"ჩვენ "წმინდა ნინოს" მაინც გადავიღებთ და მსოფლიოსაც ვაჩვენებთ!" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ჩვენ "წმინდა ნინოს" მაინც გადავიღებთ და მსოფლიოსაც ვაჩვენებთ!" (ექსკლუზივი)

"ვინც იხდის, ის უკვეთავს" - შესაძლოა, ფილმის სიუჟეტი შეიცვალოს?

"უცხოელი ინვესტორების პირველი კითხვაა - რა თანხა მოიპოვეთ საქართველოში?"

.

ფილმის "წმინდა ნინოს" გადაღება დაიწყო... გადაღებები 3 დღის მანძილზე მიმდინარეობდა ზემო ბოდბეში. ფილმის გადაღებასთან დაკავშირებული სამუშაოები ისევ გრძელდება... ამავდროულად, რეჟისორი - გიორგი კერსელიძე ფილმის დისტრიბუციაზე მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნებთან ანვითარებს.

- ბატონო გიორგი, რატომ გავრცელდა ხმები, თითქოს ფილმის - "წმინდა ნინოს" გადაღება შეწყდა...

- ვერ გეტყვით, რატომ გავრცელდა... ეს სრული სიცრუეა. სულ რომ გადატრიალდეს ქვეყანა, ამ ფილმს მაინც გადავიღებთ! როგორ შეიძლება რაც საქართველოს პატრიარქმა იწინასწარმეტყველა, ის არ შესრულდეს?! ფილმი - "წმინდა ნინო" არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სჭირდება... თუმცა ფინანსების სიმცირის გამო პროცესი არ მიდის ისე ჩქარა, როგორც გვინდოდა. სოციალურ ქსელში რომ დაწერეს, სირცხვილია ფილმის გადასაღებად თანხები საქართველოში რომ ვერ მოიპოვესო, ნამდვილად ძალიან გულგასატეხია. მაგრამ უნდა აღვნიშნო ის სასიხარულო და მნიშვნელოვანი ფაქტი რომ ამ თვის დასაწყისში ღვთისმშობლის ტაძრადმიყვანების დღესასწაულზე "წმინდა ნინოს" ფილმის ანგარიშზე პირველი თანხა გადმოირიცხა! რისთვისაც შემომწირველს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო!

- ფილმის გადაღება რამდენიმე ქვეყანაში იგეგმება... ალბათ ძალიან ბევრ თანხებს მოითხოვს...

- თანხა, რომელსაც ჩვენ ვასახელებთ, სულაც არ არის ბევრი ამ ფილმისთვის... თუ საქართველოში გამოჩნდებიან წილობრივი დამფინანსებლები, ეს უეჭველად ხელს შეგვიწყობს დანარჩენ უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებაში... მათი პირველი კითხვაა - რა თანხა მოიპოვეთ საქართველოში?

ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ საქართველოში ჯერ იმდენი თანხა ვერ მოვიპოვეთ, რასაც ველოდით. ჩვენ "წმინდა ნინოს" მაინც გადავიღებთ და მსოფლიოსაც ვაჩვენებთ! უბრალოდ ახლა სხვა კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას. მე კი იმიტომ ჩამოვედი საქართველოში, რომ ამ საერთაშორისო ფილმის ძირითადი მფლობელი საქართველო ყოფილიყო, და მაშინ ყველაფერს ჩვენ განვკარგავდით.

- ფილმის სიუჟეტი ხომ არ შეიცვლება?

- ყველანაირად ვეცდებით, რომ არ შეიცვალოს! მაგრამ ამის გარანტია აღარავის არ ექნება, რადგან "ვინც იხდის, ის უკვეთავს"... ამას წინად, სომხეთში ვიყავი მიწვეული ჟიურის წევრად საერთაშორისო კინოფესტივალზე, წმინდა ნინოს შესახებ ფილმის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი გამოხატეს. რასთან დაკავშირებითაც ტელევიზიით გამოვედი. სომხებმა თქვეს, რომ რაც მათზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გააკეთებენ. მათ სურთ, რომ სომხეთი ფილმში ლამაზად წარმოჩნდეს. აინტერესებთ თავიანთი ქვეყნის გამოჩენა. რუსეთთანაც გვაქვს მოლაპარაკებები და რაც უფრო მეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას მით უკეთესი იქნება. ჩემს ინტერესში უფრო დისტრიბუციის ქვეყნები შედის. ხუთი ქვეყანაა უკვე, რომლებსაც სურთ ამ ფილმის ჩვენება - რუსეთი, სომხეთი, აშშ, ისრაელი და საქართველო.

- თქვენ წმინდა ნინოს როლზე 4 ათასი გოგონადან ნიცა კაპანაძე შეარჩიეთ... რამდენად გაამართლა მან თქვენი იმედები გადაღებებზე?

- ნიცას გადაღებები ზაფხულში იქნება.. ამჯერად საწყისი სცენები გადავიღეთ. ძალიან კარგად ჩაიარა გადაღებებმა. მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი თანხები არ გვქონდა, ქართველებმა ძალიან გამოიჩინეს თავი. ბევრმა უფასოდ იმუშავა და ძალიან გულიანად. ზემო ბოდბეში, ულამაზეს ადგილზე მიმდინარეობდა გადაღება. 2 ათასი მსახიობი უკვე შერჩეული გვყავს. მათ შორის მასიური სცენებისთვის. კასტინგი ისევ გრძელდება. ამჯერად ნანა დედოფალზე ვეძებთ მსახიობს. ფილმში ითამაშებენ - გუჯა ბურდული, დავით გიორგობიანი, ზურა ბეგალიშვილი, ზურა ნიჟარაძე, გიორგი გაბუნია, ნანა პოღოსიანი, გიორგი გეგელაშვილი:

გიორგი გეგელაშვილი (სურათზე):

- ჩემთვის უზარმაზარი პასუხიმგებლობაა, "წმინდა ნინო"-ში რომ ვითამაშებ ერთ-ერთ მთავარ როლს - მგელიკას... რაც შეეხება ჩემს პერსონაჟს, იგი წარმართი ჭაბუკია, რომელიც წმინდა ნინოს შეხვდება. ძალიან მინდა ჩემი როლი საინტერესოდ და კარგად შევასრულო. პროფესიით მსახიობი ვარ. თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე. ვთამაშობდი სპექტაკლებში, მაგრამ მე უფრო მეტად კინო მაინტერესებს.

- ეკლესიურად ცხოვრობთ?

- დიახ... ბავშვობაში სტიქაროსანიც ვიყავი ქაშუეთის ეკლესიაში ერთი წელი.

- რატომ არის თქვენი როლი ერთ-ერთი მთავარი?

- ფილმში არის ისეთი სცენები, რომელთა გამხელა ჯერჯერობით არ შეიძლება. მაგრამ გპირდებით, რომ იმედგაცრუებული არ დარჩებით.

გაცნობებთ, რომ გახსნილია საბანკო ანგარიში მხატვრული ფილმისთვის "ნინო".

ყველა თქვენთაგანს ეძლევა შესაძლებლობა, შეიტანოთ ფინანსური წვლილი ფილმის წარმატებით დასრულებაში.

წინასწარ დიდ მადლობას გიხდით თანადგომისათვის!

საბანკო რეკვიზიტები:

ბანკი - PNC BANK

მიმღების სახელი - Artmangia Pictures, LLC

ანგარიშის ნომერი - Checking - 5309073446

ბანკის საერთაშორისო კოდი - Swift - PNCCUS33

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)