"ძაღლს ცოცხალ წიწილს მივუგდებდი, რომ მოეკლა და გააგრესიულებულიყო"
"როგორც კარატის მწვრთნელს აინტერესებს თავის მოსწავლის გამარჯვება ისე მაინტერესებდა მეც ჩემი ძაღლის მოგება"
ძაღლების ჩხუბი თანამედროვეობის ერთ-ერთი მძიმე პრობლემად იქცა. როგორც ცხოველთა უფლებადამცველები ამბობენ, ამ "სპორტის" გამო ყოველწლიურად ათასობით ძაღლი იღუპება. ზოგი უშუალოდ ჩხუბის დროს კვდება, ზოგიც შემდგომი ტრამვების მერე, ზოგსაც პატრონი კლავს ან აგდებს, რადგან დამარცხდა. ძაღლების ჩხუბი ბევრისთვის შემოსავლის მსუყე წყაროდ იქცა. ჩვენი რესპოდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, სავარაუდოდ რამდენიმე ხნის წინ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში ფიგურირებს, სადაც პიტბულის ჯიშის ძაღლების "წვრთნა" იყო ასახული. ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. როგორც თავად "მწვრთნელი" ამბობს, იგი სპეციალურად ზრდიდა ძაღლს, რომ მერე ეჩხუბებინა. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, იგი მხოლოდ 16 წლისაა...
- ძაღლებს რაიმე განსაკუთრებული მეთოდით წვრთნი?
- ლეკვობიდანვე ვზრდიდი მაჩხუბრად. უცხო ლეკვს ვაჩვენებდი და მივუქსევდი ხოლმე. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ თავიდანვე აგრესიული ყოფილიყო, რაც შეიძლება მკაცრად ვზრდიდი. ზოგჯერ ცოცხალ წიწილს მივუგდებდი, რომ მოეკლა და გააგრესიულებულიყო. ხშირად არ ვცემდი, მაგრამ ხანდახან ცემაც საჭიროა, მაგრამ ხანდახან ვეფერებოდი კიდეც, რომ მიმხვდარიყო, როდის ვიყავი მისით კმაყოფილი.
- ძაღლების ჩხუბი რომ კანონით დასჯადია ამის შესახებ გაგიგია?
-ჩემთის ეგ კანონდარღვევა არაა, ძაღლი ჩემია და რასაც მინდა, იმას ვიზამ. მინდა ვაჩხუბებ, მინდა ეზოში დავაბამ და მინდა კურტკას ჩავაცმევ ზოგიერთი ქაჯივით.
-შეიძლება შენთვის არ იყოს კანონდაღევა, მაგრამ რეალურად ეს დანაშაულია. შენმა მშობლებმა თუ იციან, რომ ამ საქმით ხარ დაკავებული?
-კი, იციან და არასოდეს არ მოუცია შენიშვნა ამის გამო. პირიქით, მამა რამდენჯერმე გამომყვა კიდეც, რომ ჩხუბისთვის ეყურებინა.
-ფულის გამო გიჩხუბებია ძაღლი?
- ფულის გამო არ მიჩხუბებია. თუ ვინმეს ექნებოდა სურვილი, რომ ძაღლი ეჩხუბებინა მაშინ ვაჩხუბებდი. ვიცი ბევრია, რომ ამ საქმით ფულს შოულობს და ძაღლები არ ეცოდება, მაგრამ მე ფულზე არ ვაჩხუბებდი, რადგან ძაღლები მიყვარს ბაშვობიდანვე.
- ძაღლი თუ გიყვარს და გეცოდება, რაღატომ აჩხუბებდი, ჩხუბის ყურება გსიამოვნებდა?
- ერთგვარად ვხალისობდი. მაგრამ ცოტა ხნის წინ ჩემი ძაღლი დაგლიჯეს და ისე შემეცოდა, რომ დავანებე თავი ამ საქმეს.
-სანამ აჩხუბებდი, მანამდე არ გეცოდებოდა?
- მე ისეთი მაგარი ძაღლი მყავდა, რომ ყველა ჩხუბს იგებდა, "იმენა" ცოცხლად ჭამდა ხოლმე, ხუთი წუთის "ბაზარი" იყო და მაგიტომ ვაკეთებდი.. დებილი ძაღლი რომ მყოლოდა, დავაგდებდი სახლში და არ ვაჩხუბებდი.
- როცა შენი ძაღლი ჯობნიდა სხვისას შენ ამით რას იგებდი?
-მიხაროდა ან რატომ არ უნდა გამხარებოდა?! თქვენ როცა რაღაცას იგებთ, არ გიხარიათ? ისე მიხაროდა მეც.
- შენი ძაღლი, რომ სხვის ძაღლებს ჩაგრავდა და "ცოცხლად ჭამდა", ისინი არ გეცოდებოდნენ?
- ეგ იმათ პატრონებს ჰკითხეთ. მე თუ შევატყობდი, რომ ჩემი ძაღლი კლავდა სხვისას, მერე უკვე ვაშველებდი. მე უბრალოდ სიძლიერე მაინტერესებდა. როგორც ადამიანები ჩხუბობენ ბოქსში და კარატეში, ისე ვაჩხუბებდი ძაღლებს და როგორც კარატის მწვრთნელს აინტერესებს თავის მოსწავლის გამარჯვება, ისე მაინტერესებდა მეც ჩემი ძაღლის მოგება.
პ.ს. როგორც თავში ავღნიშნე რესპოდენტი სულ რაღაც 16 წლისაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ბავშვის ფსიქიკა უკვე დარღვეულია. უბედურება ისაა, რომ ის მარტო არაა და მასავით ბევრი ფიქრობს (სოც. ქსელებში არაერთი გვერდია გახსნილი, სადაც ძაღლების ჩხუბის დადებით მხარეებზე წერენ).
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)