ნუცა კუხიანიძე: "დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობა სიკვდილის ტოლფასია" (ექსკლუზივი)
"დღეს რომ სახლიდან გავიდე, შეიძლება სადარბაზოში 90 -იანებიდან გადმომხტარი იარაღიანი ტიპი დამხვდეს"
"ქვეყანაში ისეთი ძიძგილაობა მიდის, "კავკასიური ცარცის წრეს" დაემსგავსა სიტუაცია"
"ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს ერიც აღარ ვართ"
"თუ ვერ გავაცნობიერებთ რომ ცხვრების სტატუსით ვარსებობთ, ვერავინ გვიშველის."
"ქვეყანაში იმდენად მნიშვნელოვანი რამეები ხდება, იდიოტობადაც მიმაჩნია, დეპარდიეს ხეტიალზე მსჯელობაში დავხარჯოთ დრო... - ამბობს ცნობილი მსახიობი ნუცა კუხიანიძე.
ნუცა კუხიანიძე:
- როგორც მსახიობზე, მასზე ვერც კარგს ვიტყვი და ვერც ცუდს... მის საქციელზე კი მითუმეტეს. ადამიანმა პიროვნული სისუსტეების გამო მიიღო რუსეთის მოქალაქეობა და ეს მისი პრობლემაა... შემიძლია გითხრათ, რომ კატასტროფული მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში... ჩემი აზრით, ბევრად უფრო მნიშვნელოვან რამეებზე გვაქვს სანერვიულო, ვიდრე იმაზე, ჩვენ გამოვაცხადებთ თუ არა დეპარდიეს პერსონა ნონ გრატად. თავად დეპარდიეს ხომ, მაპატიეთ და, სულ ფეხებზე ჰკიდია, რას ვიზამთ. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ვმეტიჩრობთ და მეტი არაფერი.
ჩვენ იმაზე ვიმსჯელოთ, რომ დაგვცინიან და თავმოყვარეობა სულ მთლად დაკარგული გვაქვს... კიდევ ვიმეორებ, რომ ქვეყანაში იმდენად მნიშვნელოვანი რამეები ხდება, იდიოტობადაც კი მიმაჩნია, დეპარდიეს ხეტიალზე მსჯელობაში დავხარჯოთ დრო. არადა, ქვეყანაში ისეთი სურათი გვაქვს, დღეს რომ სახლიდან გავიდე, შეიძლება სადარბაზოდან ვეღარ გავაღწიო, რადგან შეიძლება, 90 -იანების საუკეთესო ტრადიციებით, ვიღაც იარაღიანი ტიპი დამხვდეს.
- ძალიან შეწუხებული ჩანხართ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით...
- ქვეყანაში ისეთი ძიძგილაობა მიდის, "კავკასიური ცარცის წრეს" დაემსგავსა სიტუაცია, ვინ პირველი გაუშვებს ხელს... ქვეყანა გახლეჩილია, ტერიტორიები წართმეული და არანაირი მძაფრი რეაქცია არ ჩანს მოქალაქეებისგან. არ მსურს შევეხო პოლიტიკურ პარტიებს, მითუმეტეს, რომ არჩევნები მოდის, მაგრამ აბსოლუტურად არანაირ სიმპათიებს არ იმსახურებს არცერთი მათგანი...მე კითხვები მაქვს ხალხთან და პირველ რიგში ჩემ თავთან, რადგან მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ. სრულიად არ გვაქვს ერთი მიზანი დასახული, როგორც ერს. კი არა, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს ერიც აღარ ვართ. არ მინახავს სხვა ერი, რომელიც ასე კუთხეებად, ჯგუფებად, მდიდრებად და ღარიბებად იყოს დაყოფილი. წლებმა გვაჩვენა, რომ ერთმანეთის თანადგომა არ გაგვაჩნია. ყველანი ვართ გადასული მხოლოდ პირად ინტერესებზე... ისტორიას რომ გადავხედოთ, ადვილად შევაფასებთ საიდან შეიძლება იყოს გამოწვეული ეს ცხოველურ ინსტიქტებამდე დასული მდგომარეობა. ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თავად მოვითხოვეთ ეგრეთწოდებული "თავისუფლება", რომელიც ალბათ გააზრებულიც არ გვქონდა, რა იყო და რატომ გვინდოდა... ამ ოცი წლის განმავლობაში რაღაც ყალიბდებოდა და ფორმას იცვლიდა, მაგრამ ძალიან ნელა. ვიმეორებ, მხოლოდ საკუთარის "გასწორებაზე" ვართ ყველა გადასული. ვერ გაგვითავისებია, ქვეყანა რომ ყველასია, ეს ის მდგომარეობაა, რომელსაც არც ერთ სკოლაში და უნივერსიტეტში არ გასწავლიან, ეს უნდა შეიგრძნო. სამშობლოს უნდა ემსახურო იმისთვის, რომ ის მერე შენ გემსახუროს. ჩვენ ბინძური პოლიტიკის ნიადაგზე ვხოცავთ ერთმანეთს, ვკმაყოფილდებით სამწლიანი "ეფემერული" პერიოდებით და მერე რა იქნება, არც ვჩივით.
- იქნებ კონკრეტულად გვიამბოთ, რა გაძლევთ ასეთი ნეგატიური განწყობის საფუძველს?
- იცით, მე არ მიცხოვრია კომუნისტურ ეპოქაში. იმ დროს დავიბადე, როდესაც კომუნისტური წყობა თითქოსდა უკვე ნგრევისკენ მიდიოდა, თუმცა რეალურად ვერ ვხედავ, რომ ცნობიერებაში რამე დაინგრა. მამარდაშვილის სიტყვებია, კომუნისტების დროს ის კი არ იყო საშინელება, ადამიანს თავისი აზრის გამოთქმის უფლება რომ არ ქონდა, არამედ ის, რომ ადამიანს საერთოდ უფლება არ ჰქონდა, ეაზროვნაო... აბსოლუტურად იდენტური განცდა მაქვს დღეს. ჩვენ შევეჩვიეთ ამ უაზრო მდგომარეობას. თუ ვერ გავაცნობიერებთ, რომ ცხვრების სტატუსით ვარსებობთ, ვერავინ გვიშველის. მითუმეტეს რუსეთი, რომელსაც ისევ მივტირით. რუსეთმა დაგვიპყრო, დედა გვიტირა, გაგვიქრო ყველანაირი აზრი, თავისუფლების შეგრძნება, შეგიკვეცა ფრთები, მენტალურად და რეალურად ოკუპაცია გაგიკეთა და შენ კიდევ მონასავით ეხვეწები , ღვინო და მანდარინები გაგიყიდოს, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია... რაღაც მომენტში მაინც მგონია, რომ ქართველი ხალხი სიბრძნეს გამოიჩენს, თუმცა ამ იმედის საფუძველი არ მაქვს.
- ამიტომაა, რომ არსად ჩანხართ ბოლო დროს? გული აიცრუეთ?
- გული კი არ მაქვს აცრუებული, უბრალოდ ვაკვირდები, რა ხდება. არ მგონია იყოს დღეს იმის საშუალება, რაღაც ტკბობაში იყო. რამდენიმე წლის წინ მთელ ერს ქონდა განცდა, რომ ქვეყანა წინ მიდიოდა, მერე მალევე ჩაქრა ეგ განცდაც. დღეს ვეღარც ვიგებთ, საით მივდივართ. გაყინული რომ იყოს, ჯობია და უკან არ მიდიოდეს ყველაფერი...
- თქვენ ხომ არ გაგიჭირდებათ, ისევ საზღვარგარეთ წახვიდეთ, სადაც წარმატებული კარიერა გქონდათ?
- არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს გავიქეცი ჩემი ქვეყნიდან. თუმცა ამის საფუძველი არის, რადგან აქ არსებობა სიკვდილის ტოლფასია. არასოდეს ვიტყვი უარს, ჩემი თავი შევწირო იმას, რომ მომავალში ჩემი შვილი იყოს უკეთესად, უკეთეს ქვეყანაში ცხოვრობდეს. ალბათ ჩვენი წინაპრებიც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ სამწუხაროდ არა და არ დგება ის დრო, როდესაც შვილები უკეთ არიან ამ ქვეყანაში. თაობები შეეწირნენ ამას ყოვლად უაზროდ... ერთ კონკრეტულ მიზანს თუ არ დავისახავთ და წინ თუ არ წავალთ, მაშინ მუდმივად ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)