მერაბ კოკოჩაშვილი – "რელიგიური ტოლერანტობა მე-12 საუკუნეში გვქონდა და ოცდამეერთეში ნუ დავკარგავთ!"
"დავით აღმაშენებელი პატივისცემას გამოხატავდა ყველა სარწმუნოების მიმართ და ეს პატივისცემა უნდა შენარჩუნებულ იქნას, თუ გვინდა შევინარჩუნოთ მაღალი კულტურა და ცივილიზებული ქვეყანა... განსხვავებული რელიგიების წარმომადგენლებს შორის პატივისცემა არსებობდა. იმ შეგნებას, რაც მეთორმეტე საუკუნეში გვქონდა, ოცდამეერთეში ნუ დავკარგავთ" - ამბობს ცნობილი რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, რომელიც სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს ეხმაურება და არ მალავს რომ მომხდარით შეშფოთებულია.
- უკანონობა და უსამართლობა ჩემთვისაც გამაღიზიანებელია, როგორც ყველასთვის... ყველას აქვს უფლება იყოს იმ რელიგიის აღმსრულებელი, რომელსაც აირჩევს და ამისთვის ხელის შეშლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე, საქართველოში თანაცხოვრება გვიხდებოდა იყო მრავალი რჯულის და რწმენის ხალხთან. ამიტომაც დგას თბილისის ქუჩებში განსხვავებული რელიგიის სალოცავები. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ამის აღკვეთა, თუ ადგილი აქვს მათი მხრიდან ძალადობას.. აუცილებლად გამოსარკვევია, რა მოხდა იქ სინამდვილეში. სამწუხაროდ დეტალები არ ვიცი, მაგრამ თემა ძალიან ფაქიზია და დიდი სიფრთხილე სჭირდება. ჯერ ყველაფერი ძალიან კარგად უნდა გარკვეულიყო. თუ რამე დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეიძლებოდა აღმოფხვრა, მაგრამ პატივისცემის გრძნობა არ უნდა იყოს დაკარგული, სხვის სარწმუნოებას უშვერად და უდიერად არ უნდა მოექცე. ტოლერანტობა ყოველთვის იყო საქართველოში. დავით აღმაშენებელი პატივისცემას გამოხატავდა ყველა სარწმუნოების მიმართ და ეს პატივისცემა უნდა შენარჩუნებულ იქნას, თუ გვინდა შევინარჩუნოთ მაღალი კულტურა და ცივილიზებული ქვეყანა... თუ გადავხედავთ მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების სპარსულ პოეზიას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რა ძალიან დიდი პატივისცემით არიან განმსჭვალული ქრისტიანობის და ქრისტეს მიმართ ცნობილი სპარსი პოეტები... განსხვავებული რელიგიების წარმომადგენლებს შორის პატივისცემა არსებობდა. იმ შეგნებას, რაც მეთორმეტე საუკუნეში გვქონდა, ოცდამეერთეში ნუ დავკარგავთ.
- როგორც ვიცი თქვენ ბევრი მუსლიმი მეგობარიც გყავთ...
- დიახ! როდესაც მოსკოვში ვსწავლობდი ინსტიტუტში, იქ ძალიან ბევრი მუსლიმი სტუდენტი იყო და მათთან ვმეგობრობდი. საქართველოშიც მყავდა ბევრი მეგობარი მუსლიმი. მე გადაღებები მქონდა ხულოს რაიონში დაახლოებით 40 წლის წინ. იქ ძირითადად მუსლიმი მოსახლეობა იყო და შესანიშნავად ვიყავით ერთმანეთთან. სამწუხაროდ, იმ პერიოდში მეჩეთი მათთვის დახურული იყო, რადგან 1972 წელი იყო. შემდეგ მოხდა სალოცავების გახსნა, მაგრამ მაშინაც კი, მათ არავინ არ უშლიდათ ხელს რწმენის აღსრულებაში. თუმცა ეს აღმსარებლობა არ ხდებოდა საჯაროდ და ზარ-ზეიმით. თუ შეიძლება ითქვას, ყველაფერს უხმაუროდ ასრულებდნენ... თუმცა, ახლა სხვა დროა და ყველა ზეიმი, ყველა მათი დღესასწაული ზარ-ზეიმითაც რომ იქნას შესრულებული, მათ ამის უფლება აქვთ. რომ ამბობენ ევროპის ქვეყნებში ამას კრძალავენო, მე ზუსტად გეტყვით, სინამდვილეში როგორც არის საქმე: საფრანგეთში უარი თქვეს იმაზე, რომ მუსლიმმა ქალებმა თავიანთი წესებით იარონ სკოლებში, თავშეყრის ადგილებზე და ა.შ. ეს აკრძალვას არ ნიშნავს, უბრალოდ არ აძლევენ უფლებას, თავიანთი წესი საჯაროდ შეასრულონ... საუბრის დასასრულს კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს უკიდურესად ფაქიზი და მტკივნეული თემაა და ყველას მოვუწოდებ, სათანადოდ მოვექცეთ!
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)