იუნა შაფათავა - მე ქართველი ჩიჩოლინა ვარ და პრეზიდენტობასაც მართლა ვაპირებ!
ალბათ, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა,, პრეზიდენტობის იმდენი მსურველი იყოს რამდენიც საქართველოშია. დღეს სოც. ქსელებში გავრცელდა მსახიობ იუნა შაფათავას განცხადება - მსახიობი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას აპირებს.
- ძალიან გამიკვირდა, რომ ხალხში ასეთი რეაქცია გამოიწვია ჩემმა განცხადებამ. თუ დაგვიანებული არაა, მე მართლა ვაპირებ, რომ ჩემი კანდიდატურა დავარეგისტრირო. სიმართლე რომ ვთქვა, ამხელა აჟიოტაჟს არ მოველოდი და ვაღიარებ, რომ საინტერესო ყოფილა პრეზიდენტობის კანდიდატობა.
- 25 000 ათასი ხელმოწერის შეგროვება არ გაგიჭირდება?
- მე ვფიქრობ, არა, რადგან 5000 მეგობარი და პოტენციური მხარდამჭერი მარტო "ფეისბუქზე" მყავს და ისედაც არ მაკლია კეთილისმსურველები.
- როგორ ფიქრობ, რამდენად შესაძლებელია, რომ საზღვარგარეთ შენნაირი სტილის ადამიანი გახდეს პრეზიდენტი?
- სხვათაშორის, დედაჩემი დილიდან მეუბნება, რომ მე ქართველი ჩიჩოლინა ვარ, თუმცა ამატებს, რომ ის იტალიაში იყო პარლამენტარი, მაგრამ საქართველო ხომ ევროპაა? დამიჯერეთ, ბევრად უფრო კეთილ საქმეებს გავაკეთებ ვიდრე ჩვენი პოლიტიკოსები აკეთებენ. თანაც ის სცენები, სადაც მე ვთამაშობ, არცერთი არაა ეროტიული სცენა, კინოს და სცენის თვალსაზრისით ესაა ხელოვნება. ჩემთვის ეროტიკა ჩვენი პოლიტიკაა.
- შოთა კალანდაძემ ინტრევიუში თქვა, რომ მის ერთ-ერთ ფილმში არის სცენა, სადაც შენს გმირს, 4 მამაკაცი აუპატიურებს. ეს არაა ეროტიკა?
- ერთ რამეს გეტყვით: არც შოთა კალანდაძეა რეჟისორი და არც მისი ქმნილებებია შედევრები, ასე რომ კალანდაძე რას იტყვის, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს.
- არსებული კანდიდატებიდან, რომელს მიიჩნევთ რეალურ კონკურენტად?
- როდესაც მე დეკოლტეს ჩავიცმევ, ლამაზ კაბაში გავიპრანჭები და ისე გავესაუბრები ამომრჩეველს, თქვენ ფიქრობთ, რომ მეყოლება კონკურენტი? მე არ ვარ ფულის გიჟი და მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობა მაინტერესებს.
- მოხდა ისე რომ გახდი პრეზიდენტი, როგორ წარმოგიდგენია საქართველოს მომავალი?
- მე პრეზიდენტად? რა პოზიტიური სცენარია, ძალიან ოპტიმისტური სიზმარია, ფელინის სცენარს მაგონებს. მე მიცნობენ მხოლოდ ტელე-ეკრანებიდან, თუ ხალხმა დამიჯერა და მხარი დამიჭირა, ვალდებული ვიქნები გავამართლო ხალხის იმედები.
-შენ გამოირჩევი თამამი ჩაცმულობით. პრეზიდენტობის შემთხვევაში გაეროში ან ნატოს სამიტზე ასე წარსდგები ხალხის წინაშე?
- თამამი ჩაცმულობა მე მაქვს შოთა კალანდაძის ფილმებში, როგორც კინო-პერსონაჟს. ნახეთ, ყოველდღიურად რა მაცვია და იმის მიხედვით იმსჯელეთ. ნუ მსჯელობთ ჩემი როლებით, თუ მაგას საერთოდ როლები ქვია.
- სოც. ქსელებში გავრცელდა ასეთი სლოგანი – "მომეცით და მოგცემთ." და ხომ არ აპირებ ამ სლოგანის გამოყენებას?
-მე ხალხზე ძალადობას და მათთვის ჩემი თავის თავზე მოხვევას არ ვაპირებ. "ერთად ბედნიერებისკენ" - რაღაც ამის მაგვარი მექნება სლოგანი.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)