2008 წლის აგვისტოს ომი დღემდე მოუშუშებელ ჭრილობად რჩება და ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი დღემდე პასუხგაუცემელი კითხვაც არსებობს, მათ შორის უმწვავესად დგას პასუხისმგებლობის საკითხი - ვისი ბრალი იყო ომი და ვინ უნდა აგოს მასზე პასუხი? ამ ყველაფერზე კომენტარი მწერალ დათო ტურაშვილს ვთხოვეთ.- რას ფიქრობთ, რა ადგილს დაიკავებს აგვისტოს ომი საქართველოს ისტორიაში? - 2008 წლის აგვისტოს ომი, ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელი იქნება ჩვენს ისტორიაში, რადგან რუსებმა უკვე მერამდენედ, ისევ პატარა ბავშვივით მოგვატყუეს და ისეთ ომში ჩაგვითრიეს, რომლის შედეგებსაც კარგა ხანს ვერ გამოვასწორებთ.- ბუნებრივია, რომ ამ ომზე რუსებს ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, საქართველოს მხრიდან ვის აკისრია პასუხისმგებლობა?- ალბათ, მოვა დრო და რუსი ოკუპანტების გარდა, იმ ბრიყვი ქართველების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება, ვისაც გულუბრყვილოდ ეგონა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში, რუსები საქართველოს დაბომბვას ვეღარ გაბედავდნენ.- 7 აგვისტოს სააკაშვილმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ძირითად თემა სწორედ ეს მოვლენები იყო...- სააკაშვილი რას ამბობს, საერთოდ აღარ მაინტერესებს, მისი ნათქვამი ვერაფერს შეცვლის. თანაც სამწუხაროდ ტელევიზორის საყურებლად დრო ცოტა მრჩება და არ მიყურებია, შესაბამისად, გუშინ არ მომისმენია, რა თქვა, თუმცა აზრიც არ აქვს, ახლა რას იტყვის.