ჯემალ ჭკუასელი – რუსეთის დროშის დაწვა ვანდალიზმი და ხეპრეობაა!
"ალბათ ბევრს აწუხებს კითხვა, პრეზიდენტის საინაუგურაციო კონცერტზე საცეკვაო ნომრების შესასრულებლად მხოლოდ ანსამბლ "ერისიონზე" რატომ გაკეთდა არჩევანი... იმიტომ რომ, ჩვენ ყველაზე კარგად შეგვიძლია წარმოვაჩინოთ საქართველოს სულიერება და კულტურა.. - აცხადებს ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი - ჯემალ ჭკუასელი.
ჯემალ ჭკუასელი:
- თითქმის ათი წელი "გაჩოჩებული" ვიყავით გვერდზე. არ მსურს ვიტრაბახო, მაგრამ ასეთი კოლექტივის "ჩაჩოჩება" უბრალოდ არ შეიძლება. წლების განმავლობაში არავის ვახსოვდით... საინაუგურაციო კონცერტზე ჩვენი მიწვევა კულტურის სამინისტროს დამსახურებაა.
- როგორ ფიქრობთ, მაინცდამაინც თქვენი ანსამბლი რატომ აარჩიეს?
- ვფიქრობ, პროფესიონალიზმია მთავარი და ამიტომ შეჩერდა ჩვენზე არჩევანი.. კიდევ იმიტომ რომ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია სულ ერთ საათში წარმოვაჩინოთ სრულიად საქართველო. თუ ისეთი დონის სპექტაკლს ვერ დგამ, როგორიც ჩვენ შეგვიძლია, ერთ საათში ვერავის ვერაფერს დაანახებ, ვერც უცხოელს და ვერც ქართველს...
- დიახ, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი გაღიზიანდება, მხოლოდ "ერისიონი" რომ აირჩიეს. რას ეტყოდით იმ ხალხს?
- მათ ვეტყოდი, რომ ათი წელი ჩრდილში ვიყავით, მაგრამ ჩვენთვის ვიყავით წყნარად და ხმას არ ვიღებდით. არც გვიფიქრია, სხვებისთვის ხელი შეგვეშალა და ინტრიგები გვეხლართა. ახლა ჩვენ დაგვაცადონ. თუ ვინმე მოინდომებს ინტრიგანობას, სულხან საბას სიტყვებს შევახსენებ - "შური სხვისა სიკეთისა ზედა"... კიდევ ვიმეორებ, რომ აგვარჩიეს მხოლოდ იმ მოტივით, რომ ჩვენ ყველაზე კარგად შეგვიძლია წარმოვაჩინოთ საქართველოს სულიერება და კულტურა.
- წინა მთავრობას თავის ფავორიტი ხელოვანები ჰყავდა. ახლანდელ მთავრობის ფავორიტი ანსამბლი "ერისიონი"-ა?
- არავითარი ფავორიტები! საბედნიეროდ, ვიცნობ ბატონ ბიძინას და პირდაპირ გეტყვით - არ ახასიათებს ვინმე რაღაც ნიშნით გამოარჩიოს. პროფესიონალიზმი რომ გამოარჩიონ, ეს ევალებათ კიდეც. წარმმართველი უნდა იყოს პროფესიონალიზმი და შედეგი!
- საუბრის დასასრულს თუ შეიძლება გკითხოთ, ფოთში რომ რუსეთის დროშა დაწვეს, ამაზე რა მოსაზრების ხართ?
- ეს არის ვანდალიზმი და ხეპრეობა. უნდა ყოფილიყო თუ არა ეს დროშა იქ, სხვა საკითხია, მაგრამ რადგან ეკიდა, არ უნდა დაეწვათ! სხვისი ქვეყნის სიმბოლოების დაწვა (მითუმეტეს ისეთი დიდი მეზობელი ქვეყნის, რომლებსაც კარგად ვიცნობთ, ვინც არიან და რაც შეუძლიათ) არაფრით არ შეიძლება. ჩემი აზრით, ეს იყო პროვოკაცია, ამგვარი პროვოკაციები კი შეიძლება სავალალო შედეგებით დამთავრდეს და მერე წვან დროშები იმათ, ვისაც მეტი შეგნება არ გააჩნია. მე მესმის და ვამართლებ ყველა აღშფოთებას ოკუპაციასტან დაკავშირებით, მაგრამ ეს დაუშვებელი საქციელი იყო. რომ იტყვიან, ცხენს ვერაფერი დააკლო და უნაგირს დაუწყო მტვრევაო, ზუსტად ისე გამოუვიდათ.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)