მამა თეოდორე: ”დაუშვებელია ბავშვებს ვასწავლოთ შიშველი სექსი, მხოლოდ შიშველი ფიზიოლოგია!” - კვირის პალიტრა

მამა თეოდორე: ”დაუშვებელია ბავშვებს ვასწავლოთ შიშველი სექსი, მხოლოდ შიშველი ფიზიოლოგია!”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, სკოლებში ახალი საგნის შემოღებას მიიჩნევს საჭიროდ, რომლის პირობითი სახელია "მომზადება ოჯახური ცხოვრებისათვის". ამ ინიციატივით ილია მეორე 23 ივნისს, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზენტაციაზე გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოში ოჯახის კულტურას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. "ერთ-ერთი პირველი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს არის ოჯახის დაბალი დონე, დაბალი კულტურა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სკოლაში შევიდეს საგანი: მომზადება ოჯახური ცხოვრებისთვის” - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის ინიციატივა მალევე იქცა საზოგადოებაში განსჯის საგნად. კონკრეტულად რა უნდა ასწავლონ ახალი საგნით, ვინ უნდა ასწავლოს, ან რა ასაკში... - ამ საკითხზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს ჯვრის ამაღლების ტაძრის წიანმძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:

- პატრიარქი ბოლო ოცი წლის განმავლობაში ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ბავშვებს სკოლაში ღრმა აზროვნება უნდა ვასწავლოთ. მათ უნდა ჩამოუყალიბდეთ სიღრმისეული მიდგომა ყველა საკითხისადმი, რადგან უნდა აღვზარდოთ არა მარტო რომელიმე საგნის სპეციალისტი, არამედ ბავშვებს ვასწავლოთ რა არის ადამიანი და რას ნიშნავს ადამიანობა. პატრიარქის ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ოჯახური თანაცხოვრების გარეშე ადამიანი ვერ ყალიბდება სრულყოფილ პიროვნებად. ოჯახი არის სიყვარულის აკადემია და მის გარეშე ადამიანი ბოლომდე ვერ აცნობიერებს, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი. დედობა, მამობა, მეუღლეობა ყველაზე რთული მისიაა, რაც კი შეიძლება ადამიანს დაეკისროს, მაგრამ საწუხაროდ ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ხდება დედა, ხდება მამა და წარმოდგენა არა აქვს, ეს რას ნიშნავს. როდესაც ადამიანი ქრისტიანული რწმენისაგან შორს დგას, მან ცოლ-ქმრობის არსიც არ იცის, არ ესმის ოჯახისა და ცოლ-ქმრული სიყვარულის უპირველესი დანიშნულება.

- მამაო, ავუხსნათ მკითხველს, რა არის ოჯახის უპირველესი დანიშნულება?

- ის, რომ ადამიანმა საკუთარი თავიც და მეუღლეც აღიქვას, როგორც ღვთის ხატი, ორივე ერთად უნდა ცდილობდეს უფალს დაუახლოვდეს და ღვთის მსგავსი გახდეს. პატრიარქის ჩანაფიქრი ძალიან კარგია, მაგრამ მისი განხორციელება საკმაოდ რთულია. მთავარია, ვინ უნდა ასწავლოს, ვინ უნდა მიიტანოს ეს ყველაფერი ბავშვებამდე, როგორი სახელმძღვანელო დაიწერება და ა.შ...

- თავის დროზე სკოლაში სექსოლოგიის სწავლების შემოღებამ ძალიან დიდი კამათი და აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ბავშვებს ამ საკითხზეც უნდა ჰქონდეთ გარკვეული წარმოდგენა...

- კამათი იმან გამოიწვია, რომ სახელმძღვანელოები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, შეუფერებელი იყო ბავშვის ფსიქიკისათვის. დაბალ კლასებში, როცა სექსუალური მომწიფება ჯერ კიდევ არ დაწყებულა, ან გარდატეხის ასაკში, როცა მოზარდი ვერ აკონტროლებს თავის გრძნობებსა და ემოციებს ამ მიმართულებით, ყოვლად დაუშვებელია ინფორმაციის იმგვარად მიწოდება, როგორც აპირებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო შიშველი სექსი, შიშველი ფიზიოლოგია, მოწყვეტილი იმ მთავარ ღირებულებას, რასაც ადამიანობა ჰქვია. ამგვარი მეთოდით სკოლებში ამ ტიპის ინფორმაციის მიწოდება ძალიან ცუდ შედეგს მოიტანდა. მსგავსი საკითხების სწავლება არ უნდა ხდებოდეს ადამიანური ბუნებისაგან, ადამიანური არსებისაგან მოწყვეტილად. ხოლო თუ იქნება სწავლება ოჯახის შესახებ, ამ საკითხებზეც შეიძლება იყოს საუბარი, მით უმეტეს, რომ მსგავსი თემები სულაც არ არის უცხო წმინდა წერილისა და ქრისტიანობისათვის, რომელიც მიიჩნევს, რომ ქორწინება და სექსუალური ურთიერთობა ადამიანებს შორის ჩვეულებრივი ამბავია. ოღონდ შიშველი სახით, მხოლოდ ფიზიოლოგიის დონეზე ამ საკითხის განხილვა ბავშვებთან დაუშვებელია. რატომ? - იმიტომ, რომ იქ, სადაც არის მხოლოდ შიშველი ფიზიოლოგია, ყოველგვარ აღვირახსნილობასა და დამახინჯებას აქვს ადგილი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი სიყვარულის კონტექსტში იქნება განხილული, ბავშვი მიხვდება, რომ ფიზიკური ურთერთობა არის დაგვირგვინება, დამამშვენებლი აკორდი იმ სიმფონიისა, რომელსაც მეუღლეობა ჰქვია. მარტივი შედარება მოვიყვანოთ: ადამიანის ფიზილოგიის ისეთი გამოვლინება, როგორიც არის კვება: როდესაც ადამაინი ზის სუფრასთან, თავის ახლობელ, საყვარელ ადამიანებს შორის, სუფრა შეიძლება იყოს ერთგვარი აკადემია, ძალიან სასიამოვნო და კარგი ფორმა ურთიერთობისა. ამ შემთხვევაში სუფრა არის ადგილი, სადაც ისინი ერთმანეთის მიმართ სიყვარულს ავლენენ. სხვათა შორის, ხშირად ქრისტეც სუფრასთან უზიარებდა თავის მოწაფეებს ქრისტიანულ სწავლებას. მაგრამ თუ კვებას განვიხილავთ როგორც შიშველ, ფიზიოლოგიურ მოვლენას, ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორ თქვლეფს საკვებს ადამიანი, რომელიც ამ წუთებში სულაც არ განსხვადება რომელიმე ცხოველისაგან... ესეც კვებაა, ოღონდ ყოველგვარი ადამიანურობის გარეშე.

- გამოდის, რომ ეს საგანი რელიგიასთან მჭიდრო კავშირში უნდა ისწავლებოდეს?

- რასაკვირველია. მე ვერ წარმომიდგენია საქართველოში იყოს საუბარი ოჯახზე და არ იგულისხმებოდეს ქრისტიანული ოჯახი... სულიერების გარეშე ცოლ-ქმრობა წარმოუდგენელია, რადგან ქორწინება, ოჯახი ქრისტიანულ რელიგიაში ერთ-ერთ მთავარ საიდუმლოდ არის მიჩნეული. ქრისტემ თავისი პირველი სასწაული სწორედ ქორწილში ჩაიდინა, საქორწილო სუფრასთან გამოავლინა თავისი თავი. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია ბავშვებს სიყვარულზე, ოჯახზე ვესაუბროთ და არ ვესაუბროთ ქრისტიანობაზე. პავლე მოციქული ოჯახს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა: მისი აზრით, ოჯახის წყალობით ცოლ-ქმარს შეუძლია დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც ჰქონდათ ადამს და ევას ცოდვით დაცემამადე. ქრისტიანული ქორწინება იძლევა საშუალებას, რომ ადამიანი განიღმრთოს და ძალიან დიდ სულიერ სიმაღლეებს მიაღწიოს. ქრისტიანობის გარეშე კი ხშირად ადამიანებმა არ იციან როგორ მოუარონ და მიხედონ ამ ძვირფას მოვლენას - ოჯახს. უკეთეს შემთხვევაში ეს გამრავლების საშუალება, თუმცა ოჯახს უფრო მაღალი დანიშნულებაც აქვს. შვილიერება არის ნაყოფი ოჯახისა, ხოლო მიზანი არის ის, რაზეც უკვე მოგახსენეთ და ეს ჩვენმა ბავშვებმა ადრეული ასაკიდან უნდა იცოდნენ.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)