ჯანსუღ ჩარკვიანი: "არ უნდა იყო მორცხვი, რომ გაგირჭონ ცოცხი... პრეზიდენტს და მის დამქაშებს იგივე უნდა გაუკეთო, რაც იმ კადრებზეა"
"ვინც მთავარი დამნაშავეა, პრეზიდენტი და მისი დამქაშები, ისინი კი არ უნდა დაიჭირო, იგივე ამბავი უნდა გაუკეთო, რა წამებაც იმ ფირებზეა ასახული. ეს იქნება ყველაზე კარგი, ნახავენ როგორია... - არ უნდა იყო მორცხვი, რომ გაგირჭონ ცოცხი"... - ამბობს ჯანსუღ ჩარკვიანი. იგი კვლავაც მწვავედ აკრიტიკებს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს და იმედის თვალით გაჰყურებს დღევანდელი მთავრობის მომავალს.
- მე რაც ადრე ვნახე, ციხის კადრები, საშინელება იყო. ახლა ამბობენ ეს ფარული ჩანაწერები კიდევ უარესს ასახავსო... მათგან (წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ვგულისხმობ) ყველაფერს მოველი. ესენი არიან ნამდვილი ფაშისტები. ასეთი რამ არც მსმენია და არც წამიკითხავს, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა. არ მიკვირს და ეს არის ყველაზე დიდი საშინელება. ამდენი სადისტი როდის ყოფილა ამ ქვეყანაზე, ამდენი უბედურება?! ახლა რომ ამბობენ, ყველაფერი უნდა გავანადგუროთო, ეს არასწორია. უნდა განადგურდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოძიება მოხდება და დამნაშავეები დაისჯებიან. არაადამიანები, არაკაცები და სადისტები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. აღარ ვიცი, რა ვუწოდო ამათ, ვეღარც შეაგინებ - შეგეშინდება, არ გამრავლდნენო...
- თქვენ მიგაჩნიათ რომ მაღალჩინოსნებმა, თუნდაც პრეზიდენტმა იცოდნენ ამის შესახებ?
- იცოდნენ კი არა მათგან მოდის ყველაფერი! სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო, - ყველამ ყველაფერი იცოდა! ის არ იცოდნენ ციხეში 5 ათასი კაცის ადგილზე რომ 38 ათასი იჯდა?! თუ მართალ ადამიანებს რომ იჭერდნენ და ჯიბეში ნარკოტიკებს უყრიდნენ, ის არ იცოდნენ?! პოლიციის გენერალი დაიჭირეს და თქვეს იარაღი ჰქონდაო - ბიჭო, პოლიციის გენერალს იარაღი ექნებოდა, აბა რა?! ამათ ისიც არ იცოდნენ მიზეზი როგორ უნდა მოენახათ. იმდენად საშინელი იყო მათი დრო და ჟამი, რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ და როგორც უნდოდათ ისე იქცეოდნენ. ხშირად იმეორებენ ეს საშინელი ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, იქედან არიან წამოსულებიო.. - ძველი ხელისუფლების წევრი არ იყავი და ძველი მინისტრი, პატივცემულო პრეზიდენტო?! თუ მიშა მაჭავარიანი არ იყო ძველი მინისტრი ან სხვები?!.. მთელი ცხოვრება გამოშვების მომხრე ვიყავი. ვინც არ მომწონდა და მიყვარდა, მათზეც კი ხელს ვაწერდი, ციხიდან გამოეშვათ. არასოდეს ჩამშვები არ ვყოფილვარ. ახლა კი ვფიქრობ, ვინც მთავარი დამნაშავეა, პრეზიდენტი და მისი დამქაშები, ისინი კი არ უნდა დაიჭირო, იგივე ამბავი უნდა გაუკეთო, რა წამებაც იმ ფირებზეა ასახული. ეს იქნება ყველაზე კარგი, რომ ნახავენ როგორია... არ უნდა იყო მორცხვი, რომ გაგირჭონ ცოცხი...
- თვლით, რომ ფარული ჩანაწერები ყველამ უნდა ნახოს?
- ერთი უბედურებაა, რომ ბავშვებმა და ახალგაზრდებმა არ უნდა ნახონ, თორემ ისე ქვეყანას უნდა აჩვენო და მერე გაანადგურო. ქვეყანამ უნდა ნახოს. როგორი სადისტი ხალხი გვყავს.
- ახლა ქვეყნაში ახალი ხელისუფლებაა და მათზე რას იტყოდით?
- 9 წლის მანძილზე დანგრეულ ქვეყანას 8 თვეში ვერ ააშენებ! ეს თავიდანვე თქვა ბიძინა ივანიშვილმა. დღეს რომ თავისუფლებაა, ამას ლაპარაკი არ უნდა. ეს უმთავრესია, როცა უფლება გაქვს გამოხვიდე და რაც გსურს, ის ილაპარაკო. ფაქტია, რაღაც-რაღაცეები კეთდება. ნამდვილად მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად არ წავა, სანამ საქართველოს გზაზე არ დააყენებს. კი თქვა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წავალო, მაგრამ იმის შემდეგ გამოასწორა და სხვანაირად ილაპარაკა. გულდასმით ვუგდებდი ყურს, რომ განაცხადა, არსადაც არ წავალ, ამათ არ ჩავუგდებ ხელში საწყალ ქვეყანასო. მე მჯერა მისი სიტყვების, რადგან ძალიან წესიერი, პატიოსანი და ვაჟკაცი კაცია.
- მიუხედავად ამისა, დღეს აქტიურად განიხილებიან ბიძინა ივანიშვილის შემდეგ პრემიერის თანამდებობის სავარაუდო კანდიდატები. რას იტყოდით მათზე?
- რამდენიმეზე ვიცი ვინ ვინ არის. მაგალითად, ირაკლი ალასანია უდახვეწილესი კაცია, შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი შესანიშნავი და ვაჟკაცი კაცია. ისეთი პოლიტიკოსი გოგო, როგორიც არის თეა წულუკიანი მე იშვიათად თუ მინახავს... მითხრეს კიდევ ლევან ვასაძეზე, ვინ არის ეგ კაცი, სად არის? ამბობენ, ძალიან კარგი კაციაო. მგონი, პოეტიც არის, თუ არ მეშლება. ბიძინა ივანიშვილზე უკვე მოგახსენეთ და კიდევ გეტყვით, რომ ძალიან საინტერესო პიროვნებაა. როცა მიხეილ სააკაშვილი გაჰყვირის გზები გავიყვანე, ჯარი დავამკვიდრე, პოლიციას პატივი ვეციო, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება იყო. ის დებდა ფულს ყველაფერში, ამათ არაფერი გაუკეთებიათ. ამათ ისიც ჰგონიათ, რომ სამება მათ ააშენეს, მაგრამ ვიცით, სამება ვინც ააშენა. ჯერჯერობით საქართველოს უჭირს და ბიძინა ივანიშვილი არსად არ უნდა წავიდეს.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)