლოს ღვინოსაც აღარ სვამდა. ეს რა საინტერესოა? მთავარი ის არის, რომ უნდა მოგვეკლა, მაგრამ რომ ვცემდით, პატრული და სასწრაფო მოვიდა და იმან წაიყვანა. ისე წაიყვანეს, სულ დასისხლიანებული იყო. პოლიციამაც ეგ გვითხრა, - რატო ჩვენს მოსვლამდე არ მოკალითო. ვერ მოვასწარით. მაგრამ ამ სოფელში აწი ვერც მაგის ძმა და მისი ოჯახი დადგამენ ფეხს. ეგენიც მაგის ჯიშის არიან და რა ვიცით, რას იზამენ."
პ.ს. ჩვენ გავარკვიეთ, რომ დამნაშავე ყვარლის იზოლატორშია გადაყვანილი. მისი 4 წლის მსხვერპლი თავს კარგად გრძნობს და რაიმე ფსიქიკური გადახრები არ აღენიშნება. ასევე ჯანმრთელია მისი 3 წლის დაც, - საბედნიეროდ, ასეთ ასაკში მიღებული ფსიქიკური ტრამვების ფსიქიკიდან აღმოფხვრა შესაძლებელია. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ბავშვების მშობლებზე, რომლებსაც უზარმაზარი სტრესი აქვთ მიღებული. საუბარს აღარ გავაგრძელებთ საზოგადოების სტრესების შესახებ, რომელიც უფრო და უფრო ხშირად აწყდება მსგავს მოვლენებს.
იმედი გვაქვს, ყველა მსგავსი შემთხვევა აღმოჩნდება გაფრთხილება იმისათვის, რომ ბავშვების დასაცავად ბევრი რამ ახლად გავიაზროთ!
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)