"მივიღე ეს გადაწყვეტილება და რა არის აქ საგანგაშო?"
"სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება, ორშაბათ დღეს"
"დიდი ლუპით დავაკვირდებით სკოლებში არსებულ სიტუაციას"
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალმა ხელმძღვანელმა უფლება-მოვალეობის შესრულება ხმაურით დაიწყო. სამინისტროდან გაუშვა წინამორბედის, გიორგი მარგველაშვილის მოადგილეები, მათ ადგილზე კი ახალი მოადგილეების დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრს უკვე აუწყა. ახალი მინისტრის ამ ნაბიჯმა "რესპუბლიკური" პარტიის კანდიდატი დროებით მაინც უმუშევრად დატოვა. სამინისტროს ირგვლივ ატეხილმა ხმაურმა თავად ბიძინა ივანიშვილიც განაცვიფრა, ახალ მინისტრს "კერკეტი კაკალი" უწოდა.
რა გახდა სამინისტროში ცვლილების მიზეზი, ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ისაუბრა:
- უფლებამოსილება, რომელიც მაქვს მონიჭებული როგორც განათლების მინისტრს, მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მივიღო. მე შევაფასე ის ვითარება, რომელიც არსებობს სამინისტროში, გადავხედე სპეციფიკას და სამომავლო პროექტებს და გადავწყვიტე, შემეცვალა მოადგილეები. მე მჭირდება უშუალოდ განათლების სპეციალისტი იმიტომ, რომ საქმე გვაქვს რეფორმასთან, კანონებსა და იმ რეგულაციებთან, რომელიც სპეციფიკურად საგანმანათლებლო კუთხით არის დასამუშავებელი. მივიღე ეს გადაწყვეტილება და სწორადაც მოვიქეცი.
- გიორგი მარგველაშვილის დროს არ გჭირდებოდათ განათლების სპეციალისტები თუ წინა მინისტრმა ამ მხრივ შეცდომა დაუშვა?
- არ ვიცი, გიორგიმ როგორ იხელმძღვანელა, მაგრამ მე ჩემი შეხედულება მაქვს. როდესაც მარგველაშვილი მოვიდა მინისტრად, დანიშნა მოადგილეები. დაინიშნა ახალი მინისტრი და მოადგილეებსაც ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება. რა არის აქ საგანგაშო? წინა მინისტრმა ჩათვალა საჭიროდ ზურაბიშვილი ჰყოლოდა მოადგილედ, მე კი ვთვლი, სხვები შევთავაზო პრემიერ-მინისტრს.
- დავით ზურაბიშვილმა არაერთხელ გააკრიტიკა მთავრობა.' მისი განცხადებები ხომ არ გახდა მიზეზი საპასუხისმგებლო სტრუქტურისგან მისი ჩამოშორებისა?
- ჩემს გადაწყვეტილებაში არანაირი პოლიტიკური კვალი არ იკვეთება. ყველაფერი გავაკეთე, რომ მსგავსი მოსაზრებები არ გაჩენილიყო საზოგადოებაში. ამის შემდეგ, თუ ვინმე ისევ პოლიტიკურ მოტივებზე დაიწყებს საუბარს, ეს მათი სუბიექტური გადაწყვეტილება იქნება.
მინდოდა, მოვალეობის შესრულება სუფთა ფურცლიდან დამეწყო, რის გამოც საჭიროდ ჩავთვალე ძველი მოადგილეების გათავისუფლება და ახლების დანიშვნა.
- შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ განიხილება თქვენს მოადგილეებად?
- რამდენიმე სპეციალისტი მყავს შერჩეული, წარვუდგენ პრემიერ-მინისტრს და საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი.
- საჯარო სკოლებში დირექტორთა სერტიფიცირება დაიწყო.
- დიახ და რეგისტრაცია შვიდ აგვისტომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ტესტირება ჩატარდება. ჩვენი მიზანია, კანდიდატებმა დამსახურებულად მიიღონ საპასუხისმგებლო პოზიციები. არანაირი მოთხოვნა არ არის, შევარჩიოთ ისეთი კადრები, რომლებიც სამინისტროს ან რომელიმე პირის ერთგული იქნებიან.
არ ვთვლი, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ ჩეკისტურ რეჟიმზე და დავიწყოთ იმის მოკვლევა, ვინ რომელი პარტიის მიმართ არის ლოიალური. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი პროფესიონალიზმია.
- წინა ხელისუფლება პარტიული მიზნებისთვის იყენებდა სკოლის დირექტორებს, ხოლო დირექტორები "მოძღვრავდნენ" მშობლებსა და მასწავლებლებს. როგორ მოხდება პრევენცია, რომ იმავე ხალხმა არ მიიღოს თანამდებობები?
–- შერჩევის ეტაპზე საუბარი იმაზე, რომ ვიღაც რომელიმე პარტიის მხარდამჭერია, არასწორია. ყველას, ვინც ნიჭიერია და აქვს დირექტორისთვის საჭირო უნარები, შანსი უნდა მიეცეს, დაიკავოს თანამდებობა. ეს არ ნიშნავს, რომ არ ჩატარდება მონიტორინგი და არ დავაკვირდებით დირექტორებს. ჩვენ გვყავს საუკეთესო მონიტორინგისა და აუდიტის სამსახური, რომლის მეშვეობითაც დიდი ლუპით დავაკვირდებით სკოლებში არსებულ სიტუაციას.
- პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად ამბობს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეაჩერა უცხოეთში სწავლის მსურველი ქართველი სტუდენტების დაფინანსება.
- როგორ უნდა გავაკეთო კომენტარი ამ აბსურდზე? ორი დღის წინ დავაჯილდოეთ ის ბავშვები, რომლებმაც ამ კონკურსში გაიმარჯვეს. ჩვენ თავიდან დავწერეთ და გავაუმჯობესეთ პროგრამა. მილიონი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით. მოვხსენით შეზღუდვები, რომლებიც ამ პროექტში არსებობდა, დავამატეთ ბაკალავრებისა და დოქტორანტების დაფინანსების ოდენობა.
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მოახლოვდა. ბევრი კანდიდატია და ეს ბრძოლა თქვენთვის, როგორც განათლების მინისტრისთვის, გამოწვევა იქნება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჰყავს ფავორიტი კანდიდატი ამ არჩევნებში?
- სამინისტროს არანაირი ფავორიტი არა ჰყავს რექტორის არჩევნებში. ვმუშაობთ კანონზე, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების დამოუკიდებლობას. როდესაც ასეთი მიმართულება აქვს სამინისტროს, არ არის ლოგიკური ფავორიტებზე ლაპარაკი. სამწუხაროდ, აკადემიური პერსონალი ვერ მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღებაში. დაუშვებელია ათმა–თუ თორმეტმა კაცმა გადაწყვიტოს ყველაფერი ამხელა დაწესებულებაში.
- რა ბედი ეწევათ მანდატურებს?
- დიდ ქალაქებში დავიწყეთ პროექტი, რომლის ფარგლებშიც ფსიქოლოგები მასწავლებლებთან, ბავშვებსა და მათ მშობლებთან მუშაობენ. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, ამიტომ გვინდა საქართველოს მასშტაბით შევქმნათ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები. ფსიქოლოგიური ცენტრები მანდატურის სამსახურთანაც იმუშავებენ. ჩვენი მიზანია ეს სტრუქტურა ჩამოყალიბდეს ბავშვის ინტერესების დამცველად და არა მასწავლებლების დამსჯელად, როგორც აქამდე იყო.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწავლა 2 სექტემბერს დაიწყება.
- სწავლა დაიწყება 16 სექტემბერს, ორშაბათ დღეს.
უტა ბიწაძე