მელორ ვაჩნაძე: "სააკაშვილს მხდალი ვუწოდე და მთელი პიაცას მოედანი ტაშს უკრავდა"
"პრეზიდენტის პირადი მოთხოვნა იყო, რომ ტერიტორია დამეტოვებინა. რამდენჯერმე ხმამაღლა გაიმეორა, გაათრიეთო და ამან აღმაშფოთა. სააკაშვილის გასათრევი მგონი ქვა არ არის საქართველოში. ვერანაირად ვერ დავემორჩილებოდი. სხვათაშორის, ანდრო ბარნოვიც იქ იყო, რომელიც ხელების ქნევითა და ჟესტიკულაციით ცოდვილობდა რაღაცას," - აცხადებს მელორ ვაჩნაძე, რომელიც 2 დღის წინ ბათუმში, პიაცას მოედანზე მომხდარი ინცინდენტის გამო დააკავეს.
მელორ ვაჩნაძე:
"პიაცას მოედანზე ჩემს საცოლესთან ერთად ვიყავი, ვსადილობდით. დაცვის თანამშრომელი მოვიდა და ტერიტორიის დატოვება მომთხოვა. ვკითხე, რა ხდებოდა და მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი, რადგან სააკაშვილი იყო მოსული. მოვიხედე და სააკაშვილი სულ ახლოს იჯდა. რა თქმა უნდა, არ დავემორჩილე დაცვის მოთხოვნას და ამან გამოიწვია ის, რაც შემდეგ მოხდა - ყველაფერი სერიოზულ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
რა თქმა უნდა, არ მოვერიდე და სააკაშვილს მხდალი ვუწოდე. მთელი პიაცას მოედანი ტაშს უკრავდა. ძალადობა ამან გადააფიქრებინა. ადმინისტრაციული წესით დამაკავეს, მიხეილ სააკაშვილი კი პიაცაზე დარჩა და მეორე დღეს კი ანდრო ბარნოვი რაღაც სისულელეებს როშავდა.
- როგორც შემდეგ გაირკვა, თქვენმა საცოლემ მომხდარი საკუთარი "აიპადით" გადაიღო, რომელიც შემდეგ პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა ჩამოართვეს...
- დიახ, წაღებული აქვთ და თუმცა, მობილურითაც გადაღებულია ყველაფერი და "ფეისბუკზე"ავტვირთავ.
- სასამართლო გუშინ შედგა. ბრალი რა მუხლით იყო წაყენებული და როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი?
-ბრალი ორი მუხლით მქონდა წაყენებული - ერთი წვრილმანი ხულიგნობა და მეორე პოლიციის არ დამორჩილება. პოლიციის არ დამორჩილების კუთხით მოსამართლემ გამამართლა, ხოლო წვრილმანი ხულიგნობის, კერძოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალის საფუძველზე 100 ლარით დამაჯარიმეს.
- ანუ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მელორ ვაჩნაძე პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის დააკავეს, სიმართლეს არ შეესაბამება და რეალურად საზოაგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დაგაპატიმრეს?
-დიახ, არც შემიგინებია და არც არაფერი. უბრალოდ სიმართლე ვუთხარი პირში.
-საკმაოდ ხშირად ეხვევით ასეთ სკანდალებში. მორიგი დაკავება სოციაოლურ ქსელებში საზოგადოების განხილვის საგნად იქცა. ზოგი აცხადებს, რომ ეს თქვენ უკვე ჰობად გექცათ. რას იტყვით ამის შესახებ?
- ნამდვილად არ მოვქცეულვარ ისე, რაც ჩემი დაკავების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო და თუ ანდრო ბარნოვის ნათქვამის სჯერათ და ჩემი არა - ეს სხვა საქმეა.
ამიტომ, შსს-ს ვთხოვ, პიაცას მოედანზე ვიდეოთვალის მიერ საღამოს 10-დან 12-საათამდე გადაღებული სრული ჩანაწერი გამოაქვეყნონ, რომ გაირკვეს, თუ რა მოხდა რეალურად - ვინ ვისთან მივიდა, ვინ ვის მიაყენა შეურაცხყოფა და ვინ ვის შეეხო ფიზიკურად.
- როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტმა რა მიზეზით შეიძლება მოეთხოვა თქვენს მიერ პიაცას დატოვება?
- წლების განმავლობაში სააკაშვილი რესტორნებიდან, კაფეებიდან, სუში ბარებიდან ჩვენს დანახვაზე გარბოდა და ალბათ, თავის საპრეზიდენტო ვადის მიწურულს, ვაჟკაცობის გამოჩენა მოუნდა, მაგრამ ფეხი არ ჩაუვიდა. მოუსმინეთ მის გუშინდელ განცხადებას, სადაც საკუთარ მოქალაქეებს ზოოპარკის ბინადრები გვიწოდა?
ამის მერე,კიდევ უკვირს ხალხის აგრესია მის მიმართ. სააკაშვილს ზოოპარკი ოჯახში აქვს და ჩვენ გვიწოდებს ცხოველებს? ის პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე ასეთ კონტექსტში საუბრობს, არ შეიძლება დემოკრატიულ და გაწონასწორებულ პრეზიდენტად აღიქმებოდეს. ეს არის მართლაც კრიმინალი და ავადმყოფური, შიზოიდური აზრების მქონე ადამიანი, რომელიც იქამდე დავიდა, რომ საკუთარ მოქალაქეებს ცხოველებს უწოდებს.
თეო გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)