შევარდნაძე მამა გაბრიელს ფსიქიატრიულში "ამოლპობას" უპირებდა- რას იგონებს წმინდანის მკურნალი ექიმი (ექსკლუზივი)
"მიამბო, როგორ დაწვა ლენინის სურათი, მერე ცეცხლმოკიდებულ სურათზე როგორ შედგა და იცეკვა."
"სახლის ჭერზე ხვრელი იყო, იქედან სისხლიანი პატარა ბავშვები ცვიოდნენ. დახოცილი ბავშვების დიდი გროვა იყო."
გოდერძი ურგებაძე საბჭოთა კავშირში პირველი სასულიერო პირი იყო, რომელიც ბერად აღიკვეცა, საეკლესიო სახელით - ბერი გაბრიელი.
სასწაულები მის ცხოვრებაშიც მრავლად იყო და გარდაცვალების შემდეგაც. ამ ყველაფერზე სრულყოფილად ერთ სტატიაში საუბარი შეუძლებელია. წმინდანის შესახებ მისი მკურნალი ექიმი - ზურაბ ვარაზი მოგვითხრობს:
- 1994 წლის ბოლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, წყალმანკი ჩამოუყალიბდა, ჰაერის უკმარისობა ჰქონდა. აღარ დამიყოვნებია, მცხეთაში წავედი. მისი საკანი შთამბეჭდავი იყო: ყოველ მხარეს, საითაც უნდა გაგეხედა, ხატი გახლდათ დაბრძანებული. თვალდახუჭული იწვა. მივუახლოვდი თუ არა, ვთხოვე, - მამაო, დამლოცეთ-მეთქი. შემომხედა, თავზე ხელი დამადო და, - ქრისტე ღმერთმა გაკურთხოსო! მერე დედა პარასკევას უთხრა: ნახე, ექიმი მოვიდა და ჯერ ლოცვა-კურთხევა აიღო. აქ ვინც შემოდის, ყველა ექიმი მეუბნება, - როგორ ხარ? მე კი ვპასუხობ, - ბერი ვარ და როგორ უნდა ვიყო, ძალიან კარგად ვარ-მეთქი. ისინი ეკლესიურები არ არიან და ჩემთან საქმე არ აქვთო! გასინჯვის შემდეგ ავუხსენი, რომ მუცლიდან სითხის ამოღება იყო საჭირო. თანხმობა და კურთხევა მომცა. 10 ლიტრამდე სითხე ამოვიღე. მოეშვა, ამოისუნთქა. ეს პროცედურა რამდენჯერმე გავუმეორე. 9 თვის შემდეგ რაჭაში 1 კვირით მინდოდა წასვლა და მამა გაბრიელს დავეთხოვე, მუცელში დრენაჟი ჩავუყენე, რომელსაც საკეტი ჰქონდა და ვთხოვე, სითხე თუ შეგაწუხებთ, ეს საკეტი მოატრიალე და გადმოიღვრება-მეთქი. გაეცინა, - "კრანტი" დამიყენეო? 1 კვირის შემდეგ მოსანახულებლად რომ მივედი, სითხე აღარ ჰქონდა, ხელები მაღლა ააპყრო და თქვა: უფალმა ამოიღოო. მას შემდეგ წყალმანკით აღარ შეწუხებულა.
- განვლილ ცხოვრებაზე რას გიამბობდათ?
- ვერ ვბედავდი, რაიმე მეკითხა, მაგრამ ამბებს თავად ჰყვებოდა. ერთ დღეს მიამბო, როგორ დაწვა ლენინის სურათი, მერე ცეცხლმოკიდებულ სურათზე როგორ შედგა და იცეკვა. ამის გამო დააპატიმრეს. იხსენებდა - "კაგებეში" რომ წამიყვანეს, უკან 7 ავტომატიანი კაცი მომყვებოდა. ვეუბნებოდი, - შვილო, თქვენ ეშმაკისგან შეშინებულები ხართ, ხელში ჯოხიც კი არ მიჭირავს და 7 ადამიანს რა უნდა გიქნათო? კამერაში რომ შემიყვანეს, სამოსელი გამხადეს, მაისურის ამარა დამტოვეს, ჯვრები და ხატები ჩამომართვეს. ვთხოვე, არ წაეღოთ; ვუმეორებდი, - ბერი ვარ-მეთქი. მპასუხობდნენ: ბერი კი არა, ხალხის მტერი ხარ და მალე გაგანადგურებთო. კამერაში მარტო დავრჩი. ლოცვის ჟამმა რომ მოაწია, ვიფიქრე, - რა ვქნა-მეთქი? დავინახე, კუთხეში ცოცხი იდო, მისი სახელურიდან 2 ღერო გამოვაძვრე, გადავაჯვარედინე, მაისურიდან გამოღებული ძაფით შევკარი და ჯვარი გავაკეთე. მერე ეს ჯვარი კუთხეში დავდე და ლოცვა დავიწყე, მაგრამ ეშმაკის მოციქული ჭუჭრუტანიდან მითვალთვალებდა, საკნის კარი გააღო, შემოვიდა და ჯვარი წამართვა, - აქ ლოცვა არ შეიძლებაო. გავბრაზდი, კედელთან დავდექი, ხელები გავშალე და ვუთხარი, - მე თვითონ ჯვარი ვარ. აბა, მოდი, წამართვი! ზედამხედველმა იფიქრა, რომ გიჟი ვიყავი, გავიდა და კარი მოაჯახუნაო. იხსენებდა: კომისიაზე გამატარეს, უფროსობა იყო შეკრებილი, მათ შორის - ედუარდ შევარდნაძეც გახლდათ. მან რომ დამინახა, თქვა, ეს ადამიანი სულიერად ავადმყოფი თუ არის, ფსიქიატრიულში ამოვალპობთ, თუ არა და, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოსო. მამა გაბრიელს უპასუხია, - ცოტა ხანი გაივლის და მოედანზე ხელგაშვერილი ეშმაკის ძეგლი რომ გიდგათ, თქვენი ხელით გადმოაგდებთ და მის ადგილზე ვარდებს დარგავთო. შევარდნაძეს უთქვამს: შენ მაგას ვერ მოესწრებიო. - მეც მოვესწრები და - შენცო...
- მას ხილვა აფხაზეთის დაკარგავასთან დაკავშირებითაც ჰქონდა, არა?
- მამა გაბრიელი ამბობდა, - საქართველო ღვთისმშობლის ეზო-მამულია, სად წაიღებენ? ალბათ ღვთისმშობელი ჩვენზე გაწყრაო. მერე ხილვას იხსენებდა: 2 მხედარი გამომეცხადა და თეთრ სახლში შემიყვანეს. ამ სახლის ჭერზე ხვრელი იყო, იქედან სისხლიანი პატარა ბავშვები ცვიოდნენ. დახოცილი ბავშვების დიდი გროვა იყო. ეს რომ ვნახე, შევძრწუნდა და უეცრად ხმა გაისმა: მოდის! მოდის! უკან მივიხედე და ღვთისმშობელი მოდიოდა, შორიახლო დადგა და მითხრა, ამ ხალხისთვის მევედრებით? მათ საკუთარი შვილების სისხლში აქვთ ხელები გასვრილი. ღვთისმშობელი განრისხებული გახლდათ. პირველად ვიხილე და იცით, როგორი საშიში იყოო?! მაშინ ყველას დაგვავალა, დაწერეთ, ილაპარაკეთ, ლექციები ჩაატარეთ, იქადაგეთ, ნურავინ გაიკეთებს აბორტს - ეს მკვლელობაა; ერთი ბავშვიც რომ გადარჩეს, იცოდეთ, უფალი გაცხონებთო.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.