"თუ საჭმელში ხორცი შეხვდებოდა, საწყალი ბავშვს აძლევდა ხოლმე"- ქუთაისში კაცი შიმშილმა მოკლა! - კვირის პალიტრა

"თუ საჭმელში ხორცი შეხვდებოდა, საწყალი ბავშვს აძლევდა ხოლმე"- ქუთაისში კაცი შიმშილმა მოკლა!

შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისის საკრებულოში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა, - საფინანსო-სარევიზიო კომისიის სხდომაზე ქუთაისის მერის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა კოტე ლომიძემ ქალაქის მერის სარეზერვო ფონდიდან, საჭიროების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველებზე დახმარების გაცემა მოითხოვა.

როგორც ირკვევა, მერის მოვალეობის შემსრულებელი ამ ზომამდე ქუთაისელი 82 წლის მოხუცის, ვილკენ დოლაბერიძის შიმშილით სიკვდილმა მიიყვანა. ამ უკანასკნელმა მას დახმარება რამდენჯერმე სთხოვა.

კოტე ლომიძე:

- ეს ადამიანი რამდენჯერმე იყო ჩემთან დახმარების სათხოვნელად მოსული ქალიშვილთან ერთად. იმდენად გამხდარი და გაძვალტყავებული იყო შიმშილისაგან, რომ როცა შევხედე, თვალის გასწორება გამიჭირდა. როგორც ამ შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს, ორჯერ დავეხმარე 200-ლარიანი და 100-ლარიანი ვაუჩერებით, კანონით ეს წელიწადში გასაცემი თანხის მაქსიმუმია გაჭირვებულ ოჯახებზე, გულითაც რომ გინდოდეს, მეტს ვერავის ვერაფერს მისცემ. ამიტომაც, ბოლოს უარის თქმამ მომიწია. არადა, კატასტროფული ჯანმრთელობის ცნობა ჰქონდა - იქ კონკრეტულად რაიმე დაავადებაზე კი არ ეწერა, არამედ ვიტამინების სრულ დეფიციტზე იყო ლაპარაკი. ამიტომ, გულმა არ მომითმინა და ერთ საღამოს თანაშემწეს ვუთხარი, - იმ კაცზე ფიქრი თავიდან არ ამომდის და წამო, ვნახოთ-მეთქი. მის სახლთან რომ მივედით, მე დაბლა დავრჩი, თანაშემწე ბინაში შევიდა და უკან რამდენიმე წუთში დაბრუნდა, - აღარ სჭირდება ჩვენი დახმარება, ორი დღის წინ დაუმარხავთ, წავიდეთო!

სწორედ ამის შემდეგ ვითხოვე სარეზერვო ფონდიდან, აუცილებლობის შემთხვევაში, გაჭირვებულებზე დახმარების გაცემის უფლების დაკანონება. არ ვიცი, საბოლოოდ როგორ გადაწყდება ეს საკითხი, მაგრამ მე ეს ამბავი ძალიან მაწუხებს, - რატომ უნდა მეშინოდეს, რომ ასეთ შემთხვევაში სარეზერვო ფონდიდან გავცე თანხა, იმ კაცისთვისაც კიდევ 200 ლარი რომ მიმეცა და საჭმელი ეყიდა, ეცოცხლა ეგება და მეც სინდისი მექნებოდა დამშვიდებული. ამ მხრივ ქუთაისში კატასტროფა ხდება, - 600 ოჯახია უსახლკარო, არც ჭერი აქვთ, არც იატაკი, ჭერი ვისაც აქვს, იქაც იმდენი საწყალი და ღატაკია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდები. ასე იყო დოლაბერიძეების ოჯახი, - ერთ დროს საუკეთესოდ მაცხოვრებლები ისე გაღარიბდნენ, რომ ცხელი ლუკმა ჰქონდათ სანატრელი. გავიგე, რომ იმ საცოდავის შვილს მამისთვის სასახლეც ვალით უყიდია. მინდა, ამ ვალის გასტუმრებაში დავეხმარო, მაგრამ არ მეტყვის, ცოცხალი მამა შიმშილით მომიკალი და ახლა მკვდარს ეხმარებიო?

როგორც დოლაბერიძეები მეზობლები ამბობენ, ოჯახს მართალია, ჭერი ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ, შინ ხშირად გამხმარი პურიც არ მოეპოვებოდათ. ოჯახის შემოსავალს მოხუცის პენსია და სოციალური შემწეობა შეადგენდა (გარდაცვლილს ქალიშვილი და შვილიშვილი დარჩა), რომელიც ძირითადად წამლებში იხარჯებოდა; სადილი კი უფასო სასადილოდან მოჰქონდათ.

ნათელა გოზალიშვილი:

- კიდევ კარგი, რომ ეს სადილი მაინც მოჰქონდათ და მთლად მშივრები არ იყვნენ უბედურები, მაგრამ მთელი დღე მაკარონის წყალწყალა სუპით ადამიანმა როგორ უნდა იარსებოს, მით უფრო მოხუცმა! არც ამ კაცის ქალიშვილია მთლად ჯანმრთელი, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა და უძლებს. ბავშვი კიდევ 7 წლის ჰყავთ, - თუ საჭმელში ხორცი შეხვდებოდა, საწყალი ვილკენი იმას აძლევდა ხოლმე, - პატარაა და გაიზარდოსო. თავად კი მარტო წყალს სვამდა.

ვერც ქალიშვილმა დაიწყო მუშაობა, თანაც შვიდი წლის პატარა ბიჭი ჰყავს. როგორც ბავშვს ზრდის ერთგულად, მამასაც ისე უვლიდა, გვერდიდან არ შორდებოდა, როცა მოხუცს სჭირდებოდა, მაგრამ რა გამოვიდა, მაინც მშიერი მოუკვდა. როცა მოკვდა, იმ საწყალმა, ისე იწვალა, მისი ცოდვით გული გვეფლითებოდა, - 30 ლარი არ ჰქონდა, რომ საავადმყოფოდან მკვდარი მამა წამოეღო. მერე ზოგი ცოტ-ცოტა ჩვენ დავუდექით გვერდში მეზობლები, უფასო სასადილოს დირექტორიც დაეხმარა და დაკრძალა, როგორც იყო უბედური მამამისი.. ახლა იმის რცხვენია, სარიტუალო სახლის ვალი მაქვს გადასახდელი და მრცხვენიაო. ვალი ვალად, მაგრამ ჩვენ იმას ვჩივით, ამ უბედურმა ახლა ბავშვი როგორ უნდა გაზარდოს, ბავშვის გაზრდას ცოტა ხომ არ სჭირდება! გეგონება, ჩვენი სადარდელი არ გვეყოფოდეს, საიქიოს კაცის შიმშილით სიკვდილით გასტუმრება დაგვრჩა კოშმარად, სააქაოდ - მისი შვილისა და შვილიშვილის ბედი!

მითხრეს დოლაბერიძეების მეზობლებმა. მე კი მათ დავეთანხმე, - მერე რა, რომ შენ იქნებ შინ ორიოდე ლუკმა მოგეპოვება და შვილს აჭმევ, კედლის იქეთ რომ მეზობელია და იცი, რომ როცა შენ ჭამ, ის მშიერია, როგორ ჭკუაზე უნდა იყო? თქვენ მიპასუხებთ ამაზე?

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)