ტურისტს ამ გზაზე 60 კულტურის ძეგლი ეგებება
"შავი ზღვის აბრეშუმის გზის დერეფანი" - მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს მომავლისთვის
ჩვენი ქვეყანა მონაწილეობს მეტად საგულისხმო საერთაშორისო პროექტში, რომელსაც "შავი ზღვის აბრეშუმის გზის დერეფანი" ჰქვია. სულ მალე საქართველოს უმნიშვნელოვანეს მაგისტრალზე გაჩნდება მინიშნებები და ბანერები, რომლებზეც გამოსახული იქნება ისტორიული თუ ლანდშაფტის ძეგლები, მითითებული იქნება საჭირო ინფორმაცია, ასევე მათკენ მიმავალი გზა, ანუ ყველაფერი, რაც შეიძლება მოგზაურს აინტერესებდეს უცხო ქვეყანასა თუ თავისსავე სამშობლოში. დამეთანხმებით, რომ ჩვენთვის უცხო არ არის პრობლემა: მიდიხარ და არ იცი, სწორად მიდიხარ თუ არა, რადგან მინიშნება არსადაა. ეს განსაკუთრებით რთულია უცხოელი მოგზაურისთვის.
"შავი ზღვის აბრეშუმის გზის დერეფნის" თაობაზე პირველი კონფერენცია სტამბოლში ჩატარდა, მეორე - საქართველოში, სულ მალე, აგვისტოში, კონფერენციას უმასპინძლებს სომხეთი, სექტემბერში კი - საბერძნეთი.
სიმონ კოპაძე, ფონდ "ტაძრელის" ვიცე-პრეზიდენტი: - ფონდი "ტაძრელი" ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტს "შავი ზღვის აბრეშუმის გზის დერეფანი" (BLACK SILK ROUD CORRIDORr). პროექტი, რომელშიც ჩართული არიან საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი და სომხეთი, მოიცავს ამ ოთხი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და ლანდშაფტური ძეგლების პოპულარიზაციას. მანიშნებლები გაკეთდება როგორც გზაზე, ისე კონკრეტულ ძეგლზეც.
საინფორმაციო ბანერებზე მოცემული იქნება კონკრეტული ძეგლის ისტორია სამ ენაზე, ძეგლის ფოტო, აღწერა და დატანილი იქნება Qr კოდი, რომელიც ადაპტირებული იქნება ხუთივე სისტემის სმარტფონზე. მას მერე, რაც გადაიღებ Qr -ის კოდს, მაშინვე მოხვდები პროექტის საიტზე და მოიპოვებ სრულ ინფორმაციას არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ.
ტურისტი სრულყოფილ ინფორმაციას იღებს, - რა ძეგლია, არის თუ არა მის ახლოს სასტუმროები, გასვლითი ტურები... შესაძლებელი იქნება, ონლაინრეჟიმში მოხდეს სასტუმროს დაჯავშნაც. ასე რომ, ეს ძალიან გაუმარტივებს ტურისტებს მოგზაურობას.
- ის, ვინც ჯერ არ ჩამოსულა საქართველოში, შეძლებს ამ ინფორმაციის მიღებას ინტერნეტით?
- ოთხივე ქვეყანას ევროკავშირის პორტალზე თავისი გვერდი ექნება. მსურველები ინფორმაციას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მისწვდებიან, სადაც კი ინტერნეტია და აკრეფენ ორ სიტყვას - ბლაცკ სეა...
ეს პროექტი ხელს შეუწყობს არა მარტო ისტორიული ძეგლების შენარჩუნებას, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჩვენი კულტურით, ისტორიითა და ლანდშაფტით დაინტერესებას.
ჩვენ ვატარებთ ტრენინგებს - ტურისტულ ოპერატორს, გიდს, ადგილობრივ მცხოვრებს, ყველას, ვისაც შეხება აქვს ტურიზმთან, საშუალებას მივცემთ, ისწავლოს და ისარგებლოს ამ მნიშვნელოვანი მონაპოვრით.
- როდის დასრულდება ეს პროექტი?
- ეს არის ორწლიანი პროექტი, რომელსაც 90%-ით აფინანსებს ევროკავშირი, 10% კი თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა გაიღოს, მოიძიოს საკუთარი ინვესტიცია.
- მოიპოვეთ ადგილობრივი ინვესტიცია?
- ვმუშაობთ და იმედს არ ვკარგავთ. საქართველოში კეთდება 60 წერტილი, თითოეული წერტილის გაკეთება 335 ევრო ჯდება - ეს არის ერთი დაფისა და რვა საგზაო ნიშნის ღირებულება...
- რომელი ძეგლები შევა პროექტში?
- სამცხე-ჯავახეთში: კუმურდოს ეკლესია, ვარძია, ვანის ქვაბები, ხერთვისის ციხე, საფარა, აწყურის ღვთისმშობლის ეკლესია, აწყურის ციხე, ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია, რაბათის ციხე, მწვანე მონასტერი, ტიმოთესუბანი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკი, ჭულევი, ჭულე, ბორჯომის სამხარეო მუზეუმი, ჭობისხევის ეკლესია, ქვაბისხევის ეკლესია, მოქცევის ციხე, სლესა, აბასთუმნის ობსერვატორია, ზარზმა.
იმერეთში: უბისის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძარი, გელათის მონასტერი, მოწამეთა, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სათაფლია, კაცხის სვეტი, კაცხის მონასტერი, მოდინახე, მღვიმევის მონასტერი, შორაპნის ციხე, პრომეთეს მღვიმე, ოკაცეს კანიონი.
სამეგრელოში: დადიანების სასახლე, მარტვილის მონასტერი, აბაშის დინოზავრის კანიონი, ნოქალაქევი, კოლხეთის ეროვნული ტყე-პარკი, ქალაქი ფოთი, წალენჯიხის საკათედრო ტაძარი, მაცხოვრის კარის ეკლესია, რუხის ციხე, კორცხელის ტაძარი, ცაიშის ეკლესია, ჯიხაშკარი.
შიდა ქართლში: წრომის ტაძარი, ხცისის ნათლისმცემლის ეკლესია, რუისის ღვთისმშობელი, ურბნისის სიონი, სამწევრისი, ყინწვისი, იტრიის მონასტერი, სურამის ციხე.
გურიაში: ჯიხეთის ეკლესია, აჭის მონასტერი, შემოქმედის ეკლესია, ლიხაურის მონასტერი, ნოღის წმინდა გიორგის ეკლესია.
აჭარაში: პატარა ციხე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე...
ეს გახლავთ ყველაფერი, რაც აბრეშუმის გზაზე გვხვდება....
- პროექტის ფარგლებში თუ იქნება გათვალისწინებული ქართული კულტურის ძეგლები თურქეთში?
- ვინაიდან თურქეთი ქვეყნის ჩრდილოეთით ისტორიული ძეგლების სიმრავლით თავს ვერ მოიწონებს, ჩვენ შევთავაზეთ, ქართული ძეგლები ჩაეთვალათ ასეთად... დაგვთანხმდნენ. ასე რომ, ინფორმაციას ამ ძეგლებზე ჩვენ მოვუმზადებთ და მივაწვდით, ისინი დაამზადებენ მინიშნებებსა და ბანერებს.