"მონასტრის ეზოში ასობით ადამიანის ჩონჩხი აღმოჩნდა" - რა საიდუმლოს ინახავს ფოთლეთის მამათა მონასტერი - კვირის პალიტრა

"მონასტრის ეზოში ასობით ადამიანის ჩონჩხი აღმოჩნდა" - რა საიდუმლოს ინახავს ფოთლეთის მამათა მონასტერი

ამონარიდი ჟურნალ "გზიდან":

ბორჯომის კლინიკას ბორჯომ-ბაკურიანის ეპისკოპოსი, მეუფე სერაფიმე ესტუმრა და მადლიანი საქმისთვის მედიკოსები დალოცა.

კლინიკის დატოვებამდე მეუფე სერაფიმე მიუვალ ადგილას, ტყის სიღრმეში გაშენებულ ფოთლეთის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მონასტრის საიდუმლოებით მოცული ამბავს მომიყვა.

- ფოთლეთის მონასტრის მშენებლობისას მშენებლები და სასულიერო პირები უცნაური ფაქტის მომსწრენი გახდნენ...

- დიახ, მონასტრის ეზოში ასობით ადამიანის ჩონჩხი აღმოჩნდა. მათი დათვლა შეუძლებელია. უმჯობესია, თავად ნახოთ მონასტერიც და ის უამრავი თავის ქალაც, რომელიც საფლავებშიც კი არ იყო ჩასვენებული - ისე იყო მონასტრის ტერიტორიაზე მიმოფანტული და მიწის მცირე ფენა ფარავდა.

***

მონასტერში მოხვედრა სოფელ ახალდაბიდან შეიძლება. რთული რელიეფის გამო 6-კილომეტრიანი მონაკვეთის გავლას მაღალი გამავლობის ავტომანქანით 30 წუთი სჭირდება.

მონასტერში 8 ბერი და რამდენიმე მორჩილი დამხვდა, რომლებსაც ჩვენი სტუმრობა გაუხარდათ. მონასტრის ისტორიაზე მამა სპირიდონმა მომითხრო და ის ადგილი დამათვალიერებინა, საიდანაც ჯერ კიდევ არ ამოუღიათ ადამიანის ძვლები. ტაძარსა და ტყეს შორის მდებარე ფერდობზე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს მიწიდან ამოშვერილი ადამიანის ჩონჩხის ნაწილები. უკვე შეგროვილი ძვლებისა და თავის ქალების ფრაგმენტები კი ეზოს ერთ-ერთი კედლის მონაკვეთშია მოთავსებული.

მამა სპირიდონის ინფორმაციით, ზოგიერთ თავის ქალას მოყვითალო, ზოგიერთს კი თეთრი ფერი აქვს. სასულიერო პირის ინფორმაციით, იმ გარდაცვლილებს, რომელთა თავის ქალებსაც თეთრი ფერი აქვთ, საუკუნო სასუფეველი აქვთ დამკვიდრებული. ზოგიერთი თავის ქალა მცირე ზომისაა და ისინი ბავშვებს ეკუთვნოდათ.

როგოც ბერები ამბობენ, მტრისგან თავის დასაცავად სოფლის მოსახლეობამ თავი ძნელად მისასვლელ, ტყის სიღრმეში გაშენებულ მონასტერს შეაფარა, თუმცა მომხდურმა იქაც მიაგნო და ერთიანად გაჟლიტა. ამიტომაც, მათ საფლავები არ ღირსებიათ და მონასტრის გარშემო დაუმარხავად დარჩნენ. დრო-ჟამმა კი ცხედრებსა და ძვლებს მიწა მიაყარა.

რაც შეეხება თავად მონასტერს, ის უკვე აღდგენილ-აშენებულია და ბერები წირვა-ლოცვას აღავლენენ. ტაძრის რესტავრაციის დროს, აღმოსავლეთ ნაწილში ბერების სამარხი აღმოჩნდა. ორი ბერის თავის ქალა ისრებით იყო დაზიანებული. სავარაუდოდ, ისინი მოწამებრივი სიკვდილით გარდაიცვალნენ. ტაძარშივეა მცირე ზომის, წმინდა სერაფიმ საროველის სახელობის ეკლესიაა მოწყობილი. მამა სპირიდონის თქმით, ზამთარში, როდესაც ძალიან ცივა, ბერები წირვა-ლოცვას სწორედ მცირე ეკლესიაში აღავლენენ.

მეუფე სერაფიმეს ინფორმაციით, ფოთლეთის მამათა მონასტრის ოფიციალურად კურთხევა ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება.

სტატია სრულად იხ. ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.