"ჩემი დაცინვით სააკაშვილს თავისი თავის კარგი პიარი გამოუვიდა"
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც პრეზიდენტის და ქართველი სტუდენტი გოგონას საუბარია ნაჩვენები. საუბრის დასასრულს პრეზიდენტმა გოგონას დასცინა, რამაც დამსწრე საზოგადოების (ქეთა გაბიანი, მიშა თავხელიძე, გიგა ნასარიძე და სხვ.) დიდი აღტაცება გამოიწვია. ჩვენ ვესაუბრეთ ამ დიალოგის მთავარ მონაწილეს, თამთა აშორტიას.
- მე გამოვთვქი ჩემი მოსაზრება და პრეზიდენტს დავუსვი შეკითხვა, იმასთან დაკავშირებით, რაზეც ჩაატარა, როგორც თვითონ უწოდა, ლექცია. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც სტუდენტები, ისე სხვადსხვა პროფესიის წარმომადგენლები.
- შენ როგორ მოხვდი ამ შეხვედრაზე?
- უნივერსიტეტში მივიღეთ ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აწყობდა, შეხვედრას და როგორც სტუდენტმა, გამოვთქვი სურვილი, რომ დავსწრებოდი. უარი არ უთქვამთ, ვფიქრობ, არ იცოდნენ პრეზიდენტზე ჩემი შეხედულება.
- სოციალურ ქსელებში ამბობენ, რომ იცოდნენ თქვენი პრეზიდენტისადმი დამოკიდებულება და მეტიც, ეს კითხვაც წინასწარ იყო შეთანხმებული პრეზიდენტთან
- ეს არის ტყუილი - ნამდვილად არაფერი იყო დადგმული. არასოდეს არ ვყოფილვარ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი და არც არასოდეს არ ვიქნები.
- შეკითხვის დროს ძალიან აღელვებული ჩანდი, კითხვის ადრესატის გამო ხომ არა?
-ოდნავადაც არ მინერვიულია და არ ავღელვებულვარ. მე ვიყავი ძალიან ბუნებრივი კითხვის დასმის მომენტში.
- ანუ შენი გამოსვლით კმაყოფილი ხარ?
- იმ ვიდეოში, რაც გავრცელდა, ჩემი გამოსვლის ნაწილი ამოჭრილია, გარდა ამისა, კითხვა არც დამასრულებინეს და მიკროფონი ჩამომართვეს. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, არ ვარ კმაყოფილი. ვიდეო ისე დაჩეხეს, რომ მარტო სააკაშვილის ხმა ისმოდა და რასაც მე ვპასუხობ, არაფერი არ ჩანს. ჩემი დაცინვით სააკაშვილს თავისი თავის კარგი პიარი გამოუვიდა.
- და შენც ნებსით თუ უნებლიეთ ამ როლს მოერგე... ეს არაა საეჭვო?
- მან ჩემს დასმულ პრობლემებს არ მიაქცია ყურადღება და სხვა რაღაცეებზე დამიწყო ლაპრაკი, ხოლო მისმა მომხრეებმა კევის ღეჭვაზე გადაიტანეს აქცენტი
-თამთა, როგორიც არ უნდა იყოს შენი დამოკიდებულება სააკაშვილისადმი ,ის არის პრეზიდენტი და პირში საღეჭი რეზინით მასთან ლაპარაკი უტაქტობა არაა?
-არაა უტაქტობა. მე ყველა ადამიანს ისე მივმართავ, რა დონეზეც იმსახურებს პატივისცემას. სააკაშვილი კი ჩემგან საერთოდ არ იმსახურებს პატივისცემას.
-ამ გამოსვლის მერე ბევრმა შეგადარა თეა თუთბერიძეს..
- თეა თუთბერიძე არაფერ შუაში არაა ჩემთან, ან რა შესადარებელი ვარ თეასთან? ვერ ვხვდები რატომ უნდა შემადარონ. ჯერ ერთი, თეა თუთბერიძეს საერთოდ არ ვიცნობ და მის სტილიშიც არ დამისვამს კითხვა. მე დავსვი ჩემს სტილში.
- თამთა, ხომ იცოდი როგორ შეხვედრაზეც მიდიოდი, გამოდის წინასწარ გქონდა გააზრებული, რაც უნდა გეთქვა. საზოგადოებისთვის გინდოდა თავის მოწონება?
-არაფერიც არ მქონდა წინასწარ გამიზნული. ეს იყო ჩემი ბუნებრივი იმპულსი.
- გიხარია, ხალხმა რომ გაგიცნო?
- რანაირად გამიცნო?
- როგორ არა, სოც. ქსელებში ნინი ბადურაშვილის მშობიარობის შემდეგ, შენი გამოსვლა ყველაზე პოპულარული თემაა...
-ტყუილია. არასად არ შემხვედრია ჩემი სახელი და გვარი. ძალიან მიკვირს საზოგადოებისგან, რატომ გაუკვირდათ, რომ ვიღაცამ მიხეილ სააკაშვილს სიმართლე პირში მიახალა. ეს ყველა ქართველის მოვალეობაა, რომ სააკაშვილს პირში უთხრას სიმართლე
- ბიძინა ივანიშვილთან რომ მოხვდე რას ეტყვი?
- რასაც გული მიკარნახებს.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)
იხ. ვიდეო: პრეზიდენტმა სტუდენტი გააჯავრა - როგორ უპასუხა სააკაშვილმა მწვავე რეპლიკას