რეზო ჭეიშვილი : "ზაზა ბურჭულაძე ერთი უნიჭო კაცია, რომელიც პროვოკაციებით საზრდოობს"
"ეროტიკული წიგნების ბედი ბათუმის მაღაზიებში" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "ნეტგაზეტი", სადაც წიგნის მაღაზია "ლამპარის" მფლობელი დავით ბარამიძე იხსენებს: "რამდენიმე წლის წინ თბილისიდან ზაზა ბურჭულაძის "ხსნადი კაფკა" ჩამოვიტანე. მხოლოდ 10 ეგზემპლარი, რადგან ახალი გამოსული იყო და ბევრის წამოღებას მოვერიდე, მაინტერესებდა როგორ მიიღებდა მკითხველი. რამდენიმე ხანში შევნიშნე, რომ თაროზე ეს წიგნები აღარ ეწყო, ვიფიქრე, რომ გაიყიდა და ისევ ჩამოვიტანე. კონსულტანტმა გოგონებმა რომ დაინახეს, შემომჩივლეს, თუ კიდევ ჩამოიტან, მომავალ თვეში უხელფასოდ დავრჩებითო. თურმე, გადაუთვალიერებიათ და ამდენი ეროტიკული სცენა რომ ნახეს, თავიანთი ხელფასით იყიდეს და დაწვეს. მე თუ მკითხავთ, სირცხვილიცაა რელიგიური თემატიკის წიგნებთან ასეთი ლიტერატურის დადება," - ამბობს დავითი...
უნდა მოხდეს თუ არა წიგნების დაწვა, როგორიც არ უნდა იყოს იგი, ამ საკითხზე ცნობილი მწერალი - რეზო ჭეიშვილი გვესაუბრა ...
- ზაზა ბურჭულაძეს არ ვიცნობ და არავითარი სურვილი არ მაქვს, მისი შემოქმედება ვიკითხო. ეგ არის ერთი უნიჭო კაცი, რომელიც პროვოკაციებით საზრდოობს. მას მწერლობასთან კავშირი არ აქვს! მასეთები ხდებიან ახლა პოპულარულები. თუმცა, წიგნი, მისიც რომ იყოს, დასაწვავად მაინც მენანება. ზუსტად არ ვიცი, რატომ მოაწყვეს სახალხოდ ჭიაკოკონა? არ გინდა, არ მოგწონს, რაც დაწერეს? არ იყიდო და არ წაიკითხო. წიგნების დაწვა რაღა უბედურებაა, ბერიას დროს წვავდნენ წიგნებს. საკუთარი წიგნი შეიძლება დაწვა კაცმა, მაგრამ სხვისი წიგნის, რაც არ უნდა უვარგისი და უგვანო იყოს, დაწვა არ შეიძლება. ეგეთი წიგნები ყოველთვის იყო, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, მაგ ლიტერატურას მეტი მკითხველი ჰყავს, ვიდრე ნამდვილ, ღირებულ შემოქმედებას.
- ვლადიმირ ნაბოკოვი, სერგეი დოვლატოვი, ჰენრი მილერი... მათი შემოქმედებაც ძალიან თამამი იყო...
- ახლა იმასაც მეკითხებიან, თქვენ დროს არ იწერებოდა თამამი წიგნებიო? - როგორი წიგნები, ბურჭულაძე რომ წერს? - მეასედ ვიმეორებ, იგი არის უნიჭო! ჩვენ დროს ცენზურა არსებობდა, კონტროლი იყო და ჩვენ თავისუფლები არ ვიყავით. ამათ დროს ცენზურა აღარ არსებობს და უნახავმა რა ნახაო - ადამიანი რომ განთავისუფლდება, მერე ყველაფერი კი არ უნდა იკისროს! მიხეილ ჯავახიშვილსაც ჰქონდა ეროტიული სცენები "ჯაყოს ხიზნებში", მაგრამ მან ნიჭიერად შეფუთა. ანუ ნიჭიერი ადამიანი ასეთ რამეს ნიჭიერად წარმოაჩენს. მსოფლიო თანამედროვე მწერლობაშიც ბევრი თამამი რამ იწერება, მაგრამ იქაც ნიჭიერად აკეთებენ. აქ ისე წერენ, მარტო პორნოგრაფია გამოდის მერე.
- ბატონო რეზო, მიუხედავად თქვენდამი დიდი პატივისცემისა, მაინც უნდა გკითხოთ. ასეთი მკაცრი ვერდიქტი რომ გამოგაქვთ, თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებას სათანადოდ იცნობთ?
- თანამედროვე გააჩნია, ვინ არის? ზოგიერთი მარტო იმიტომ წერს, რომ გაყიდვა ეჩქარება და ფულის შოვნა უნდა. მე არ ვარ ასეთი შემოქმედების მოყვარული, არც სპეციალისტი და არც მკითხველი. არც მათზე საუბარი მაინტერესებს და ბოდიშს თქვენ მოგიხდით.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)