"ჩუმად ყოფნა არ შემიძლია!"- ექსკლუზიური ინტერვიუ კაცთან, რომელიც უსასრულოდ ლაპარაკობს
რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში დიდ მოწონებას იმსახურებს ერთი ახალგაზრდა კაცის გაუთავებელი მონოლოგები... იგი აუდიტორიას საკუთარი იუმორითა და იმიტაციის უნარით აოცებს. მთავარი კი ის არის, რომ სულ ლაპარაკობს, არ ჩერდება. მასთან გასაუბრება ჩვენც შევძელით და ამასთან, ვეცადეთ, მისი საუბრის სტილისთვის ფეხი აგვეწყო.
- ვინ ხარ და რა გინდა? გაუთავებლად რატომ ლაპარაკობ?
- მე ვარ ადამიანი, რომელიც სულ ლაპარაკობს იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეუძლია...
- საინტერესოდ კი ლაპარაკობ, მაგრამ დიდი დოზით მიწოდებული საინტერესოც ხომ იცი, ერთხელაც შეიძლება უინტერესო და მოსაბეზრებელი აღმოჩნდეს...
- კი, მაგრამ ჩუმად ყოფნა არ შემიძლია... ალბათ ეს სხვებისთვის უცნაურია, ჩემთვის კი ბავშვობიდან ბუნებრივი მდგომარეობაა. რაც შეეხება საინტერესო-უინტერესოს, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი პირობითი ცნებებია... როგოც დალაი-ლამამ ნიურნბერგში ერთ-ერთ კონფერენციაზე ყოფნისას მითხრა, ლაპარაკი კოსმოსიდან გამოხმობილი ექოაო.
- მოკლედ, ასეთი მეტყველი და მოუბარი დაიბადე?
- კი, ბავშვობიდანვე ასეთი ვარ. დედაჩემი ამბობს: ენა 4 თვისამ აიდგიო. თურმე თავიდანვე, ბავშვის კვალობაზე, სრულყოფილად ვმეტყველებდი... ხანდახან გაუგებრადაც კი, მაგრამ დედას ყოველთვის ესმოდა, რას ვამბობდი და ვგულისხმობდი... როგორც ამბობენ, ჩემი დიდი ბაბუაც გამუდმებით ლაპარაკობდა. ემიგრანტი იყო და ქალაქ პროვანსში ცხოვრობდა...
- ისე, შენი საქციელით ადამიანებს, იმისკენ ხომ არ მოუწოდებ, რომ ყველამ შენნაირად, გაუთავებლად ილაპარაკოს? წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა?
- დაახლოებით წარმომიდგენია, მაგრამ ეგ ახლა დიდად არ მაწყობს... ხომ ხვდებით? ასე გამორჩეული და უნიკალური ვარ, ისე კი, ერთ-ერთი, რიგითი ტიპი ვიქნებოდი...
- ჰო, ბევრი კონკურენტი გამოგიჩნდებოდა.
- თუმცა ყველას რომ ელაპარაკა, ვინ იცის, შეიძლება, ხმაც არ ამომეღო... და როგორც დიდი აჩიკო მეფარიძე იტყოდა: "მშვი-დო-ბით", უნიკალურო ადამიანო...
- დიდი ბაბუა ემიგრაციაში აქედან ვის გაექცა?
- ამაშიც გამორჩეული ვარ... სტალინს არ გაჰქცევია, თავის ცოლს გაექცა. როგორც ამბობდა, სოპრანო იყო და ბაბუას სთხოვდა, ტენორი გამხდარიყო. ბაბუა ცდილობდა, აეხსნა, რომ სმენა არ ჰქონდა და არ შეეძლო ეს, მაგრამ ბოლოს, როცა ცოლმა კატეგორიულად მოსთხოვა, რეპეტიციები შხაპის ქვეშ გაევლო და ხმა რომ მოსვლოდა, 2-3 საათის განმავლობაში აბაზანაში ემღერა, ეს ვეღარ გადაიტანა და გაიქცა...
- რაკი აჩიკო მეფარიძე ახსენე, შენი აზრი ქართულ შოუბიზნესზეც მოგვახსენე. მოგწონს ეს სფერო?
- იცით, ერთი პერიოდი ალბანეთის ელჩმა მთხოვა, იაპონიაში ჩავსულიყავი და იქ შოუბინესში სიტუაცია დამელაგებინა, უცხოელი ინვესტორები მომეზიდა, ხარისხის დონე ამეწია და ალბანურ შოუბიზნესში შოუს ელემენტები შემეტანა.
ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ყველაფერს დრო სჭირდება. აბა, გადახედეთ, როგორი იყო ალბანეთში შოუბიზნესი 14 წლის წინ და როგორია ახლა. ბევრად უკეთესი მდგომარეობაა.
- ლაპარაკთან ერთად თურმე საქმეც შეგძლებია... კარგია. შოუბიზნესის ხსნის გზა ნაპოვნია. რა ეშველება ქართულ ფეხბურთს?
- ერთ-ორწლიანი მწვრთნელები არ ამართლებენ. "მანჩესტერი"- "ლივერპულის" თამაშის დროს სერ ალექს ფერგიუსონმა მითხრა, როცა "მანჩესტერიდან" წავალ, აუცილებლად საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გავხდებიო, მაგრამ როდესაც რამდენიმე თვის წინ დავურეკე, ჩემივე ნასწავლი ფრაზა (შოტლანდიური აქცენტით) დამიბრუნდა: "გადაგაგდე"... მერე მითხრა, გეხუმრე, ეს სიტყვა ძალიან მიყვარსო და შემომთავაზა, რომ აქ ჩამოვიდეს, დაგვეხმაროს და ააღორძინოს ქართული ფეხბურთი.
- ასე უეცრად რომ გამოჩნდი და ხალხს თავბრუ დაახვიე შენი აზრებითა და მონოლოგებით, მოკლედ, რომ გვითხრა, რა გინდა? რას ამკვიდრებ?
- ვცდილობ, ჩემს მაგალითზე ყველას დავანახვო, რომ ცხოვრებაში მთავარია, საკუთარ მოწოდებას მიაგნო და მიხედო. თუნდაც ეს მოწოდება უსასრულო ლაპარაკი იყოს...
- რამდენი ენა იცი?
- ადამიანმა ყველა ენა იცის, მთავარია, მათი გახსენება ისწავლოს...
- სულ ბოლოს ღიმილისმოსაგვრელად რაიმე ფრაზა დაგვიტოვე...
- 你不需要我的幫助,以微笑 აი, ამას გეტყოდით ყველას!
ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)