"არც ცუნამი იქნება და არც ტორნადო, პანიკის საფუძველი არ არსებობს"
"ვაფრთხილებთ საზოგადოებას, რომ ყურადღებით იყვნენ - 5 სექტემბერს გარეთ არ გავიდნენ, სოფლებში პირველი სართულიდან მეორეზე აიტანონ ნივთები, საკვები პროდუქტები. განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში, რადგან ძირითადი დარტყმა დასავლეთ საქართველოზე იქნება," - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელი სვეტლანა ნიორაძე. ამასთან, დასძენს, რომ ახლო მომავალში ციკლონის განმეორებით შემოჭრაც შესაძლებელია.
- ამინდის პირობების გაუარესებას 4 სექტემბრის საღამოდან ველოდებით. ციკლონი და მასთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები ბალტიის ზღვიდან მოძრაობს და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება, მაგრამ ცენტრი ჩვენგან ათასობით კილომეტრითაა დაშორებული. ციკლონის შემოჭრა შავი ზღვის სანაპიროდან დაიწყება და შემდეგ მთელ საქართველოზე გადმოვა. აღმოსავლეთ საქართველოში, გორში, ხაშურში, მაღალმთიან რეგიონებსა და დასავლეთ საქართველოში ძალიან ძლიერ წვიმას ველოდებით.
ქარი გაძლიერდება, ძლიერი შტორმია მოსალოდნელი, მდინარეებში მნიშვნელოვნად მოიმატებს წყალი და ზოგიერთ მდინარეზე ძლიერ წყალმოვარდნასაც ველოდებით. 2-3 დღეში, როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, ღვარცოფსაშიში და მეწყერსაშიში ზონები გააქტიურდება - ჩვენს პროგნოზზე დაყრდნობით გეოლოგები ამას ვარაუდობენ.
- გვაძლევს თუ არა თქვენი პროგნოზი პანიკის საფუძველს?
- არა. პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. უბრალოდ, აუცილებელია მივიღოთ პრევენციული ზომები და მოსახლეობას მოსალოდნელი რისკები ავუხსნათ. ჩვენს სამსახურში რეკავენ მოქალაქეები და გვეკითხებიან, ცუნამი იქნება თუ არა. არც ცუნამი იქნება და არც ტორნადო, ცუნამი შავ ზღვაში არ არსებობს.
ჩვენ უბრალოდ ვაფრთხილებთ საზოგადოებას, რომ ყურადღებით იყვნენ - 5 სექტემბერს გარეთ არ გავიდნენ, სოფლებში პირველი სართულიდან მეორეზე აიტანონ ნივთები, საკვები პროდუქტები. განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში, რადგან ძირითადი დარტყმა დასავლეთ საქართველოზე იქნება.
- როგორც თქვით, ჰაერის ტემპერატურა დაიწევს. სეტყვა თუ არის მოსალოდნელი?
- დიახ, სეტყვაც მოსალოდნელია, მაგრამ უფრო აღმოსავლეთ საქართველოში. თუმცა, შესაძლებელია, მთელ საქართველოში იყოს, რადგან ძალიან ცივი ჰაერის მასები შემოდის და ამინდის არასასურველ პირობებს გამოიწვევს.
- ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი იქნება?
- ზარალი, ალბათ, გარდაუვალია. თუმცა, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება იგი, ძნელი სათქმელია.
- როდის უნდა ველოდოთ ციკლონის დასასრულს?
- სავარაუდოდ, 6 სექტემბერს დილით ციკლონი კავკასიის რეგიონს უკვე გასცდება.
- თუ არის შესაძლებელი იმის პროგნოზირება, განმეორდება თუ არა ციკლონი ახლო მომავალში?
- გამორიცხული არ არის. 10 სექტემბრამდე პატარა შესვენებაა და სავარაუდოდ, ამის შემდეგ ამინდის პირობები ისევ უნდა გაუარესდეს.
- შავ ზღვის სანაპირო ზოლზე როგორ მდგომარეობას უნდა ველოდოთ? არის საშიშროება, რომ წყალი ჯებირებამდე ამოვიდეს?
- რა თქმა უნდა. ზღვაზე ძლიერ შტორმს ველოდებით. ამიტომ, იქ მყოფი მოქალაქეები და ადგილობრივები გაფრთხილდნენ, მანქანები სანაპიროსთან არ გააჩერონ და სახლის მეორე სართულზე გადაინაცვლონ, გარეთ არ გამოვიდნენ და ა.შ. უბრალოდ, პანიკაში არ უნდა ჩავარდნენ.
თეო გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)