ნიკუშა შენგელაია - "ვახტანგ მეექვსეზე ტლიკინის ნაცვლად, სააკაშვილმა საქართველოს ისტორია წაიკითხოს"
"რატომ არასოდეს არ გაგჩენიათ შეკითხვა, ხელისუფლების ერთმა წარმომადგენელმა მაინც თუ მოკიდა ხელი იარაღს ომის დროს?!"... ამბობს ნიკუშა შენგელაია, რომელიც პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას ეხმიანება და მეტიჩრობად აფასებს.
- რაც შეეხება ვახტანგ მეექვსეს, საერთოდ გაქცევისა და გარიდების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ არის და ეს გაქცევა სამშობლოსთვის ხდება, მაშინ ამასაც აქვს გამართლება.. ვახტანგ მეექვსის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბარი ურთულესი რამაა, ჩვენ არ გვიცხოვრია იმ დროში და არ ვიცით დროების მაჯისცემა. ამ პირობებში პირის მოღება და გვირგვინოსანი მეფისთვის ჩირქის მოცხება კი არაკაცობად მიმაჩნია. მიხეილ სააკაშვილსაც, ვახტანგ მეექვსეზე ტლიკინის ნაცვლად, არ აწყენდა საქართველოს ისტორიას ჩაღრმავებოდა, იქნებ მერე მაინც აღარ ილაპარაკოს სისულელეები.
- წინა ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქვეყნიდან არ გაქცეულან...
- ისინი მოიქცნენ უგუნურად, არაპრაგმატულად და ბოლოს სამარცხვინოდ...ხალხი კი არ დაიცვეს, არამედ ფარად აიფარეს. რაღაცას რომ იწყებ, იმასაც უნდა დაუფიქრდე, რა გაგრძელება მოჰყვება. ომს თუ იწყებ, ის მაინც უნდა იცოდე, როგორ იომო. დაიწყეს და მერე ხალხი ცხვარივით შეატოვეს მტერს. რა თქმა უნდა, რუსეთი პროვოკაციას აწყობდა, უნდოდა ეს ომი და საქართველოს ხელისუფლებამაც დოყლაპიობა გამოიჩინა და სწორედ ისეთი პასუხი გასცა ამ პროვოკაციებს, რუსეთი რომ ელოდებოდა. ხელისუფლებას უნდა გამოეყვანა სამხრეთ ოსეთიდან ხალხი, მიემართა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის დასახმარებლად, უნდა გადაეღოთ თუ როგორ ესროდნენ იქ ხალხს და ჩაგრავდნენ... მთავრობამ რა ნაბიჯიც გადადგა, შედეგი ყველამ ვიწვნიეთ.განა არ იცოდნენ, რუსეთი რომ იმ ნაბიჯს თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა?! ახლა გამოდის სააკაშვილი და ამბობს, აი ნახეთ, რა ვაჟკაცურად მოვიქეცითო. მთელმა საქართველომ ნახა, როგორც მოიქცა გორში, ტალახში რომ იფორთხიალა. ეს იყო ვაჟკაცური საქციელი?! ამითაც აჯობა ვახტანგ მეექვსეს? - რატომ არასოდეს გაგჩენიათ შეკითხვა, ხელისუფლების ერთმა წარმომადგენელმა მაინც თუ მოკიდა ხელი იარაღს ომის დროს? ან ერთი ნაკაწრი მაინც თუ ქონდა რომელიმეს, მთავარსარდლიდან დაწყებული? გაიკითხეთ და თუ ერთს მაინც იპოვით, ნაკაწრი მაინც რომ ჰქონდეს, მერე იმეტიჩრონ. რა აქვთ სატრაბახო, აღარ ცხვენიათ?! - ამხელა ტრაგედია იყო, დაიღუპა ხალხი, ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი, თავიანთ ქვეყანაში ლტოლვილებად იქცენ და ამაზე მეტი უბედურება რაღა იქნება?!... ეს ყველაფერი წინასწარ ხომ უნდა გაეთვალათ?!. არსად გავქცეულვართო, რომ "ტრიპაჩობს" სააკაშვილი, მთავრობის წარმომადგენელების რიგი რომ იყო წითელ ხიდთან, პურის რიგში იდგნენ იქ? მოკლედ, ეს ერთი დიდი, სამარცხვინო ფურცელია ჩვენს ისტორიაში - ქვეყნისთვის ტრაგიკული ფურცელი და ყოფილი ხელისუფლებისთვის სამარცხვინო.
- ალბათ დიმიტრი მედვედევის გამოსვლასაც უსმინეთ?
- მედვედევი თავის დიდი ქვეყნის წარმომადგენელია. მას აქვს ამბიცია დიდი ქვეყანა პატარა ქვეყანას მართავდეს. არაფერი ახალი მედვედევს ამ გამოსვლით არ უთქვამს - რუსეთი რჩება რუსეთად.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)