რატომ შეუჩერეს მღვდლობა ყოფილ პოლკოვნიკს?
საპატრიარქოს ინფორმაციით, ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მღვდელს მამა ნიკოლოზს, ყოფილ ციხის უფროს თეიმურაზ ტაბაღუას, სასულიერო პირის უფლებამოსილება შეუჩერეს. ცოტა ხნის წინ, ბაჩანა ახალაიას ადვოკატების მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში მამა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ 13 აგვისტოს, მთავარ პროკურატურაში კახა ჭუმბაძე და კიდევ ოთხი გამომძიებელი აიძულებდნენ, ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიეცა. მისივე თქმით, 12-საათიან ზეწოლას და შიმშილს ვერ გაუძლო და ცრუ ჩვენებას მოაწერა ხელი.
მთავარი პროკურატურის განცხადებით, თემურ ტაბაღუა 2006-2011 წლებში იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #1 დაწესებულების დირექტორი და მისი მფარველობის ქვეშ, პატიმრობასთან შეუთავსებელი პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობდნენ სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდადებული პირები. "კვირის პალიტრა" პატრიარქის მდივანს მამა მიქაელ ბოტკოველს ესაუბრა.
- სასულიერო პირად კურთხევის შემდეგ ერთპიროვნულად ექვემდებარები ეპისკოპოსს. მამა ნიკოლოზი, როგორც მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, ექვემდებარებოდა საქართველოს ეკლესიის მეთაურს, რადგან მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, არის ჩვენი პატრიარქი. პატრიარქს ჰყავს სამი ქორეპისკოპოსი და მდივანი. თუ სასულიერო პირის მიმართ ჩნდება რაიმე პრობლემა, თუნდაც მას საგამოძიებო ორგანოში იბარებენ, ის აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს თავის იერარქს, ამ შემთხვევაში პატრიარქს და თუ მისი მოუცლელობის გამო ჭიანურდება დაკავშირება, უნდა მიემართა მდივნის ან ქორეპისკოპოსებისთვის. მამა ნიკოლოზი არ დაგვიკავშირდა. ამასთან, ჯერ მისცა ჩვენება, შემდეგ კი შეცვალა.
ეს არის არასწორი ქმედება სასულიერო პირის მხრიდან. უპასუხისმგებლოს და არათანმიმდევრულს ვუწოდებდი მის განცხადებებს.
მისი ქმედება არანაირად არ ექვემდებარება სასულიერო პირის ქცევის ნორმებს, ამიტომაც საეკლესიო, ზნეობრივ საკითხთა კომისიამ, რომელიც შექმნილია მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მამა ნიკოლოზს შეუჩერდეს მღვდელმოქმედება.
- საზოგადოების და სასულიერო პირების ნაწილი მიიჩნევს, რომ სასულიერო პირები არ უნდა დაიკითხონ.
- სასულიერო პირობა არავის არ ათავისუფლებს საგამოძიებო ორგანოებთან ურთიერთობისა და ჩვენების მიცემისგან. სასულიერო პირი არის საზოგადოების წევრი და თუ მას გააჩნია ინფორმაცია ამა თუ იმ დანაშაულის შესახებ, უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. კონკორდატის თანახმად, მხოლოდ ეკლესიის მეთაურია ხელშეუვალი. დანარჩენი ყველა სასულიერო პირი ვექვემდებარებით ჩვეულებრივ კანონმდებლობას, რაც ითვალისწინებს ჩვენების მიცემასაც. სხვა საკითხია, როდესაც რაღაცას და მით უფრო ჩვენების მიცემას გაიძულებენ. თუ ეს ხდებოდა, მამა ნიკოლოზს უნდა შეეტყობინებინა ჩვენთვის, რაც არ მომხდარა.
- გამოითქვა მოსაზრება, რომ პოლკოვნიკი თემურ ტაბაღუა საკმაოდ იოლად გახდა მღვდელი.
- სასულიერო პირად გახდომას აუცილებლად სჭირდება სასულიერო, საღვთისმეტყველო განათლება. ამისთვის საქართველოში არსებობს სასულიერო სემინარიები და ორი სასულიერო აკადემია. გეთანხმებით, მამა ნიკოლოზს ასეთი განათლება არ მიუღია. ავტობიოგრაფიაში აცხადებს, რომ სასულიერო აკადემიაში მიმდინარე ლექციებს ესწრებოდა, როგორც თავისუფალი მსმენელი. როგორც გავარკვიე, მისი, როგორც თავისუფალ მსმენელად ლექციებზე დასწრების შესახებ სასულიერო აკადემიის რექტორი საქმის კურსში არ იყო. ასე რომ,
მას კლასიკური სასულიერო განათლება არ მიუღია.
მღვდლობამდე, წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა სასჯელაღსრულების სისტემაში. როგორც ჩანს, მას ჰქონდა აქტიური ურთიერთობა ეკლესიასთან. სასულიერო პირები, ვინც უფრო ახლოს იცნობენ, მარწმუნებენ, რომ წლების განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ ციხის უფროსი იყო, თემურ ტაბაღუა ერთ-ერთი ტაძრის მედავითნე გახლდათ. მედავითნე ყველაზე დაბალი რანგის სამსახურია ტაძარში. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ეკლესიასთან კიდევ უფრო სიახლოვემ გაუჩინა სურვილი, სასულიერო პირი გამხდარიყოო. ამიტომაც
ახლობელმა სასულიერო პირებმა უშუამდგომლეს ეკლესიის მეთაურის წინაშე, რომ ის მღვდლად ეკურთხებინათ.
ასეთ გამონაკლისებს ეკლესიის მეთაური სხვა შემთხვევებშიც უშვებდა ხოლმე. უწმინდესი თუ შეამჩნევდა, რომ ადამიანს სურდა ეკლესიის წიაღში მოღვაწეობა, ხშირად სასულიერო განათლების გარეშე დაურთავს ნება ადამიანი გამხდარიყო სასულიერო პირი. ასე მოხდა მამა ნიკოლოზის შემთხვევაშიც. თუმცა, მას აუცილებლად უნდა გაევლო შესაბამისი კომისია, რომელიც შექმნილია მისი უწმინდესობის მიერ. მსგავსი რამ მამა ნიკოლოზთან დაკავშირებით არ მომხდარა, რადგან მე თვითონ გახლავართ ამ სასულიერო პირების შერჩევის კომისიის წევრი.
- ასეთი გაიოლებული მღვდლად კურთხევა სახიფათოდ არ გეჩვენებათ?
- როგორც ჩანს, ჯგუფს, რომელსაც პატრიარქისგან გვევალება ამ საქმეზე ყურადღების მიქცევა, რაღაც გამოგვრჩა და მოვიკოჭლებთ.
ეს ადამიანური სისუსტეა, თორემ წინასწარგანზრახულობა არ ყოფილა. ამიტომაც მამა ნიკოლოზის პრეცედენტის შემდეგ მისმა უწმინდესობამ ძალიან მკაცრი მითითებები მოგვცა და კომისიის ახალი შემადგენლობით ჩამოყალიბება ბრძანა. ვიმედოვნებთ, განახლების შემდეგ კომისია პრაქტიკულად უშეცდომოდ იმუშავებს.
- არის შანსი, რომ მამა ნიკოლოზს კვლავ აღუდგეს მღვდლობა?
- დიახ, არ მომხდარა მისი განკვეთა, როგორც ეს ხდება სხვა შემთხვევაში, უფრო მძიმე დანაშაულებში დასჯის დროს, მაგალითად, როდესაც ადამიანი რამდენიმეგზის შეგონებას არ მიიღებს და არ დაემორჩილება ეკლესიის ხმას. როგორც მამა ნიკოლოზმა თქვა, მასზე ზეწოლა იყო, ამიტომ სავარაუდოდ კვლავ მოუწევს შესაბამის ორგანოებთან კითხვებზე პასუხის გაცემა, შესაბამისად, ალბათ მის მიერ გაკეთებული განცხადებების ნამდვილობაც საბოლოოდ დადგინდება. ამის შემდეგ ეკლესია იმსჯელებს, როგორ მოიქცეს მამა ნიკოლოზთან დაკავშირებით, კვლავ შეუჩეროს, თუ აღუდგინოს მღვდლობა.