ჯეკ ლონდონი - დიდი სახლის პატარა დიასახლისი
ვისაც ჯეკ ლონდონი არ წაუკითხავს, ისევე ბევრი დაუკარგავს, როგორც კაცს, რომელსაც მწვერვალზე ასვლისა და იქიდან გადმოხედვის სიხარული არ განუცდია. ამ შესანიშნავი მწერლისა და პიროვნების დასახასიათებლად ყველაზე მეტად თვით მისი კრედო შეიძლება გამოდგეს: "...მირჩევნია, ვიყო კაშკაშა მეტეორი, ვიდრე მთვლემარე და მშვიდი პლანეტა. კაცის დანიშნულება არსებობა კი არაა, არამედ სიყვარული. მე არ დავხარჯავ ჩემს დღეებს მათი გახანგრძლივების ცდაში. მე გამოვიყენებ ჩემს წილ დროს", - და მართლაც ასე იცხოვრა, ბოლომდე დაიხარჯა, კაშკაშა, მბრწყინავი მეტეორიტივით გაიელვა. სულ რაღაც ორმოცი წელი იცოცხლა, მაგრამ ორმოცზე მეტი წიგნის დაწერა მოასწრო, წიგნებისა, რომლებიც დღესაც ახსოვს და უყვარს მკითხველს. რთული ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ იბრძოლა, - ბრძოლა არასოდეს შეუწყვეტია, - და მისი ნაწერი კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება, როცა იგებ, რომ ეს ყველაფერი თვითონ გადახდა, თვითონ განიცადა. ნათქვამი სრულად ეხება მის რომანს "დიდი სახლის პატარა დიასახლისი", რომელიც სიცოცხლის ბოლოს დაწერა და თავის საუკუთესო ქმნილებად მიაჩნდა.
დაიბადა 1876 წელს სან-ფრანცისკოში, მისი ნამდვილი სახელი და გვარია ჯონ გრიფიტ ჩეინი. დედამისი, ფლორა უელმანი, მუსიკის მასწავლებელი და ერთობ ექსტრავაგანტური პიროვნება გახლდათ, მდიდარი მშობლების ქალიშვილი სპირიტიზმით იყო გატაცებული. მას სასიყვარულო კავშირი ჰქონდა უილიამ ჩეინისთან, "ასტროლოგიის პროფესორთან", რომელმაც მამობაზე უარი განაცხადა და ფლორა მიატოვა. შემდეგ მომავალი მწერლის დედა გათხოვდა ამერიკის სამოქალაქო ომის ვეტერან ჯონ ლონდონზე, რომლის გვარიც მიიღო.
ლონდონების ოჯახს ძალზე უჭირდა, ამიტომ ჯეკი სკოლაში სწავლისას იძულებული იყო, გაზეთების გაყიდვა დაეწყო ქუჩაში, საკონსერვო ქარხანაშიც ემუშავა და ხამანწკების "მეკობრეც" გამხდარიყო. მერე გემს გაჰყვა იუნგად, ზღვის ლომებზე სანადიროდ ბერინგის სრუტეში. შემდეგ ფაბრიკაშიც მუშაობდა, ცეცხლფარეშადაც, უმუშევარიც იყო, მაწანწალობისთვის ცოტა ხანი ციხეშიც იჯდა.
მოთხრობების პირველივე კრებულმა - "მგლის შვილი" გაუთქვა სახელი. თავისი დროისთვის ძალიან კარგ ჰონორარებსაც უხდიდნენ (ერთ წიგნში 50.000 დოლარამდე), მაგრამ მუდმივად ვალებში იყო, რადგან ბევრს მოგზაურობდა. 1905 წელს კალიფორნიაში 100 აკრი (4 კვადრატული კილომეტრი) მიწა და რანჩო შეიძინა, ტექნიკით აღჭურვილი მაღალეფექტიანი ფერმის მოწყობა უნდოდა. სამწუხაროდ, ოცნება ვერ აისრულა, ფერმა წამგებიანი აღმოჩნდა, ჯეკ ლონდონი უარეს ვალებში ჩავარდა.
ჯეკ ლონდონს ორი ცოლი ჰყავდა, - ბესი მადერნი, რომელიც 1900 წელს შეირთო (ორი ქალიშვილი შეეძინათ), და ჩარმიან კიტრეჯი, რომელიც 1903 წელს შეუყვარდა, მის გამო ოჯახი მიატოვა და ორი წლის შემდეგ ცოლადაც მოიყვანა (შვილი არ ჰყოლიათ). სწორედ ჩარმიანი უნდა იყოს ჩვენთვის საინტერესო რომანის მთავარი გმირის, პაოლას პროტოტიპი. რომანში აღწერილი ამბავი დრამატულსა და ტრაგიკულ სასიყვარულო სამკუთხედს წარმოადგენს. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ წიგნი, შესაძლოა, მთლად ავტობიოგრაფიული არც არის, მაგრამ იქ აღწერილი ამბავი აშკარად ჩაგონებულია იმ რეალური მოვლენებით, რაც 1912-13 წლებში ჯეკ ლონდონის რანჩოზე ხდებოდა.
პაოლას ქმარი, დიკ ფორესტი, მეუღლისა არ იყოს, ასევე არაჩვეულებრივი პიროვნებაა - ჭკვიანი, გაბედული, პოეტური, ჰუმანური. მამა მილიონერი ჰყავდა. როცა ის გარდაიცვალა, ბიჭი 13 წლისა იყო. სახლიდან გაიქცა და სამი წელი ამერიკაში დაეხეტებოდა, ცხოვრება რომ გაეცნო, მერე კი შინ დაბრუნდა და სწავლას შეუდგა. მერე მსოფლიოში იმოგზაურა. მისი ფერმა და სახლი იდეალურია. ცოლ-ქმარმა თორმეტი წელი ბედნიერად იცხოვრა. და, აი, სახლის მასპინძელთან სტუმრად ჩადის მისი ძველი მეგობარი, ივენ გრეჰემი. მას პაოლა შეუყვარდება, რაც სულაც არაა გასაკვირი, რადგან პაოლა ისეთი მომხიბლავი ქალია, რომ ყველა მამაკაცს, ვინც კი "დიდ სახლში" სტუმრად ჩადის, უყვარდება, მაგრამ სხვა, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, პაოლასაც შეუყვარდება უცხო მამაკაცი. თუმცა, იმავდროულად, ქმარიც უყვარს - ანუ ჩიხში, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რაც ტრაგიკულ დასასრულამდე მიიყვანს. რომანის სიუჟეტს, ცხადია, არ მოგიყვებით, - ნამდვილი უნამუსობაა, როცა საინტერესო წიგნი ხელში გაქვს და შენი სურვილის საწინააღმდეგოდ გეუბნებიან, რითი მთავრდება. მხოლოდ ერთს გეტყვით: რომანი ეროტიზმის სულისკვეთებითაა აღსავსე, ოღონდ ერთი რამ გაითვალისწინეთ, წიგნი, რომელიც 1915 წელს მეტად თამამი ჩანდა, 2013 წელს ლამის უმანკოდ შეიძლება მოგეჩვენოთ...
ჯეკ ლონდონი 1916 წელს გარდაიცვალა. არსებობს ვერსია, რომ თავი მოიკლა, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ ვერსიაა. ურემია სჭირდა, ტკივილისგან იტანჯებოდა და მორფს იღებდა. სწორედ მორფის გადაჭარბებული დოზა გახდა სიკვდილის მიზეზი.
თანამედროვე მკითხველს რომანი შეიძლება, ცოტა არ იყოს, მელოდრამატულად და სწორხაზოვნად მოეჩვენოს, - მაგრამ სამი წარმოუდგენლად კეთილშობილი გმირის ტრაგიკული ურთიერთობის ამბავი XXI საუკუნეშიც იმსახურებს ყურადღებას და ის, რაც ერთი მკითხველის თვალში, შესაძლოა, რომანის ნაკლად ჩანდეს, მეორისთვის, პირიქით, ღირსებაა.
ირაკლი ლომოური