"ან ცოცხალი მაპოვნინეთ, ან დამანახეთ ჩემი შვილის მკვლელი!"
"იმ ქალს ქმრისთვის დაურეკავს, აქ ერთი ქართველი გოგოა, ორი წელია ქუთაისიდან გაუტაციათ, 20-21 წლის არის, ნათია გიორგიძეაო"
საქართველოში ადამიანები უგზო-უკვლოდ იკარგებიან. კანონის თანახმად, პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუკი მისი ადგილსამყოფლის დადგენა ორი წელი ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 4 წელიწადში საქართველოში 631 კაცი გაუჩინარდა, აქედან მხოლოდ 61 დაბრუნდა, ხოლო 69 - გარდაცვლილი იპოვეს, დანარჩენების კვალს ძალოვანებმა ვერ მიაგნეს. მხოლოდ წელს საქართველოში 83 კაცი დაიკარგა. შემაშფოთებელია მცირეწლოვანების გაუჩინარების სტატისტიკაც. ბოლო ოთხ წელიწადში 62 არასრულწლოვანი დაიკარგა, აქედან მხოლოდ 12 ბავშვია ნაპოვნი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე ხშირად 25-დან 44 წლის ასაკის ადამიანები იკარგებიან.
სულისშემძვრელი იყო ჩვენს გაზეთში ახლახან გამოქვეყნებული ინტერვიუ ლამზირა მახარაძესთან. ის დაკარგული 17 წლის დარეჯან დიასამიძის დედაა. სოფლიდან გაუჩინარებული გოგონას კვალს დღემდე ვერ მიაგნეს. დიასამიძეებისგან განსხვავებით გაუმართლა ჩარგაზიებს. სამართალდამცველებმა რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ზუგდიდელი 24 წლის თეონა ჩარგაზია იპოვეს. გოგონა 28 ივლისს, დასთან ერთად ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე იყო, საიდანაც მოულოდნელად გაუჩინარდა. დაკარგული გოგონა დიდი ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ნასაგურში იპოვეს და ოჯახს ჩააბარეს.
ქუთაისელი 19 წლის ნათია გიორგიძე 2010 წლის 31 ოქტომბერს დაიკარგა.
რუსუდან გიორგიძე, ნათია გიორგიძის დედა: - ჩემი გოგონა სამი წლის წინ, 31 ოქტომბერს, დღის 12 საათზე გავიდა სახლიდან. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო. ნათია დღის 3 საათზე პუშკინის ქუჩიდან დაიკარგა. პოლიციას მაშინვე მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ, ვერსად მიაგნეს.
ვიდეოკამერამ იმ ტერიტორიაზე იმ დროს შავი ჯიპი დააფიქსირა, მაგრამ სამართალდამცავებმა მისი მეპატრონის დადგენა ვერ შეძლეს. დღემდე შემოდებულია თაროზე ჩემი შვილის საქმე.
- ქალბატონო რუსუდან, თქვენ რა ვერსია გაქვთ?
- ვერსია და კითხვა ბევრია, მაგრამ პასუხი არ არის.
ერთხელ შევიტყვეთ, რომ საბერძნეთიდან ბაღდათელი ქალი დაუკავშირდა მეუღლეს და უთხრა, ნათია თურქეთში ვნახეო. ის ქალი არალეგალურად მიდიოდა საბერძნეთში. თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში შემთხვევით შეხვედრია ჩემს შვილს. იმ ქალს ქმრისთვის დაურეკავს, აქ ერთი ქართველი გოგოა, ორი წელია ქუთაისიდან გაუტაციათ, 20-21 წლის არის, ნათია გიორგიძეაო. თუმცა შემდეგ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, ის ქალი იქ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა და ჩამოასვენეს. მისი მეუღლე კი თავს იკავებს ამ დეტალებზე საუბრისგან, ამბობს, არ მახსოვს, რა გვარი მითხრა ცოლმაო. სამწუხაროდ, გამოძიება ამ ინფორმაციით არ დაინტერესებულა.
- თვლით, რომ თქვენი შვილი ტრეფიკინგის მსხვერპლია და საქართველოდან გაიყვანეს?
- დიახ. ასაკი, აღწერილობა ჩემი შვილისას ემთხვევა. ვის არ მივმართე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. გამწარებული დედა ვარ, ისღა დამრჩენია, ვისზეც ეჭვი მაქვს, მასზე ვიძიო შური.
- ეჭვი ვინმეზე გაქვთ?
- ნათიას ჰყავდა მეგობარი გოგონა, რომელიც დაკარგვამდე 6 თვით ადრე გაიცნო. ვფიქრობ, ის არის გარეული ამ საქმეში, მან იცის სიმართლე.
- ძალოვანებს რა ვერსია აქვთ?
- თითქოს ჩემი შვილი რიონში დაიხრჩო და წყალმა წაიღო. თუ მდინარეში დაიხრჩო, ცხედარი მაინც ხომ უნდა გვენახა. დღისით დაიკარგა ბავშვი, თვითმხილველი არ არსებობს, რომ რამე გვითხრას. ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა, ამიტომ ამ ვერსიას გამოვრიცხავ.
მინდა ვთხოვო ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს, ჩვენისთანა გაჭირვებულ ოჯახებს მოგვხედონ. ჩემი ნათია თუ ვინმემ მოკლა, რატომ უნდა მოეკლათ? რა მოგებას ნახავდნენ, ან ასეც რომ ყოფილიყო, ცხედარი ხომ მაინც უნდა მენახა? სამართალდამცავებმა ნათიას სატელეფონო საუბრები ამოიღეს, იმ გოგოს ჩემი შვილის დაკარგვამდე ერთი საათით ადრე 16 მესიჯი აქვს გაგზავნილი, სამწუხაროდ, მესიჯების წაკითხვა ვერ შევძელით.
იმედის ნაპერწკალი ჯერ ისევ მაქვს, თუ არა და, იმ გოგოზე ვიძიებ შურს, ჩემს სიმწრით გაზრდილ შვილს არავის შევარჩენ.
"გემუდარებით, მიშველეთ, შვილი მაპოვნინეთ "
ოჯახი 4 თვის წინ დაკარგულ 22 წლის ოთარ ლაზაშვილს ეძებს. ოთარი მწყემსი იყო და ცხვრები მთაში ჰყავდა. იგი 15 მაისს გაუჩინარდა.
მაია (ციცო) ლაზაშვილი, დაკარგულის დედა: - 5 წელი შვილი არ მყავდა. ოთარი ჩემი ნანატრი შვილი იყო. მერე გოგონაც გამიჩნდა და ბედნიერად ვცხოვრობდით.
გურჯაანში, კულტურის ცენტრში ვმუშაობ მთავარ სპეციალისტად. ოთარმა ბავშვობიდანვე შეიყვარა შრომა. ოცნებობდა, რაც შეიძლება ბევრი საქონელი ჰყოლოდა. ფულს აგროვებდა და ხან კვიცს ყიდულობდა, ხან ხბოს, ხან ცხვარს. ასე მოამრავლა საქონელი. გურჯაანის ცენტრში ბინა რომ ვიყიდეთ, მას მაინც გული სოფლისკენ მიუწევდა, სულ ჩუმლაყში გარბოდა. იხვები, ქათმები, ცხვრები ჰყავდა. ზაფხულში ცხვრები მთაში დაჰყავდა. მაშინ ნაუცბადევად წავიდა და ამაში თავს ვადანაშაულებ.
- რატომ?
- მე ვთხოვე, რომ ცხვრები მთაში წაეყვანა. მას კი წასვლა არ უნდოდა. როგორც მითხრეს, იმ პერიოდში გურჯაანის გამგეობაში 23 კაცის ხელმოწერით შევიდა განცხადება. წერდნენ, შეიძლება ოთარის ცხვრებმა ჩვენი ნაკვეთები დააზიანოსო, ამიტომ გამგეობამ ჩემს შვილს ათდღიანი ვადა მისცა, რომ ცხვრები გაეყვანა სოფლიდან. ეს რომ გავიგე, ვუთხარი, გაიყვანე-მეთქი. არადა, ღელეს ტერიტორიაზე აბალახებდა ცხვრებს. ის ტერიტორია თავისი ხელით მოაწყო, არავის არაფერს უფუჭებდა. თავისი ხელით აიშენა სადგომი.
ღამის სამ საათზე დავადექი თავზე, დედი, გეხვეწები, გაიყვანე ცხვრები, ხალხს ნუ გადაუდგები-მეთქი. დედა, მთაში გული არ მიმიწევსო, მითხრა, მაგრამ ხათრი ვერ გამიტეხა და წავიდა. 3 მაისს წავიდა. 10 დღე გზაში იარა და ბოლოს ბარისახოსთან დაბანაკდა. სოფლიდან 3 კილომეტრის დაშორებით, საბერწეს მთებს რომ ეძახიან, იქ. მასთან ერთად ორი თანასოფლელი ბიჭი იყო, უბრალოდ იცნობდნენ ერთმანეთს, მეგობრები არ ყოფილან. იქ ჩემი მეუღლეც ავიდა. 15 მაისს საღამოს მამა-შვილი სოფელში უნდა დაბრუნებულიყვნენ.
მამა-შვილი რომ უნდა წამოსულიყო, მწყემსს უთქვამს, ნუ წახვალთ ასე გვიან, გზა არ იცით და დაიკარგებითო. ჩემი ქმარი დარჩა, ოთარი საღამოს 9 საათზე მარტო წამოვიდა და მას მერე დაიკარგა. ვერ გავიგე, ცამ ჩაყლაპა? ნემსი იყო და გაქრა? დარწმუნებული ვარ, იმ დღეს იქ რაღაც მოხდა, რასაც მალავენ.
გემუდარებით, მიშველეთ, შვილი მაპოვნინეთ. დახმარებისთვის მივმართე მთავარ პროკურორ კბილაშვილს, შს მინისტრ ღარიბაშვილს, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. მეტის გაძლება აღარ შემიძლია. მინდა ჩემი შვილი ვიპოვო, დამეხმარეთ, ან ცოცხალი მაპოვნინეთ, ან დამანახეთ ჩემი შვილის მკვლელი!
- თქვენი მეუღლე რას ამბობს?
- ამბობს, ოთარი რომ წავიდა, ცოტა ხანში ბიჭები ცხენებით გამოედევნენ, რომ დასწეოდნენო, მაგრამ თქვეს, ვერ ვიპოვეთო. მეორე დღესვე ავტეხე განგაში, სამაშველო სამსახურში მივედი, 5 კაცი ეძებდა, მაგრამ ამაოდ, მერე ამინდიც გაფუჭდა და ძებნა გაჭირდა. დღეს სად არ დაჰყავთ კინოლოგები ცრუ განგაშის გამო, არ შეიძლებოდა, ერთი ძაღლით იქაც მოეძებნათ ჩემი დაკარგული შვილი?
- ფიქრობთ, რომ შეიძლება ცოცხალია?
- შეიძლება სადმეა დამარხული. გამწარებული დავდივარ და მის კვალს ვეძებ. მდინარეში რომ დამხრჩვალიყო, სადღაც ხომ ამოტივტივდებოდა ცხედარი? შეიძლება ვინმემ თოკით ჩაჰკიდა მდინარეში, რომ არ გამოჩნდეს? ყველაფერს ვებღაუჭები. მითხრეს, ზესტაფონში უნახავთო, იქაც ჩავედი ამბის გადასამოწმებლად, მაგრამ ტყუილი გამოდგა. ის ბიჭი მართლა ჰგავს ჩემს ოთარს. ძალიან კეთილი შვილი მყავდა, თუმცა ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ 5 წუთში ისევ მოულბებოდა გული და წყენა აღარ ახსოვდა...
სიმართლეს ვეძებ გამწარებული დედა. 4 თვის განმავლობაში 4 დღე არ გამითენებია სახლში, სადაც მითენდება, იქ მიღამდება შვილის ძებნაში, დავდივარ სოფლებში, მთაში და ვეძებ. მთელმა გუდამაყარმა იცის, ფეხით მაქვს მოვლილი ეს გზები. ერთხელ გურჯაანის რაიონის გამგებელს ვთხოვე, 50 ლიტრი საწვავი მომეცით, რომ სოფლიდან 12 ბიჭი წავიყვანო სამარშრუტო ტაქსით ოთარის მოსაძებნად-მეთქი და ესეც ვერ მომიხერხეს.
ყველას ვთხოვ, დამეხმარონ და მაპოვნინონ ჩემი ჭკვიანი და ლამაზი ბიჭი.
თეა ხურცილავა