"რად გვინდა ეს მიწა-წყალი, თუ აქ ქართველმა არ იცხოვრა?"
"ქართველი ერი ყოფნა-არყოფნის საფრთხის წინაშე დგას და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ თავი დავაღწიოთ ფიზიკური არსებობის შეწყვეტის საშიშროებას", - აცხადებს დემოგრაფი პროფესორი ანზორ თოთაძე, რომლის თქმითაც, დიდი ქალაქების გარდა, ქართველებით დასახლებულ ყველა რეგიონში მოსახლეობის კლებაა (გამონაკლისს მხოლოდ საჩხერე წარმოადგენს).
ანზორ თოთაძე:
- საქართველოში 59 მუნიციპალიტეტია და აქედან 36 მუნიციპალიტეტში უფრო მეტი მოქალაქე კვდება, ვიდრე იბადება. მოსახლეობა იკლებს გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, კახეთში (გამონაკლისია საგარეჯო და თელავი, სადაც ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს), რაჭაში, მცხეთა-მთიანეთში, სვანეთში, შიდა ქართლში. მოსახლეობის მატებაა ქვემო ქართლში, რომელიც ძირითადად აზერბაიჯანელებით არის დასახლებული. მოსახლეობის კლებაა თეთრი წყაროში. მოსახლეობის მატებაა სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც და ესეც არაქართველი მოსახლეობის ხარჯზე. ამ რეგიონის ქართველებით დასახლებულ რაიონებში - ბორჯომსა და ახალციხეში მოსახლეობის კლებაა. საგანგაშო მდგომარეობაა რაჭასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.
დაახლოებით 10 წელიწადში თავს მეტად იჩენს შობადობის შემცირება, რომელიც პიკს მიაღწევს 2025 წელს. მხოლოდ აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, რომელიც ხანგრძლივ პერიოდზე უნდა იყოს გათვლილი, შეგვიძლია ეს პროცესი შევანელოთ და სასურველ შედეგს გარკვეული დროის შემდეგ მივაღწევთ.
1980-89 წლებში საქართველოში 455 ათასი გოგონა დაიბადა, ხოლო 2000-2009 წლებში 236 ათასი. 1980-89 წლებში დაბადებული გოგონები ახლა აღწევენ ისეთ ასაკს, სადაც ყველაზე მაღალია ნაყოფიერება და ამის გამო დღეს შედარებით მეტი ბავშვი იბადება, მაგრამ, როდესაც 2000-2009 წლებში დაბადებული გოგონები მიაღწევენ ამ ასაკს, შობადობა მნიშვნელოვნად შემცირდება. გოგონებზე ხაზგასმას იმიტომ ვაკეთებ, რომ ბავშვს ქალი ბადებს. ბიჭი მილიონობითაც რომ დაიბადოს, ამას სამომავლოდ დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელობა არა აქვს.
მეტად საშიშია ემიგრაციული პროცესი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 4,5 მლნ-ია, მაგრამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის შემცირდება და დაახლოებით 3,2 მლნ-მდე დაიწევს. მოსახლეობის რაოდენობა, ძირითადად, ქართველების ხარჯზე შემცირდება, რაც ჩვენი ერის კატასტროფას ნიშნავს.
2011 წელს 1 წლამდე 703 ჩვილი გარდაიცვალა. ყოველი ათასი დაბადებულიდან თითქმის 10 მკვდრადშობილი იყო. ჩვენი სტატისტიკის თანახმად, შემცირებულია 1 წლამდე ასაკის ბავშვების გარდაცვალება, თუმცა ეს მაჩვენებელიც კი გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით შემაშფოთებელია: 2010 წელს ყოველი ათასი დაბადებულიდან 33 ჩვილი გარდაიცვალა. ცნობილი ფრანგი დემოგრაფი სორი ამბობდა, - ვერც ერთი ფინანსისტი, როგორი მკაცრიც უნდა იყოს იგი, უარს ვერ იტყვის სახსრებზე, რომელიც აუცილებელია ბავშვთა სიკვდილიანობის შესამცირებლადო. რაც უნდა დიდი იყოს დანახარჯი, არ შეიძლება ბავშვს სიკვდილის განაჩენი გამოვუტანოთ, რათა ცოცხლად დარჩენილთა უფრო უკეთესი ცხოვრება უზრუნველვყოთ. როდესაც ჩვენი სატელევიზიო არხები თითქმის ყოველდღიურად აცხადებდნენ მძიმედ დაავადებული ბავშვებისთვის დახმარების გაწევაზე, პრეზიდენტის ახირებით ასეულობით მილიონი ლარი იხარჯებოდა ძვირად ღირებულ კონცერტებზე, პოტიომკინის სოფლებსა და დაღვლარჭნილ შენობებზე. როდესაც ერის ფიზიკური წყვეტის, მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, პრეზიდენტმა თავისი საქმიანობა დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად, შობადობის გასაზრდელად უნდა წარმართოს და თავის ხუშტურებზე არ უნდა ფიქრობდეს.
- საგანგაშოა ისიც, რომ იცლება საზღვრისპირა სოფლები, სადაც გლეხს მესაზღვრის ფუნქციაც ჰქონდა.
- უბედურებაა, რომ მთიანი სოფლები იცლება. 10-15 წელიწადში რაჭა-ლეჩხუმს გადაშენება ემუქრება და თუ საგანგებო ღონისძიებებს არ მივმართეთ, იქ გაუკაცრიელება დაიწყება, რაც უკვე გვაქვს ჩვენს ისტორიულ პროვინციებში: თუშეთში, ფშავსა და ხევსურეთში. დღეს იქ თითო-ოროლა კაცი ცხოვრობს, საუკუნის წინ კი 5-6 ათასი მცხოვრები იყო. ბევრ სოფელში უკანასკნელი კერაც გაცივდა. 162 ქართულ სოფელში მოსახლეობა საერთოდ აღარ არის.
- კანონზომიერებაა, რომ ცარიელი ადგილი დიდხანს არ რჩება და ქართველების ადგილს უკვე სხვა ეროვნების ხალხი იკავებს.
- უბედურებაა ქართველების ქვეყნიდან ემიგრაცია. წასვლისას ამბობენ, დავბრუნდებითო, მაგრამ ძალიან ცოტა დაბრუნდება. ქართველები საქართველოდან მიდიან და მათ ადგილს უცხოტომელები: აფრიკელები, ინდოელები, პაკისტანელები და ჩინელები იკავებენ. არ შეიძლება უცხოელების ასე ხელაღებით შემოშვება! "ნაციონალურმა მოძრაობამ" თითქმის 100 ქვეყანას მისცა უვიზოდ საქართველოში შემოსვლის უფლება და ქვეყანა აივსო სხვადასხვა ჯურის ხალხით. ხომ უნდა დაფიქრდეს ვინმე, რატომ არ იქცევა ასე ჩვენი მეზობელი სომხეთი? სომეხი უვლის თავის მიწა-წყალს და სხვატომელს იქ არ უშვებს. თუ წლების წინ სომხეთში მოსახლეობის 97% იყო სომეხი, ახლა 99%-ია. ჩვენ კი ამ მიმართულებით თუ რამე ვთქვით, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოცვივდებიან, ქსენოფობიას დაგვაბრალებენ და არავინ ფიქრობს, რა იქნება მომავალში ასეთი პოლიტიკის შედეგი.
- გავიგე, რაჭიდან ქართველები გარბიან, მაგრამ იქ ბოლო დროს ჩინელები გამოჩნდნენ და კარგი მოსავალიც მოჰყავთო.
- უნდა აღირიცხოს, რამდენი მიწა გაიყიდა უცხოელზე. გადამთიელები აქ მიწის დიდი მასივების შესაძენად მოდიან. ჩვენი სიმდიდრე თანდათან სხვის ხელში გადადის. ქართველები ჩვენს ეროვნულ სიმდიდრეს თუ ასე გავანიავებთ, ნაქურჩალის ამარა დავრჩებით.
- "ნაციონალებისგან" მსმენია, უცხოელები მიწას ზურგზე ხომ ვერ მოიკიდებენ და წაიღებენო.
- რას ჰქვია, ზურგზე არ მოიკიდებენ. როდესაც მიწა მათი საკუთრებაა, იქ არ შეგიშვებს. ციმბირიდან რუსებმა ჩინელები და იაპონელები განდევნეს, რადგან მათ იჯარით აღებული ტყეები გაჩეხეს, ნაფოტიც კი არ დატოვეს ტყეში. ნაფოტებისგან კბილის საჩიჩქნი ჩხირები გააკეთეს და ნახერხისგან - პამპერსები. ინვესტორებმა მიწის ნაყოფიერი ზედა ფენა აიღეს და მატარებლებით გაიტანეს ჩინეთსა და იაპონიაში. უცხოელები რას დაეძებენ ჩვენს მიწას, როდესაც მარტო მოგებაზე ფიქრობენ. ხელში ჩაიგდებენ, ყველაფერს, გამოწოვენ და გამოშიგნავენ. მარტო მიწას კი არ იყიდიან, ყველაფერი მათ ხელში აღმოჩნდება. მე-19 საუკუნის მიწურულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მთელი ქართველების ქონება სომხების ხელში გადავიდა. რუსთაველის (მაშინდელი გოლოვინის) პროსპექტზე მხოლოდ 2 სახლი იყო ქართველების. ოქტომბრის რევოლუციამ სულზე მოგვისწრო, თორემ რა გველოდა ჩვენი ბედოვლათობის გამო, კაცმა არ იცის.
- გახშირებული ქორწილები სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან რა გავლენას მოახდენს დემოგრაფიულ სურათზე?
- გენოფონდი რომ არ გადაგვარდეს, ეროვნებათაშორისი ქორწინების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. პროფესორმა ვაჟა გურგენიძემ გამოიკვლია 1980-88 წლებში იმ ოჯახების მდგომარეობა, სადაც ერთი მშობელი არაქართველი იყო. როცა მამა ქართველი იყო და დედა სხვა ეროვნების, 2%-ის გარდა, ყველა შვილი ქართველად იწერება, მაგრამ როდესაც მამა სხვა ერის იყო და დედა ქართველი, ბავშვების მხოლოდ 40% იწერებოდა ქართველად. 1988 წელს თბილისში ქართველთა ეროვნებათაშორისი ქორწინებების 90%-მდე მოდიოდა რუსებზე, სომხებსა და ოსებზე. ადრე თუ ძირითადად ვაჟები ქორწინდებოდნენ სხვა ერის წარმომადგენლებზე, ახლა გოგონებმა გაასწრეს. ჩვენი გოგონები ახლა ადვილად თხოვდებიან აფრიკელებზე, ინდოელებზე, ევროპელებსა და ამერიკელებზე.
ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, რა საფრთხის წინაშე ვართ. რად გვინდა ეს მიწა-წყალი, თუ აქ ქართველმა არ იცხოვრა? ქართველი ერის გადასარჩენად დემოგრაფიული აღორძინების ფონდი მესამე შვილზე ოჯახებს ყოველთვიურად დაეხმარება. დემოგრაფიულ პრობლემას მხოლოდ რამდენიმე ოჯახის მრავალშვილიანობა ვერ გადაწყვეტს. ქართველი ერის გადარჩენა მხოლოდ ყოველ ოჯახში დაბადებულ მესამე შვილს შეუძლია.