ნიაზ დიასამიძე – გამოდის, ღვინო, დუდუკი, ქალები აკრძალეს?!
პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა (საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა აგრეთვე ზნეობისათვის სეუფერებელი საქციელის გამოვლინების შემთხვევაში დასჯა და სხვ) საზოგადოებაში არაერგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამ საკითხზე კომენტარი მუსიკოსს, 33ა-ს სოლისტს ნიაზ დიასამიძეს ვთხოვეთ:
- რა გამოდის ღვინო, დუდუკი, ქალები აკრძალეს?! ზოგადად ალკოჰოლთან ქართველებს ცოტა ფრთხილი დამოკიდებულება რომ გვქონდეს, უკეთესი იქნება. ჩვენ ალკოჰოლის სწორად მოხმარება არ ვიცით, უზომოდ ვსვამთ და ამ საკითხში გარკვეულწილად კანონს ვემხრობი, კოცნას რაც შეეხება, არც ვიცი, რა ვთქვა. ისე, მთელი ევროპა ერთმანეთს კოცნის, მაგრამ დალევა და გალეშვა ნამდვილად არ მინახავს არც პარიზში არც ლონდონში და არც ბერლინში. ყოველ შემთხვევაში, სადაც ბავშვები არიან, იქ მაქსიმალურად შეზღუდულია სასმელის დალევა. ამისთვის სპეც. ადგილები არსებობს, სადაც უნდა დალიონ.
-როგორ ფიქრობთ, ისევე, როგორც მოსაწევი ადგილები, შეიძლება მალე სასმელის დასალევი ადგილებიც ვნახოთ?
-არა, ეგ ნამეტანია. ისე, მე რომ მკითხონ, ბარებში და რესტორნებში მოწევას ავკრძალავდი, ისე როგორც ევროპაშია და მაგაში ნამდვილად ვეთანხმები ევროპას. რესტორნებში არ მოწევა მომწონს, პარკებში არ დათრობაც მომწონს და აი, ახალგაზრდებს რატომ ვუშლით "ზასაობას", ეგ ვერ გავიგე ნამდვილად.
- თქვენ თქვით, რომ კარგი იქნება თუ ალკოჰოლის ზომიერად მიღებას ვისწავლითო, როგორ ფიქრობთ ხომ არ უნდა დაწესდეს, რესტორანში რაღაც გარკვეული ზომა, რაზე მეტის დალევაც არ შეეძლება კლიენტს?
- არა, ეგ კულტურული ზღვარია, შინაგანად უნდა მივიდეთ ამ ზღვრამდე. მე მგონი რომ მომავალი თაობა ისედაც ასეთი მოდის. ჩვენ მაინც მძიმე დრო გამოვიარეთ და მაგიტომ ვეტანებით, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მომავალ თაობას დალევა მოუნდეს მხოლოდ დაბადების დღეებზე, ახალ წელს და სხვა. უზომო დალევა საშინელებაა, ზოგადადაც უზომო არაფერი არ ვარგა, სიყვარულის გარდა.მე ღვინოც მიყვარს და ლუდიც (არაყს არ ვსვამ), მაგრამ მირჩევნია შთამომავლობამ ნაკლები სვას.
- ევროპაში ტრადიცია და ნელ-ნელა ჩვენთანაც მკვიდრდება სტადიონებზე პლასტმასისი კათხით ლუდის სმა. ამის აკრძალვა რამდენად სწორი იქნება?
- სტადიონზე თუ ვისაუბრებთ, მაშინ პირველ რიგში მზესუმზირა უნდა ავკრძალოთ. მთელი ცხოვრება მზესუმზირას ვჭამთ სტადიონზე, მას კი არც სარგებელი მოაქვს და გარემოსაც აბინძურებს, თუმცა სტადიონი მაინც სხვაა, სხვა სივრცეა და პარკებს ვერ შევადარებთ.
- თუნდაც პარკებში, მზესუმზირით დანაგვიანება რამდენად სწორია?
- მთავარი ესაა, რომ შენს მერე არ დატოვო, რადგან უნდა გახსოვდეს, რომ უკან ვიღაც მოდის. ჩვენთან კიდევ ტყეში სეირნობ, ულამაზეს ადგილებს ათვალიერებ და უცებ ნაგვის იმხელა გროვას გადააწყდები, მიხვდები, რომ ყველაფერი ამაოა და კაი ხანი არაფერი გვეშველება. .პრინციპში ესეც შინაგანი კულტურაა და ამას ძალით ვერ ასწავლი ადამიანს. ნაგავს როცა ყრიან, რაზე ფიქრობენ? მთავარია, რომ ბუნკერთან მისვლა არ დაგეზაროს ორი, მაქსიმუმ ოცი ნაბიჯია რა, მანამ უნდა ატარო ხელით, სანამ ბუნკერს არ ნახავ და იქ უნდა ჩაყარო შენი ნაგავი და არ გამოაჭენო საზოგადოებაში. არაფერი რთული ამაში არაა.
-საზოგადოებისგან რა რეაქცია მოყვება, ზაფხულის სიცხეში ლუდის სმაზე შეზღუდვას?
-მე თუ მკითხავთ, პარკში სმა რეკომენდირებული არ უნდა იყოს, ბოლო-ბოლო იქვე სადმე კაფე ნახე და იქ დალიე რა.
- ვთქვათ, არ აქვს ადამიანს იმდენი, რომ კაფეში დაჯდეს?
- თუ კაფეში ძვირია, მაშინ პარკებში უნდა გაიხსნას ისეთი ადგილები სადაც იაფი ეღირება. მაგალითად, ბერლინი განთქმულია თავისი პარკებით. ცენტრში არის დიდი პარკი (იქ წამოწოლილ წყვილებს ხშირად კოცნაობაზე ბევრად მეტიც მოსდით და ასე ჩვენ ნამდვილად არ უნდა ვქნათ. )იქ რომ ლუდი მოგინდეს, ვერ იშოვი, მაგრამ იმავე ტყის ბოლოში არის დიდი ლუდხანა, სადაც, რამდენიც გინდა, მიირთვი. მორჩები დალევას, გამოდი და ისევ ისეირნე. ევროპას ძალიან ბევრი რამე მართლა კარგად აქვს დალაგებული და ასეთ კარგ მაგალითებს თუ გავითვალისწინებთ კარგი იქნება. როგორ მოახერხეს მათ ამ დონემდე მისვლა, ამაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.
- შეიძლება მსგავსი კანონებით მივიდეთ ევროპის დონემდე?
- მე პირადად სკოლის უფრო მჯერა, ვიდრე კანონის და შინაგანი კულტურის (რომელიც ამ ბოლო დროს გაიშვიათდა), მაგრამ როგორც ჩანს არის მომენტები, როცა თავს ზემოთ ძალა არაა და იძულებული ხარ, კანონს მიმართო. მაგ. არავინ იკეთებდა უსაფრთხოების ღვედს, ვიდრე კანონით არ გახდა სავალდებულო. სანამ არ გვითხრეს, ფულს გადაიხდი, თუ არ გაიკეთებო, მანამდე თავებს ვიხოცავდით და ჩვენივე სიცოცხლეს ვრისკავდით. ანუ შეგვიძლია, მაგრამ რატომღაც ველოდებით, როდის გვეტყვიან. ეს ცოტა საკვირველია. ჯერ ერთმანეთის პატივისცემა უნდა იყოს და მერე კანონი.. კანონი კანონია, მაგრამ ადამიანი ჯერ კიდევ კანონებამდე იყვნენ. ბევრად მაღალი ფასეულობაა ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და შეგნება და თუ კანონსაც ამ ყველაფერს მოარგებ, მერე სოფელიც აშენდება.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)