"წელს უპრეცედენტო რაოდენობის, 42 ათასი აბიტურიენტი გვყავს"
"შაშკინთან უთანხმოების ერთ-ერთი თემა ყალბი ატესტატების გაცემაც იყო"
"სტუდენტები 4 გამოცდის შედეგების საფუძველზე მიიღებენ 50, 70 და 100-პროცენტიან დაფინანსებას. გაუქმდა 30%-იანი დაფინანსება"
"ვერ გამიგია, რატომ არ არის საჯარო დისკუსია იმაზე, რამდენი პრობლემის წინაშეა სკოლა. იმის გამო, რომ საბუნებისმეტყველო დარგები XII კლასში აღარ ისწავლება, ჩვენ გვყავს თაობა, რომელსაც საერთოდ არ უსწავლია ქიმია. გვყავს თაობა, რომელსაც არ უსწავლია მსოფლიო გეოგრაფია. ამის მერე მორალური უფლება გვაქვს, რომ ამ ბავშვებს გამოცდები ჩავუტაროთ?", - აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.
- ქალბატონო მაია, მინისტრმა შაშკინმა თანამდებობიდან თქვენი გათავისუფლების მიზეზად "პრინციპული უთანხმოება" დაასახელა.
- შაშკინმა მიიღო ზოგიერთი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მიუღებელი იყო გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის. ამ მხრივ ყველაზე მძიმე ბოლო წელიწადი იყო, როდესაც მინისტრმა ფაქტის წინაშე დაგვაყენა და ტელევიზიით გავიგეთ, რომ საქართველო აღარ მიიღებდა მონაწილეობას საერთაშორისო კვლევებში. პირად საუბარში შაშკინს არ დაუმალავს რეალური მიზეზი, პოლიტიკურად არ მაწყობს, ასეთი დაბალი შედეგები რომ აქვს საქართველოსო. შევთავაზე, მივიღოთ კვლევებში მონაწილეობა, მაგრამ საზოგადოებისთვის საჯარო არ გავხადოთ-მეთქი, მაგრამ ვერ დავარწმუნე. განათლების დონის მიხედვით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა. PISA-ს კვლევებში მონაწილე 70 ქვეყნიდან საქართველო ერთ შემთხვევაში 65-ე ადგილზე გავიდა, მეორეჯერ - 69-ზე. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა კვლევაში, რომელიც მასწავლებლის კვალიფიკაციას ეხებოდა და რეიტინგულ სიაში ბოლო ადგილზე ვართ.
- კვლევების თანახმად, რა იწვევდა განათლებაში სავალალო მდგომარეობას?
- ეროვნული სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოები, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სასკოლო გარემო და ოჯახის ფაქტორი.
შაშკინთან უთანხმოების მეორე მიზეზი გახდა ის, რომ მან გამოგვიცხადა, ერთიანი ეროვნული გამოცდები არ უნდა ჩავატაროთ, რადგან მოსწავლეები ცუდ დღეში არიან, ჯერ 8 გამოცდა აქვთ სკოლაში და მერე 4 გამოცდა უმაღლესში. აჯობებს, გამოსაშვები გამოცდები ჩავაბარებინოთ და ამ გამოცდების შედეგების მიხედვით ჩავრიცხოთ უმაღლეს სასწავლებელშიო. რეალურად კი შაშკინს არ უნდოდა ისეთი ეროვნული გამოცდები, რომელიც მის სახელთან არ იქნებოდა დაკავშირებული. ვთქვი, არ შეიძლება უმაღლესი სასწავლებლისთვის აირჩიო სტუდენტები, რომელსაც არ შეუმოწმებ, შეუძლიათ თუ არა წინადადების გამართულად დაწერა, გამოსაშვები გამოცდები კი ამ კომპონენტსაც ვერ ამოწმებს. თუ გამოიცვლება გამოსაშვები გამოცდების სისტემა და როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ისე შემოწმდება მოსწავლის წერის კულტურა, მათემატიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი, მაშინ შეიძლება მისი ჩანაცვლება-მეთქი.
შაშკინთან უთანხმოების ერთ-ერთი თემა გახდა ყალბი ატესტატების გაცემაც. საგამოცდო ცენტრში ახალგაზრდამ წარმოადგინა ატესტატი და გვედავებოდა, რატომ არ მიმაღებინეთ მონაწილეობა ეროვნულ გამოცდებშიო. არადა, ის ჩაჭრილი იყო გამოსაშვებ გამოცდაზე. მერე შაშკინმა ახსნა, რომ ამ სერიის ატესტატები გაიცა არაქართულენოვან მოსწავლეებზე, მაგრამ ჩვენ დაახლოებით 600 ყალბი ატესტატი აღმოვაჩინეთ, რომელიც ქართველ მოსწავლეებსაც მისცეს. შაშკინმა სცადა, როგორმე მოვშორებოდი ამ სისტემას. პრემიერმა შვეიცარიის ელჩობაც კი შემომთავაზა. ერთ დღესაც მინისტრმა გამომიცხადა, გადავწყვიტე, გაგათავისუფლო. ის 5 თვე ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, რადგან ჩემი წასვლის მერე 60-მა თანამშრომელმა დატოვა სამსახური. აღარც მახსოვს, როგორი ემოცია მქონდა, როდესაც გავიგე, რომ გამოცდების ცენტრში ვბრუნდებოდი.
- ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ცენტრი ამჟამად მზად არის?
- გამოცდები 27 ივნისს დაიწყება და 17 ივლისს დასრულდება. ვნერვიულობთ, მაგრამ მობილიზებული ვართ.
- უკვე იცით რომელ ფაკულტეტებზეა დიდი კონკურსი?
- წელს აბიტურიენტებს სიახლე შევთავაზეთ - ფაკულტეტებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა აგვისტომდე შეუძლიათ, შედეგების გამოცხადებიდან მინიმუმ 5 დღე ექნებათ, რომ აირჩიონ ფაკულტეტი.
წელს უპრეცედენტო რაოდენობის, 42 ათასი აბიტურიენტი გვყავს. ვვარაუდობ, რომ ამ სიახლით დაინტერესდებიან არა მხოლოდ აბიტურიენტები, არამედ ის სტუდენტები, ვინც სწავლის საფასურს იხდის და თავიდან ჩააბარებენ იმ ფაკულტეტებზე, სადაც სწავლა უფასოა.
- როგორც ვიცი, ცვლილებაა სტუდენტების დაფინანსებაშიც.
- სტუდენტები 4 გამოცდის შედეგების საფუძველზე მიიღებენ 50, 70 და 100-პროცენტიან დაფინანსებას. გაუქმდა 30%-იანი დაფინანსება. უსამართლო იყო, რომ ზოგიერთ პრესტიჟულ ფაკულტეტზე მხოლოდ 100%-იანი დაფინანსება ყოფილიყო. წელს ამ ფაკულტეტების სტუდენტებიც დაფინანსდებიან სხვა ფაკულტეტების ანალოგიურად.
- იყო შემთხვევები, როდესაც საგამოცდო ტესტებში შეტანილი იყო საკითხები, რაც მოსწავლეებს ნასწავლი არ ჰქონდათ.
- საგამოცდო პროგრამის შედგენისას ჩვენთვის ამოსავალი ეროვნული სასწავლო გეგმაა, მაგრამ უდიდეს პრობლემებს ვაწყდებით. სასწავლო გეგმაში სრული შინაარსობრივი ქაოსია - სხვადასხვა საგნის სწავლება არ არის შესაბამისობაში. მაგალითად, ფიზიკაში ისწავლება ისეთი ნაწილი, სადაც ტრიგონომეტრია სჭირდებათ მოსწავლეებს, მაგრამ ტრიგონომეტრია გავლილი არა აქვთ. იგივე ხდება ქიმიასა და ბიოლოგიაში. გადასახედია სასწავლო გეგმის შინაარსობრივი ნაწილი.
ოპონენტები ზოგჯერ გვაკრიტიკებენ განათლების ხარისხის გამო, მაგრამ გამოცდების ცენტრის მისია საუკეთესო სტუდენტების ამორჩევაა. აბიტურიენტები სკოლიდან მოდიან და რადგან განათლების ხარისხი დაეცა, ე. ი. სკოლაში გვაქვს პრობლემა.