მავთულხლართს მიღმა სხვა საქართველოა!
"ცხელი" რეპორტაჟი ტკივილის რეგიონიდან, ანუ როდესაც თავს ზევით ძალა არ არის
"ზოგჯერ მგონია, რომ მათ მთელი საქართველო დაიპყრეს, მაგრამ ამას ჯერ ვერ ვხვდებით"
"ჰკარით ფეხი ამ მავთულხლართს და უარი თქვით ამ ზღუდეზე!"
"ვერცხლისფერ გველეშაპს" ორივე მხრიდან ხალხი მოაწყდა...
"სახეში მაფურთხებენ და მოითმინეო. ხვალ თბილისში ჩამოვლენ და მოითმენთ?"
დვანსა და დიცში მიმდინარე მოვლენები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ დამთავრებულა. რუსეთმა ბრძოლა სხვა მეთოდებით განაგრძო და ახლა იარაღის ნაცვლად, სასაზღვრო მავთულხლართებით მოცოცავს შიდა ქართლში, რკინისცხაურიანი ღობით ან მავთულხლართით გამიჯნული ტერიტორიის ზღვარზე მხოლოდ ოკუპანტის ბატონობას გრძნობ. მის ხელში ე.წ. სამხრეთ ოსეთი აბორგებულ ზღვას ჰგავს, ბარიერის არარსებობის გამო ნელ-ნელა რომ ჭამს ხმელეთს. ოთხ თვეში ერთხელ რუსები მოვარდნილი ტალღაAსავით მოიწევენ ჩვენკენ 50, 300, 600 მეტრით.
რამდენიმე დღის წინ დვანში რუსებმა, მათივე ინფორმაციით, 1922 წლის დროინდელი საბჭოთა რუკის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის იმ დროისთვის ადმინისტრაციული, დღეს კი ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრების აღდგენა დაიწყეს. რადგან რუსეთმა ვერ აიძულა ცივილიზებული მსოფლიო, აღიარონ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, დაიწყო მოქმედება პრინციპით - გიჟი თავისუფალია და ქართულ სოფლებში გასცემს ბრძანებას, საზღვარი უნდა გადმოვწიო, თუ გინდათ, რომ არ აგაოხროთ, აქედან მოუსვითო.
ყურის ამწევი კი არა, შენიშვნის გულიანად მიმცემიც არავინ ჰყავს. არავინ უმოწმებს იმ რუკასაც. ვუყრუებთ, როგორ გასდის და აკეთებს. ამიტომაც გლეხები, ოდესღაც სისხლის ფასად რომ იცავდნენ აქაურობას, გარბიან. გველეშაპს წინ როგორ დავუდგეთ, როდესაც ზურგსაც არავინ გვიმაგრებსო?! ოხვრა-კვნესით, შრომით დაკოჟრილი საკუთარი ხელით ანგრევენ ოდესღაც წვალებით აშენებულ სახლებს და მიაქვთ, სად, თვითონაც არ იციან(!).
დვანში სამი სახლი და 150 ჰექტარზე მეტი ბაღ-ვენახიან-ყანებიანი მიწა მოჰყვა რუსის "რჩეულ ზონაში". ამ დროს ფსევდოსაზღვართან აღმართულ ნიშთან, რომელიც ოსურ ენაზე იუწყება, რომ მავთულხლართს მიღმა სხვა ქვეყანაა, ქართველი მესაზღვრე-პოლიციელები სახეშეშლილები დგანან. დუმილის და უმოქმედობის ბრძანება აქვთ და რაც უნდა მწარე იყოს სიმართლე, ნაკლებად განსხვავდებიან სათვალთვალო კამერებისგან, ოდესღაც ქართველების ხელით დარგულ, დღეს კი მავთულხლართის მიღმა მოქცეულ ხეებზე რომ დაუმაგრებიათ რუსებს. კამერებიც დუმილით აკონტროლებენ გარემოს, მაგრამ მათ ქართველი პოლიციელებისგან განსხვავებით, ნერვები არ აქვთ და არც იმის ეშინიათ, რომ საკუთარი მიწის გულშემატკივარს ნერვები უმტყუნებს და საზღვრის მიღმა გულის მოსაფხანად ქვას ისვრის... არავინ არაფერსაც არ იზამს - შიდა ქართლში ყველამ იცის, რომ გამწარებულ დათვს ბაბაიას თუ არ დაუძახებ, ხმა მაინც არ უნდა გასცე(?!).
- როდემდე? - ვეკითხები დვანელებს.
- სანამ სასწაული მოხდება, - ამბობენ კაცები, რომლებსაც 2008 წლის შემდეგ უკვე მერამდენედ ულახავენ ღირსებას, მაგრამ თავს ხრიან, რადგან თავს ზემოთ ძალა არ აქვთ. - ეს უკეთ თბილისში ეცოდინებათ, - ჩურჩულებენ ისინი.
26 სექტემბერს ჯერ გორის რაიონის სოფელ დიცში ჩავედი.
რკინის ჭიშკართან პატარა სალოცავი ნიშია, ჯვარი აღუმართავთ ქართველებს. სიმბოლურია ეს ნიში ერთმორწმუნე რუსის ცხაურიან, საოკუპაციო სასაზღვრო კედელთან. თითქოს იმის მანიშნებელია, ჩრდილოელ მეზობელს როგორ ფეხებზე ჰკიდია ქრისტიანობა და მოძალადის გენი საუკუნეებია, მხოლოდ ერთი მიზნით მოერეკება: დაიპყარი! ჰოდა, ცდილობს, სამუდამოდ ჯვარზე გააკრას საქართველო.
დიცში მცოცავი საზღვრის ფარგლებში იმ ოჯახების სახლებიც მოექცევა, ვისი შვილებიც ამ მიწის გადარჩენისთვის ბრძოლაში დაეცნენ... და ძველისძველი სასაფლაოც, სადაც 23 წლის წინ ქართულ-ოსურ კონფლიქტში დახოცილები განისვენებენ.
- როგორ შევეგუოთ ამას? - კითხულობენ დევნილობისთვის განწირულები...
გზად სამხედროფორმიანი მხვდება.
- 2008-ში იარაღი რომ გვქონოდა და ხელისუფლებას რომ არ ეთქვა, გამოდით რეგიონიდანო, მხოლოდ ქალებს და ბავშვებს გავხიზნავდით. წინააღმდეგობას გავუწევდით... მსხვერპლი უფრო დიდი იქნებოდა, მაგრამ ყველა კაცს ვერ მოკლავდნენ. სეპარატისტი და სხვა დაქირავებული ბოევიკები წინააღმდეგობის გამო დაიხევდნენ უკან. ამასობაში მიზანმიღწეული რუსიც აუკრძალავდა ჩვენთან დაპირისპირებას... ოკუპირებულ მიწაზე კი დავრჩებოდით, მაგრამ საკუთარ სახლებში ვიცხოვრებდით. ჩვენს ადგილს სხვა ვერ დაიკავებდა. მერჩივნა, მოვმკვდარიყავი და იქ ჩემს ოჯახს, ქართველებს ეცხოვრათ. სახეში მაფურთხებენ და მოითმინეო. ხვალ თბილისში ჩამოვლენ და მოითმენთ? დვანში ჩადი, ნახე, რა ხდება და მერე მითხარი, როგორი მოსათმენია რუსის თავხედობა. ზოგჯერ მგონია, რომ მათ მთელი საქართველო დაიპყრეს, მაგრამ ამას ჯერ ვერ ვხვდებით, - ამბობს დევნილი.
დვანში ნანახმა კი ხუთიოდე წლის წინანდელი წარსული დამიყენა თვალწინ. 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში ოკუპანტებმა ბულდოზერებით მიწასთან გაასწორეს თამარაშენი, კეხვი, ქურთა, ერედვი... ახლა დვანში თავად ქართველები სჩადიან იმავეს, ოღონდ სხვისას კი არა, საკუთარს ანადგურებენ ოკუპანტის გავლენით. თავზარდამცემია, მშრომელი ქართლელი კაცი საკუთარი ხელით რომ ანგრევს წვალებით ნაშენებ სახლ-კარს.
მერაბ მეკარიშვილი: - იმ დღეს ოსი მოვიდა და გვითხრა, აქეთ მხარეს საზღვარი კეთდება და სამი ოჯახი წითელ ზოლში მოხვდით, აიყარეთ, დაანგრიეთ და წაიღეთ, რაც წასაღები გაქვთო. ალბათ, უფრო ადრე თუ არა, ოთხ-ხუთ წელიწადში კიდევ მოვლენ, სხვებს ეტყვიან, ასი მეტრით უნდა გადმოვიწიოთ და მოუსვით აქედანო... ასე ნელ-ნელა, უომრად აიღებენ საქართველოს! მოვიდა ადგილობრივი ხელისუფლება, გადააქნიეს თავები, რაღაცას მოვიფიქრებთო, მაგრამ არ უთქვამთ, რა იგულისხმეს. თითქოს ხუთ კვადრატულ მეტრს ვკარგავდეთ. იცი, რატომ გვერევა მტერი? ხედავს, რომ ერთმანეთის გატანა არ ვიცით. გადმოვდგებით და საქვეყნოდ ვლანძღავთ ერთმანეთს. რამდენიმე დღის წინ ორი ოსი შემხვდა მავთულხლართს მიღმა, ერთმა თქვა, ცხინვალში დიდი არეულობაა, თიბილოვის გადაგდებას ცდილობენო. მეორემ არ დააცადა, დაპირისპირების მიზეზი ეთქვა - გაჩუმდი, ვისთან ლაპარაკობო?! ჩვენ როგორ ვიქცევით? ვჭამთ ერთმანეთს...
მერაბთან ერთად, აკაკი კორაშვილი და გივი მახათაშვილიც ანგრევენ სახლებს. ხელისუფლებას, როგორც დევნილებისთვის, პატარა კოტეჯები მიუცია და იქ შეაფარებენ თავს. ეს მიწა აჭმევდათ ლუკმას. ბაღში ნაყოფით ტოტებდამძიმებული ხეები ხვალ საზღვარს გაღმა აღმოჩნდებიან. დანგრეული სახლის ვერანდაზე ძაღლი მოკუნტულა, რომელსაც ნანგრევებად ქცეული კარ-მიდამო არ ეთმობა. თითქოს გულს უკლავს ბულდოზერის ხმა, უკანა კედელს რომ გამეტებით ეხეთქება "კოვშით". მან იცის, რომ სიცოცხლის ბოლომდე უნდა უდარაჯოს, არავის დაუთმოს.
საზღვრის მიღმა, კაკლების ხეივანში ვიღაც ჩამოყრილ ნაყოფს აგროვებს. ეს ყაზბეგაა, მუგუთის მკვიდრი. ასე ჰქვია დვანის მომიჯნავე ოსურ სოფელს. მისკენ მივდივარ.
- არ დაგელაპარაკება, - სიტყვას მადევნებენ დვანელები.
ოსს მავთულხლართთან მიახლოება და ქართველთან ლაპარაკი ეკრძალება. როგორც კი კამერა ასეთ კონტაქტს დააფიქსირებს, რუსული სამხედრო შტაბიდან მოცვივდებიან ჯარისკაცები და კანონდამრღვევს ცხინვალში წაათრევენ დაკითხვაზე, თანაც ჯარიმას - 2 000 რუსულ რუბლსაც გადაახდევინებენ. თუმცა, კამერები ყველგან არ დგას და თუ გული გულისკენ იწევს, ქართველი და ოსი მაინც ახერხებენ დალაპარაკებას. ამბობენ, ცხინვალში საშინელი ტერორი მეფობს, ამიტომაც ხალხი ოჯახებით გაიქცა. ახლა ქალაქში ძირითადად რუსის ჯარი, მოხუცები, ლოთები და მეძავები ცხოვრობენო.
ყაზბეგას ჟირინოვსკის პარტიის ლოგოიანი ლურჯი კეპი ახურავს და არ ვიცი, საკუთარი ნათქვამის თვითონ თუ სჯერა, მაგრამ აშკარად რუსის ჩაგონებით ცდილობს დამარწმუნოს, რომ საქართველოს მთავრობას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტრიალ მინდვრად გადაქცევა ჰქონდა განზრახული, რისგანაც ოსები თურმე რუსეთმა დაიფარა. მოკლედ, ყაზბეგა ლაპარაკში ამყვა. 2008 წლის მოვლენებში სააკაშვილს და მის მთავრობას ადანაშაულებს. სეპარატისტ ლიდერებზე ცუდს ვერ ათქმევინებ, რუსს მესიად მიიჩნევს, მაგრამ ქართველი ცოლის, ნახევრად ქართველი შვილების და ახლახან მოყვანილი ქართველი რძლის ოჯახის უფროსი მაინც ვერ მალავს უკმაყოფილებას მუგუთსა და დვანს შორის ვერცხლისფერი გველეშაპივით გაწოლილი მავთულხლართის გამო.
- ჩემი ნება რომ იყოს, ეს საზღვარი არ იარსებებდა, არ მომწონს, მაგრამ ვინ მეკითხება? გლეხები ვიჭყლიტებით ორივე მხრიდან... ეს ხალხი ძალიან მეცოდება. რისთვის უნგრევენ სახლ-კარს? მხოლოდ ჩემი სიტყვით არაფერი გამოვა, თორემ ვიტყოდი, ნუ სჩადიხართ ამას-მეთქი.
- თქვენნაირები ცოტანი არ იქნებით, ყველამ ამოიღეთ ხმა. თქვენი სოფლების ტრიალ მინდვრად გადაქცევა, ომი და უბედურება რომ გვნდომოდა, არ გავჩერდებოდით, აქ სიმშვიდე არ დაისადგურებდა, ამდენ შეურაცხყოფას არ მოვითმენდით! ჰკარით ფეხი ამ მავთულხლართს და უარი თქვით ამ ზღუდეზე! ჩვენ და თქვენ ერთად ბევრს შევძლებთ, მარტომყოფებს კი რუსები გაგანადგურებენ თქვენსავე სახლებში, - ეუბნება ყაზბეგას დვანელი გიორგი ქოქოშვილი.
ვერცხლისფერი გველეშაპის ორივე მხარეს ხალხი მოაწყდა. ქართველები მშვიდად, აგრესიის გარეშე ცდილობენ ოსების დარწმუნებას, რომ მათი მტრები არ არიან. ოსები კამერების შიშით ხეებს ეფარებიან.
- მოდით, დავილაპარაკოთ, - გავძახეთ მათ.
ყაზბეგა აღელდა, აკანკალებულმა უილაჯოდ ჩაიქნია ხელი და ძახილით - მე არავინ არაფერს მკითხავსო, იქაურობას გაეცალა. სხვებიც გაჰყვნენ. ერთმა შეშინებულმა გამოგვძახა, ვერ მოვალ, მე უკვე რუსეთში ვარო. რუსეთში ყოფნა დალაპარაკებაში ხელს ხომ არ გიშლისო? - გასძახა გიორგიმ, მაგრამ შიშს დიდი თვალები აქვს... ოსები მხოლოდ თავის მობრუნებას ბედავენ.
- წლების წინ ერგნეთის ბაზრობა ასე გახსნილა: სოფელ ერგნეთის მკვიდრ, აწ გარდაცვლილ კოლია კასრაძეს ერთი ვედრა ვაშლი მიუტანია გასაყიდად. თურმე, იდგა და ელოდებოდა, სავარაუდოდ, წინასწარ მოლაპარაკებულ მყიდველს. კოლიას სხვებმა მიჰბაძეს და ბაზრის გაფართოებასთან ერთად ხალხს შორის ყინული გალღვა. ახლაც, რუსი რომ არ იდგეს შუაში, ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ ოსებს ძალიან ეშინიათ რუსების, ჩვენ კი რუსის თავგასულობას იმიტომ ვითმენთ, რომ ახალი დაძაბულობის შედეგად ეს შეშინებული ხალხი სულ არ დავკარგოთ. გველეშაპს პირდაპირ ვერ შეასკდები, მაგრამ მუდმივად მოთმენაც შეუძლებელია, - ამბობს გიორგი.
ზღაპარშიც ასეა - გველეშაპი თავზე ხელაღებულებს თვალის დახამხამებაში ამარცხებს. არადა, ერთი კაცის, ცისკარას მოლოდინში დროს და მიწას რომ ვკარგავთ?
ნანგრევებად ქცეული სახლის წინ აჩეხილი ვაზი კვნესის... "ჯარისკაცის მამა" მახსენდება - ვაზი, ვენახი, რუსი "სალდათი" ტანკით... გადი, რუსო, შეგვეშვი!