"კონტროლიორი გოგონას ეჩხუბებოდა, ის კი გამოექომაგა" - რას შეეწირა #140 ავტობუსის მგზავრი - კვირის პალიტრა

"კონტროლიორი გოგონას ეჩხუბებოდა, ის კი გამოექომაგა" - რას შეეწირა #140 ავტობუსის მგზავრი

18 აგვისტოს, დახლოებით თორმეტის ნახევარზე, ფილარმონიასთან, კოსტავას ქუჩაზე, #140 ავტობუსში ხანდაზმული მამაკაცი, ა. გ კონტროლიორთან დაკავშირებული ინციდენტის გამო გარდაიცვალა, - ეს ინფორმაცია იმ ადგილზე მყოფმა თვითმხილველებმა მომაწოდეს, სადაც პოლიციამ ავტობუსი ლენტით შემოაკავა.  ამ ტრაგედიის სიმძაფრე სრულად მაშინ გავაცნობიერე, როცა ადგილზე გარდაცვლილის მეუღლე და შვილები დავინახე. ვერც ერთმა მათგანმა კომენტარის გაკეთება ვერ შეძლო. თუმცა მარტო მდგომი გარდაცვლილის ერთ-ერთი ვაჟი ერთსა და იმავეს იმეორებდა: - მამაჩემს გულზე ისეთი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, ინფარქტიც რომ მოსვლოდა, სამი საათი მაინც უნდა ეცოცხლა. ალბათ სცემეს, ხელი გულში მოახვედრეს და ასე სწრაფად იმიტომ მოკვდაო; ან რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, მკვდარი მამა სამი საათია პაპანაქებაში ავტობუსში მყავს და ექსპერტიზა არ მოდის, რომ სახლში წავიყვანოთო!

იქვე მანქანაში იჯდა გარდაცვლილი მეუღლეც - "რა ვქნა, რა გავაკეთო, არ ვიცი. დღეს მე და ჩემი მეუღლე სხვის დაკრძალვაზე მივდიოდით. სხვაზე ვტიროდით, იმ დაკრძალვისთვის ნაყიდი ყვავილები ახლაც მანქანაში მიდევს და ახლა ჩვენ გავხდით უბედურები" მითხრა მან და ლაპარაკი ვეღარ შეძლო. ვიღაცამ წყაკლი მიაწოდა, - იქვე გარდაცვლილის ნაცნობებიც იყვნენ.

გ. კ., გარდაცვლილის მეზობელი: -

"აქვე ცხოვრობდა ეს უბედური. რაინდი კაცი იყო, გოგონას გამოქომაგებია, იმ გოგოს კონტროლიორი ეუბნებოდა თურმე, - ბილეთი არ გაქვს და დაბლა ჩამოდიო. ეს კიდევ შეკამათებია, რას ჰქვია, გოგონა დაბლა ჩაგყავს, თუ ჯარიმის გამოწერა გინდა, აქვე გამოუწერეო. ამაზე გასკდომია გული, ყველას გული ხომ ვერ უძლებს იმ უხეშობას, რაც დღეს ხდება!

მ. დ: მგზავრი:

"ეს უბედური კაცი არაფერ შუაში არ იყო იმასთან, რაც ავტობუსში ხდებოდა, კონტროლიორი ბილეთს გოგონას სთხოვდა. ის უმტკიცებდა, მოსწავლე ვარ და ბილეთს იმიტომ ვერ ვიღებ, რომ საბუთი არ მაქვსო. კონტროლიორი კიდევ, - დაბლა ჩამოდიო! ახლა იმ კონტროლიორს რომ ჰკითხო, თავის მოვალეობას ასრულებდა და იმიტომ მიათრევდა იმ გოგოს დაბლა. შეიძლება კანონებით არ ისჯება, მაგრამ ისჯება თუ არ ისჯება, კაცი შეიწირა და ამას რაღა უშველის! მე როგორც ვიცი, ეგ კონტროლიორები რაღაც ტესტებს გადიან, სანამ სამსახურში მიიღებენ. ასე ასწავლიან იმ ტესტებში, რომ ადამიანი შეურაცხყავიო? კაცმა როგორ ვერ უნდა მოაგვაროს საქმე ისე, გოგოსთან ჩხუბი და აყალმაყალი არ ატეხოს. იმ საწყალმა კაცმა ვერ მოითმინა ეს, გოგოს გამოექომაგა. გულმა აღარ გაუძლო ალბათ. რომ შევხედეთ, კაცი წამში აღარ იყო."

მალხაზ გოგაშვილი, გამომძიებელი:

"ამ ინციდენტს შემთხვევით შევესწარი. შემიძლია ვთქვა, კანონის მიხედვით ამ საქმეში ჯერჯერობით მხოლოდ დაზარალებული და მოწმეები არსებობენ. რაც შეეხება კონტროლიორს, მას გამოძიების დასრულებამდე მსჯავრდებულად ვერ განვიხილავთ. კონტროლიორის მოვალეობაა მგზავრი გააკონტროლოს, ბილეთი შეიძინა თუ არა. თუ მგზავრს ბილეთი შეძენილი არ აქვს, კონტროლიორს უფლება აქვს, დააჯარიმოს. მხოლოდ გამოძიება დაადგენს გადაამეტა თუ არა კონტროლიორმა თავის უფლებამოსილებას. "

ამ კომენტარის შემდეგ შემთხვევის ადგილი დავტოვე, სადაც ცხედარი მომხდარიდან დაახლოებით სამი საათის შემდეგ, ისევ ავტობუსში ესვენა... და სადაც მოძრაობა ჩვეულებრივად აღდგა. ვისურვებდი ჩვენი მგზავრობა მართლაც ჩვეულებრივი, ანუ უსაფრთხო ყოფილიყოს!

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)