მამა თეოდორე: ჩვენს შორის ბევრი უღირსი მღვდელია, მაგრამ არიან ღირსეულებიც
"ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს, უნდათ, რომ მღვდლები კრიმინალებად შერაცხონ და მათ კომუნისტური მეთოდებით გაუსწორდნენ" - ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე. როგორც უკვე ცნობილია, 10 აგვისტოს, სასულიერო პირების უკვე ორჯერ გადავადებული სასამართლო პროცესი გაიმართება. თამაზ ბიჩინაშვილს (მამა ანთიმოზი), ირაკლი ბასილაიას (მამა იოთამი), ტიტან დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილს ბრალი სიხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას - ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ეს მუხლი ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით მამა თეოდორე გვესაუბრება.
- მამა თეოდორე, ფიქრობთ, ეკლესიას მიზანმიმართულად ებრძვიან და სურთ, მღვდლები კრიმინალებად შეირაცხონ, იმასაც ფიქრობთ, რომ 17 მაისს მამა ანთიმოზი და მამა იოთამი კორექტულად მოიქცნენ?
- ეკლესიური თვალსაზრისით კორექტულად ვერ მოიქცნენ, ისინი შესაძლოა, საეკლესიო სასჯელსაც იმსახურებდნენ, მაგრამ როდის მიიჩნეოდა გინება კრიმინალად? არც ის მგონია კრიმინალი, სამარშრუტო ტაქსს რომ სკამი ჩაარტყა. ფაქტია, რომ ვიღაცებს ეკლესიის აგრესორად წარმოჩენა გეგმაში აქვთ და ორ სასულიერო პირს განტევების ვაცად იყენებენ. 17 მაისი აქციაზე ბევრი რამე მოხდა ისეთი, რაც კრიმინალთან გაცილებით ახლოს არის. ეს სიტუაცია იცით რას მაგონებს? თვითმფრინავის გატაცების ფაქტს. ალბათ გახსოვთ, მაშინ ცეკას მდივანი ედუარდ შევარდნაძე იყო. ჩვენმა ხელისუფლებამ და მოსკოვმა საგანგებოდ, იდეოლოგიური თვალსაზრისით დასაჯა მღვდელი თევდორე ჩიხლაძე, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში იყო... ახლას ასეთი სიტუაციაა, მავანი ეკლესიისა და მღვდლების დისკრედიტაციას ცდილობს.
- როგორ ფიქრობთ, რომელ ძალას აძლევს ხელს ეკლესიის დისკრედიტაცია?
- ხელთ კონკრეტული ფაქტები არ მაქვს, ამიტომ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შემიძლია. თუ სოციალურ ქსელში შეხვალთ და ნახავთ, ვინ ლანძღავს ყველაზე მეტად ეკლესიას, დასკვნასაც გააკეთებთ. "თავისუფლების ინსტიტუტმა", რამიშვილისა და ბოკერიას თამადობით, ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების დროს დაიწყეს, 20-იანი წლების ტერმინოლოგიით და მეთოდებით ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრება. დღეს ეს ჯგუფი განსაკუთრებულად გააქტიურებულია.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ზოგიერთი სასულიერი პირი, თავისი ქმედებით მათ აძლევს საბაბს და თავადვე უწყობს ხელს ეკლესიისა და მღვდლების დისკრედიტაციას?
- რა თქმა უნდა, ეკლესიაში არის მანკიერებები. ადრე არათუ მღვდლად კურთხევა, სემინარიაში ჩაბარებაც კი ძალიან რთული და საპასუხისმგებლო იყო. მერე როგორც იცით, კომუნისტების დროს ყველაფერი აირია... საბჭოთაკავშირის პერიოდში სპეციალური განყოფილება იყო, რომელიც სასულიერო სემინარიას აკონტროლებდა. მაშინ ძალიან ბევრი აგენტი დანერგეს სამღვდელო პირებს შორის. მათ მიერ დანერგილი აგენტები მოწოდებით მღვდლები და ეკლესიის მსახურნი ვერ იქნებოდნენ. ამ ხალხის მცირე ნაწილი კიდევ შემორჩენილია... აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო ეკლესიაში სიარული და მღვდლებზე მოთხოვნა გაიზარდა. შედეგად ხარისხის ხარჯზე მათი რიცხვი გაიზარდა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს შორის ბევრი უღირსი მღვდელია, მაგრამ ბევრი ღირსეულიც არის, რომელთა კეთილი საქმეებზე საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის. ხალხი მხოლოდ იმას იგებს, თუ რომელიმე მღვდელი უკეთურობას ჩაიდენს. რა ვქნათ კეთილისმქნელი მღვდლების პიარს ხომ ვერ დავიწყებთ? სხვათა შორის, 17 მაისს საბოლოოდ ყველაფერი რომ მშვიდობით დამთავრდა ამაში დიდი წვლილი სასლიერო პირებსაც მიუძღვით. მათ ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინეს ხალხის რისხვას. რატომღაც ამაზე არავინ არაფერი თქვა, მხოლოდ ის გაიგო მთელმა ქვეყანამ, რომ ორმა მღვდელმა თავი ვერ შეიკავა და არამართებულად მოიქცა. ეკლესიის მტრებს კოზირი ჩაუვარდათ ხელში და ახლა გამარჯვებას ზეიმობენ. მათი გამარჯვება დროებითია, ეკლესიაზე კალიგულამ და ნერონმა ვერ გაიმარჯვეს და...
- როგორ გგონიათ, ეკლესიას ერთი რუის-ურბნისის კრება ხომ არ სჭირდება?
- ჩემი აზრით, ეკლესიაში ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, მხედველობაში ისევ უღირსი მამაოები მყავს. ამ კუთხით მართლა უამრავი პრობლემაა და ეს მე ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ როგორც მღვდელს, არანაირი ბერკეტი არ მაქვს... მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ ჩემს ტაძარს და სულიერ შვილებს ვემსახურო პირნათლად.
ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)