რას ედავებიან სომეხი მეცნიერები ქართველებს
ტაძრის კედლებზე ძალიან ბევრი ქართული წარწერაა, რაც უეჭველს ხდის მათ ქართულ წარმომავლობას
"სამწუხაროდ, ჩვენი გულგრილობა ერთ დღეს სავალალო შედეგს მოგვიტანს"
"არ უნდა იცრუო, თორემ ფაქტები დაგამარცხებენ"
სომხეთის ტერიტორიაზე ტაძრების ქართულ წარმოშობაზე უამრავი ფაქტი მეტყველებს
გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის ტერიტორიაზე შეჩერებულია უძველესი ქართული ტაძრების რესტავრაციის პროცესი, რომელიც აქამდე ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად მიმდინარეობდა. რესტავრაციის შესახებ ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ლორე-ტაშირში, ამჟამად სომხეთის ფარგლებში მოქცეულ მიწაზე ქობაირის წმინდა გიორგის სახელობის XII საუკუნის ტაძარი ისტორიკოსმა მთვარისა თარხნიშვილმა მოინახულა. ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი წესების დარღვევით უკვე რესტავრირებულია მონასტრის კომპლექსში შემავალი სამრეკლოს გუმბათი. "ამის გამო სამრეკლო გასომხურებულია", - აცხადებს მთვარისა თარხნიშვილი.
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი დებედას ხეობაში, ძნელად მისასვლელ ადგილზე, მთის წვერზე მდებარეობს. XI საუკუნის ძეგლი აშენებიდან ორი საუკუნის შემდეგ ძლიერ მიწისძვრას დაუნგრევია. მიუხედავად ამისა, სპეციალისტების და ტურისტების აღტაცებას იწვევს ქართული და ბიზანტიური ტრადიციებით შექმნილი უნიკალური ფრესკები და ეპიტაფია-წარწერების სიმრავლე. ტაძარში თამარ მეფის ამირსპასალარის, ზაქარია მხარგრძელისა და მისი ოჯახის საძვალეა. ქართულ წარწერებშიც სწორედ მათი სახელებია მოხსენიებული, კერძოდ, ივანე, შანშე, ბერი პიმენი, შალვა, ვაჰრამი და თამარ მხარგრძელები. ასევე თამარის მეუღლე სულა გურკენელი, სარდალ ჯაყელის ასული რუსუდანი, მხარგრძელთა მეღვინეთუხუცესი ივანე და მისი მეუღლე გურჯი-ხათუნი, შანშე მხარგრძელის მწიგნობართუხუცესი მათე და მისი მეუღლე თეონა. მიუხედავად ამისა, სომეხ მეცნიერთა ერთი ნაწილი დღემდე ედავება ქართულ მხარეს, რომ ქობაირი (ასევე ახტალის ტაძარიც) სომხურია. ამიტომაც ქართველ მეცნიერთა აზრით, სახიფათოა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად ძეგლის რესტავრირება, რადგან შესაძლოა, ნებსით თუ უნებლიეთ, ტაძრის წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულებები წაიშალოს ან გადაკეთდეს.
"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრების რესტავრაციის საკითხზე ქართული და სომხური მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს. ამჯერად სარესტავრაციო სამუშაოები შეჩერებულია. შეხვედრის შედეგებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ძეგლთა აღნუსხვისა და პასპორტიზაციის სამსახურის უფროსს გიორგი გაგოშიძეს ვესაუბრეთ.
- სომხეთის კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, გადმოგვეცემა ქობაირის მონასტრის არქიტექტურული და ფრესკების სარესტავრაციო პროექტები და საჭიროების შემთხვევაში საშუალება გვექნება, შევასწოროთ. რესტავრაციაზე პროფესიონალი იტალიელი სპეციალისტები იმუშავებენ.
- როგორც ამბობენ, ამავე ტაძრის სამრეკლოს გუმბათი გასომხურებულია და ბევრგან ჩუქურთმებიც არის მოშლილი.
- მიწისძვრისგან დანგრეული სამრეკლოს ფანჩატური, სვეტები, კაპიტელები იქვე ეყარა. ახლა ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეს. თუ ვინმეს იქ რაიმე არაქართულად მოეჩვენა, ეს რეგიონული ხუროთმოძღვრების ნიშნებია, მას ამ დარგის ვიწრო სპეციალისტები კარგად ცნობენ. როგორც ქართლური და კახური ხუროთმოძღვრება განსხვავდება ერთმანეთისგან, ლორე-ტაშირის ქართული ტაძრებიც შეიცავს სხვა ქართული ტაძრებისგან განმასხვავებელ ნიშნებს.
- სომეხი მეცნიერების ნაწილი მხოლოდ ლორე-ტაშირის კი არა, საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლების დიდ ნაწილსაც სომხურად მიიჩნევს. რა დაცვის მექანიზმი არსებობს, რომ ეს ტაძრები, როგორც საქართველოს ისტორიული და კულტურული საკუთრება, სხვამ არ მიითვისოს?
- ამ ტაძრების კედლებზე ძალიან ბევრი ქართული წარწერაა, რაც უეჭველს ხდის მათ ქართულ წარმომავლობას. თუმცა, სომეხ მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ტაძრები ქალკედონმა, ანუ მართლმადიდებელმა სომხებმა ააგეს. თუ კაცი ქართულად წერს და კითხულობს, მართლმადიდებელია და ქართულად ლოცულობს, მსახურებს საქართველოს სახელმწიფოს, თუ ტაძრების წარწერების შინაარსით დგინდება მშენებელთა წარმომავლობა, რაღა კითხვა უნდა, სისხლს ხომ ვერ ავუღებთ იმის დასადგენად, ნათესაობაში სომეხი ჰყავდათ თუ არა. ადამიანი რომელი ერის შვილადაც მიიჩნევს თავს, იქაურია. არაერთი ქართველი თვლიდა თავს რუს მეცნიერად ან რუს საზოგადო მოღვაწედ. სომხეთში არსებული ქართული ტაძრების მშენებლები მხარგრძელები იყვნენ, რომლებზეც დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ სომხები იყვნენ. თვით სომეხი ისტორიკოსებიც წერენ, რომ მხარგრძელები წარმოშობით იყვნენ ქურთები, აიშედადიდების დინასიტიიდან. მათი წინაპრები XI საუკუნეში წამოვიდნენ კავკასიაში.
პირველად გასომხდნენ - მონოფიზიტობა მიიღეს, შემდეგ მართლმადიდებლები გახდნენ და გაქართველდნენ. ზაქარია მხარგრძელი, მისი ძმა, ივანე მხარგრძელი და ძე შანშე, რომელიც ქობაირშია დაკარძალული, მართლმადიდებლები იყვნენ. თავს ქართველებად მიიჩნევდნენ, ქართულად წერდნენ და კითხულობდნენ. ამიტომ, არაფერი გამოვა ზეპირი მტკიცებით, რომ სომხეთში მდებარე ქართული ძეგლები არაქართული წარმოშობის არის. თანამედროვე სამყაროში ცნობილია პრინციპი: როდესაც ისტორიას ეხება საქმე, არ უნდა იცრუო, თორემ ფაქტები დაგამარცხებენ. სომხეთის ტერიტორიაზე ტაძრების ქართულ წარმოშობაზე უამრავი ფაქტი მეტყველებს.
P.S. ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი, არმენოლოგი ლელა ჯეჯელავა ამბობდა, - "ხშირად, როდესაც საქმე სახელმწიფოებრივი პოზიციების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას შეეხება, ჩვენი რეაქცია შემოიფარგლება მოკლე პასუხებით. ამ დროს სომხები გამოსცემენ უამრავ მასალას სომხურ და ინგლისურ ენებზე, არგუმენტირებულსაც და ნაკლები სამეცნიერო ღირებულების მქონე სტატიებსაც. ჩვენ კი თითქმის არაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს საერთაშორისო საზოგადოებას. სამწუხაროდ, ჩვენი გულგრილობა ერთ დღეს სავალალო შედეგს მოგვიტანს".