გივი ბერიკაშვილი: "ილია ჭავჭავაძეს ეხება ფილმი და არავის აქვს უფლება, "იტინგიცოს"! - კვირის პალიტრა

გივი ბერიკაშვილი: "ილია ჭავჭავაძეს ეხება ფილმი და არავის აქვს უფლება, "იტინგიცოს"!

დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის - ილია ჭავჭავაძის შესახებ ფილმის გადაღება შსს-ს არქივის ხელმძღვანელების მიერ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ისტორიკოსებმა და მკვლევარებმა ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი და აქამდე უცნობი გარემოება აღმოაჩინეს. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივშია დაცული და 11 ტომს მოიცავს... შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა, უწყების სხვა სტრუქტურული დანაყოფების დახმარებით, ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის შესახებ მხატვრულ–დოკუმენტური ფილმის - "ვინ მოკლა ილია..." გადაღება დაიწყო. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი შსს-ს არქივის თანამშრომელი მიხეილ ბერინაშვილია, ხოლო მთავარ როლებს მოწვეული მსახიობები – კოტე თოლორდავა, ნანუკა ხუსკივაძე, ზაზა იაქაშვილი და გივი ბერიკაშვილი ასრულებენ.

როგორც ყველა სიახლეს, ამ მოვლენასაც კრიტიკულად შეხვდა ქართული საზოგადოების ნაწილი - ფრთხილად, ეს ილიაა და არაფერი შეგეშალოთ! - ეს სიტყვები სოციალურ ქსელში გავრცელდა... ფილმის შესახებ ცნობილი მსახიობი - გივი ბერიკაშვილი გვესაუბრა...

- იყო ერთი გლეხი კაცი, ვისი ურმითაც ილია წიწამურიდან საგურამოში გადაასვენეს. ეს კაცი თურმე ილიას მკვლელობას შეესწრო და სწორედ მისი როლი შემომთავაზეს... ეს გლეხი ბევრის მომსწრე იყო და ძალიან საინტერესო ფიგურაა. ფილმის გადაღება უკვე დაიწყო, მაგრამ მკვლელობის ეპიზოდი და თუ რა მოხდა შემდეგ, ჯერ არ გადაუღიათ. ამდენად მე პირადად ჯერ გადაღების პროცესში არ ჩავრთულვარ. ყოველდღე ველოდები ზარს.

- ქართულ საზოგადოებაში უკვე გამოჩნდა ფილმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ხალხი. მათი აზრით, როდესაც ფილმი ილია ჭავჭავაძეს ეხება ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო...

- მე ყველას ვეტყოდი, რომ დაწყნარდნენ, ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი. ეს ფილმი ეხება ილიას, ქართველების სულიერ მამას და დაუფიქრებელი და უტვინოდ გადადგმული ნაბიჯის უფლებას არ მივცემთ საკუთარ თავს.. ყველაფერი გათვლილი იქნება, თავიდან ბოლომდე. როგორც მათ უყვართ ილია და მისი შემოქმედება, ისე გვიყვარს ჩვენც. ყველაფერი მაღალ დონეზე გადაწყდება და ტყუილად ნუ ნერვიულობენ.

- ფილმის რეჟისორი არ არის ცნობილი ხელოვანი, მისი სახელი და გვარი ქართულ მოსახლეობას არაფერს ეუბნება...

- რა უნდა უთხრას?!... რომ გამოვა ფილმი, მაშინ გაიგებენ სახელსაც და გვარსაც და ფილმის წარმატებაც ყველაფერს იტყვის... ჩემი ეპიზოდების გადაღება რომ დაიწყება, მერე კიდევ მეტ რამეს გავარკვევ, მაგრამ ახლაც ნდობით ვუყურებ ყველაფერს. რეჟისორს მხოლოდ ერთხელ შევხვდი. მითხრა, ამ ფილმის გადაღებას ვაპირებო და როლი შემომთავაზა. ძალიან სასიამოვნო პიროვნება ჩანს. მეც ჩავუღრმავდი და ვკითხულობ ლიტერატურას, რაც არ მქონდა წაკითხული... ილია ჭავჭავაძეს ეხება ფილმი და არავის აქვს უფლება, "იტინგიცოს" და არასერიოზული იყოს. ამ ბოლო დროს მივეჩვიეთ ტუტუცობას, მაგრამ აღნიშნულ თემაზე, ვიცი, ყველა თავშეკავებული იქნება, დიდი თუ პატარა.

- რატომ თვლით, რომ ტუტუცობას მივეჩვიეთ?

- ძალიან ბევრ სისულელეს ჩავდივართ. ახლა არ არის მაგაზე სალაპარაკო დრო. ჩვენ ილია ჭავჭავაძეზე ვსაუბრობთ და მე პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ უკუღმართ ნაბიჯს ვერავინ გადამადგმევინებს. ხმამაღლა, საქვეყნოდ ვიტყვი, როგორც რამეში ეჭვი შემეპარება. ჯერ კი ამის მიზეზი არ მაქვს.

- ასეც ითქვა, რომ ისეთი ცნობილი მსახიობი, როგორიც გივი ბერიკაშვილია, არ დათანხმდებოდა ილია ჭავჭავაძეზე გადაღებულ ფილმში ეთამაშა თუ მაღალ დონეს არ შეამჩნევდაო...

- რა თქმა უნდა, ჩემო კარგო, მაგრამ აქ ილია ჭავჭავაძეზეა საუბარი, გივი ბერიკაშვილზე კი არა. მე ვიდრე ბოლომდე არ დავაზუსტებ ყველაფერს და არ დავრწმუნდები ამ პროექტის აუცილებლობაში, ისე კინოკამერის წინ არ დავდგები. ჯერ რაც მოვისმინე ნასიამოვნები დავრჩი და რეჟისორს მადლობა გადავუხადე, მე რომ მომაკითხა.