"ისე არ მინდა მოვკვდე, რომ ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამ" - ვერა პუტინას უკანასკნელი სურვილი (ექსკლუზივი)
"მამინაცვალი ვოვას არა სცემდა, მაგრამ არც გულზე ეხატებოდა... დღე ისე გავიდოდა, ხმას არ გასცემდა.ვოვა განიცდიდა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა" - ვლადიმირ პუტინის სავარაუდო ბავშვობა
"სამი წლის იყო, როცა მეტეხში ჩამომიყვანეს... მალე ისწავლა ქართული"
"წყნარი, ჩუმი ბიჭი იყო. მისი გაკეთებული "ლაგატკა" ახლაც შენახული მაქვს. მეზობლის ქათმებს ესროდა ხოლმე."
5.10.2001, კვირის პალიტრის არქივიდან:
"... 6 ოქტომბერს კინომსახიობთა თეატრში ქართულ-ჰოლანდიური ჯგუფის მიერ გადაღებული ფილმის, "პუტინის დედის" პრეზენტაციას დავესწარი. ფილმის რეჟისორები არიან ინეკე სმიტი (აწ გარდაცვლილი რეჟისორის, ტატო კოტეტიშვილის მეუღლე) და გიორგი ოვაშვილი. ქალბატონმა ლუბა ოსეფაშვილმა ფილმის მთავარი გმირი - დედამისი, ვერა პუტინა გამაცნო, რომელიც დამპირდა, რომ ფილმის ნახვის შემდეგ ინტერვიუს მომცემდა...
- დეიდა ვერა (ყველა ასე მიმართავდა! - მ. ბ.), გვიამბეთ თქვენ შესახებ.
- დავიბადე და გავიზარდე პერმის ოლქის ქალაქ ოჩორაში. სასწავლებელი რომ დავამთავრე, პრაქტიკაზე ტაშკენტში გამაგზავნეს. იქ ერთი ბიჭი შემიყვარდა, პლატონი ერქვა. მასაც ძალიან ვუყვარდი და მპირდებოდა, ცოლად მოგიყვანო. ორსულად ვიყავი, როცა თავისი ქალაქიდან (ვერა დეიდას არ უთქვამს, საიდან იყო პლატონი) ამანათი მიიღო. გავხსენი. შიგ წერილი იდო. ამ წერილით გავიგე, რომ იგი ცოლშვილიანი ყოფილა. ძალიან გავბრაზდი, დანახვა აღარ მინდოდა მისი, მაგრამ ბავშვს ხომ ვეღარ მოვიცილებდი?.. პლატონმა პატიება მთხოვა, მაგრამ ხელები გავასავსავე... მერე გაჩნდა ვალოდია. სამი ძმა მყავდა, მე მათზე უფროსი გახლდით. რა თქმა უნდა, არც ძმებმა და არც მშობლებმა არ მომიწონეს საქციელი, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლებოდა. ვზრდიდი ჩემს ვოვას და ვიყავი ჩემთვის. არ გასულა დიდი დრო და "ტანცებზე" გავიცანი ქართველი სამხედრო, რომელიც მალე უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. ეს გახლდათ გიორგი ოსეფაშვილი, ჩემი დანარჩენი ხუთი შვილის მამა. მას დანახვისთანავე შევუყვარდი და ცოლობა მთხოვა. არ დავუმალე, რომ შვილი მყავდა, მაინც არ დაიხია უკან და დავთანხმდი მე სულელი..
- რატომ სულელი? ნანობთ, რომ საქართველოში ჩამოხვედით?
- მაგანაც მომატყუა (იცინის). რა აღარ მითხრა: თბილისში დიდი სახლი მაქვს, "კაროჟნასავით" გაცხოვრებო, შენს შვილსაც ვუპატრონებო და რა ვიცი, ათას რამეს შემპირდა. თბილისის დიდი სახლის მაგივრად კი მეტეხში წამიყვანა, სადაც ნახევრად დანგრეული ქოხი დამხვდა. აბა, ტყუილი არ იყო? მაგრამ ვეღარ წამოვედი იქიდან, მისგან ბავშვს ველოდი. მამაჩემმა რომ გაიგო, ქართველს გავყევი ცოლად, კინაღამ გაგიჟდა. ისე მოკვდა, არც იგი და არც ჩემი ძმები ჩემს სანახავად მეტეხში არ ჩამოსულან. ამასობაში ვოვა ძალიან მომენატრა და დედაჩემს შევუთვალე (ქმარი იქით არ მიშვებდა), შვილი შენ ჩამომიყვანე-მეთქი.
- რამდენი წლის იყო ვალოდია, როცა მეტეხში ჩამოგიყვანეს?
- მესამე წელიწადში იყო... სულ არ გასჭირვებია ქართულად ალაპარაკება. აქედან 10 წლისა რომ წავიყვანე ჩემს მშობლებთან, რუსული ორი სიტყვაც არ იცოდა.
- ამბობენ, მამინაცვალი ცუდად ექცეოდა, ხშირად სცემდაო, მართალია?
- არა, ცემით არა სცემდა, მაგრამ არც გულზე ეხატებოდა. აბა, გერი ვის უყვარს? საერთოდ, გიორგის ჩხუბი უყვარდა, არც ქალებში სიარულს იკლებდა, ამის გამო, ხშირად ვკინკლაობდით. ერთხელ გაბრაზებულ გულზე დავკარი ფეხი და ჩემს ბიჭთან ერთად მშობლებთან წავედი. მაშინ უკვე მყავდა სოფიკო და ლუბა. მშობლებმა მითხრეს, თუ არ გეცხოვრება მაგ ქართველ ქმართან, წამოდი და შენი შვილებიანად აქ იცხოვრე, თუ არა და ვოვა მაინც დაგვიტოვე, შენ კი ოჯახს მიხედეო. წამოვედი იმ იმედით, რომ უპატრონებდნენ ბიჭს.
- მაინც როგორი დამოკიდებულება ჰქონდა თქვენს მეუღლეს გერთან?
- დღე ისე გავიდოდა, ხმას არ გასცემდა. ვატყობდი, ვოვასაც ჰქონდა მისი რიდი. როცა ვჩხუბობდით, ეტყობოდა, რომ განიცდიდა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. მე ისეთი ვარ, თუ უმიზეზოდ მაწყენინებს ადამიანი, გულიდან ამოვირეცხავ, აბა, შვილების მამას როგორ შევიძულებდი, მაგრამ შეიძლება თვე ისე გასულიყო, ხმა არ გამეცა მისთვის, სამაგიეროდ, თვითონ ვერ ძლებდა ჩემს გარეშე და შემირიგდებოდა. ყოველთვის ეშინოდა, რომ ოჯახი არ დამეტოვებინა. ხმა რომ დაყარეს, ვოვას სცემდაო, ტყუილია. გიორგიმ იცოდა, რომ ამას არ ვაპატიებდი.
- რით ერთობოდა ვოვა ან რისი გაკეთება უყვარდა? მეგობრობდა აქაურ ბავშვებთან?
- წყნარი, ჩუმი ბიჭი იყო. მისი გაკეთებული "ლაგატკა" ახლაც შენახული მაქვს. მეზობლის ქათმებს ესროდა ხოლმე. ძალიან უყვარდა თევზაობა და ჭიდაობა. თუ ვინმე წააქცევდა, ისე გამწარდებოდა, არ მოეშვებოდა, სანამ არ დაამარცხებდა. ამხანაგებთან ჩხუბი არასოდეს მოსვლია.
- რაზე გწყდებათ გული?
- მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ვოვა მოვიცილე კალთიდან და მშობლებს ჩემი ნებით ჩავუყვანე.
- სანამ იმათთან იზრდებოდა, არ ჩამოჰყავდათ თქვენთან?
- არა. ჩემიანებს საქართველოს ხსენებაც არ უნდოდათ და აქ რა ჩამოიყვანდათ?
- თქვენ ახერხებდით სიყრმის შვილის მონახულებას?
- როცა დავაპირე, მითხრეს, აქ აღარ არისო, მამამ არ გამიმხილა მისი ადგილსამყოფელი, დედამაც - არ ვიციო. ვუსაყვედურე, ვეჩხუბე კიდეც, ბევრი ვიტირე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. როცა ჩემებმა გამაგებინეს, დედა ცუდად არისო. გიორგის არ უნდოდა ჩემი გაშვება, მაგრამ ღრიალი დავიწყე, შევეცოდე და ნება მომცა, მომაკვდავ დედასთან წავსულიყავი. როცა ჩავედი, დედას ლაპარაკი აღარ შეეძლო, მაგრამ ვხვდებოდი, რაღაცის თქმა უნდოდა. ჩემს რძლებს, ძმების ცოლებს ვთხოვე, თუკი იცოდნენ ვოვას ადგილსამყოფლის შესახებ, არ დაემალათ ჩემთვის. არ ვიცითო, - მითხრეს. მხოლოდ ერთმა აღიარა, მამაშენს ფიცი მივეცი, რომ არასოდეს გეტყოდი, ამიტომ ვერ გაგიმხელო. მოგვიანებით გავიგე, რომ სამხედრო პირი გამხდარა.
- ალბათ გიხარიათ, ასეთი ცნობილი შვილი გყავთ.
- კი, რა თქმა უნდა. თურმე მას პატარა სტალინსაც ეძახიან... დანარჩენებიც კარგები მყვანან, მაგრამ ბოლომდე ბედნიერი ვინ ყოფილა, რომ მე ვიყო?
- რაზე ოცნებობთ?
- ისე არ მინდა მოვკვდე, რომ ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამ და არ დამელაპარაკოს. სიზმარშიც ხშირად ვხედავ, მაგრამ ხმას არ მცემს. როგორც ცხოვრებაში, ისე სიზმარშიც გაბუტულია ჩემზე.
მარინა ბაბუნაშვილი