ჩხუბი გორში - "არაბი პატრიარქის სურათს ეცა და ჩამოხია"
"ღირსებაც გვაქვს და თავის დაცვაც შეგვიძლია, იცოდნენ, ქართველებთან როგორ უნდა მოიქცნენ!"
როგორც სააგენტოები იუწყებოდნენ, 27 მარტს გორის ბაზრის მოვაჭრეებსა და არაბი ინვესტორის ახლობელს შორის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში დაპირისპირება მოხდა. როგორც მოვაჭრეებმა განაცხადეს, მათი აღშფოთება გამოიწვია არაბი ინვესტორის ახლობლის მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურათის ჩამოხსნის მცდელობამ. ჩვენ დავუკავშირდით ერთ-ერთ თვითმხილველს:
დალი ქალდანი: - ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელი არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასათვის, ვინც ბაზარში მუშაობს. ჩვენ რაღაც სადავო საკითხები გვქონდა გასარკვევი და არაბ ინვესტორისა და მის თანხმლებ პირთან ერთად, რომელიც ასევე არაბია, ბაზრის დირექტორის კაბინეტში შევედით. ინვესტორის თანმხლებმა პირმა როგორც კი დაინახა პატრიარქის სურათი, გამწარებულა ეცა, რომ ჩამოეხია. პატრიარქის ორი სურათი იყო, ერთი ჩამოხია, მაგრამ მეორესთან აღარ მივუშვით. როდესაც დაინახა, რომ ვერაფერს გახდებოდა, ბოდიში მოიხადა და ჩამოხეულ სურათს აკოცა კიდეც. ინვესტორის თანხმლები პირი კი იყო, მაგრამ აქ ამბობენ, რომ ეგეც ინვესტორიაო… რომელი ადამიანი მოითმენდა ამის ყურებას?! წარმოიდგინეთ, კაბინეტში შესულს ხმა არ ამოუღია, ისე ეცა უწმინდესის სურათს. ბაზარი ეკუთვნის არაბ ინვესტორს და დირექტორად ჰყავს ადგილობრივი. როცა ეს ფაქტი მოხდა, იქ იყვნენ დირექტორიც და სხვა თანამშრომლებიც. ეს არის ჩვენი სარწმუნოების განადგურება და წიხლის ქვეშ გათელვა.
ამ დროს საუბარში ერთ-ერთი მოვაჭრე ჩაგვერთო:
ნინო: როცა იქ მივედი, ფაქტი უკვე მომხდარი იყო, თორემ ჩემ ორ შვილს ვფიცავარ იქ რომ ვყოფილიყავი, ადგილზე მოვკლავდი და ციხეში წავიდოდი. მაგათ ჰგონიათ, რადგან ვვაჭრობთ, ღირსება არა გვაქვს. აბა, ვინმემ არაბეთში მოლას სურათი ჩამოხიოს?! ღირსებაც გვაქვს და თავის დაცვაც შეგვიძლია, ასე რომ, იცოდნენ - ქართველებთან როგორ უნდა მოიქცნენ. მაგათ მარტო ფული ჰგონიათ ყველაფერი და ფულით წონიან ყველაფერს.
ჩვენ ამ თემაზე კომენტარი გორის ბაზრის დირექტორს გოგი ბოჭორიშვილსაც ვთხოვეთ:
- სურათი არავის ჩამოუხევია და არავითარი გართულება იქ არ ყოფილა. ინციდენტი აღმოიფხვრა უპრობლემოდ. ინვესტორმა ბოდიში მოიხადა.(?!)
- თვითმხილველები ამბობენ, რომ ინვესტორის თანმხლებმა პირმა პატრიაქრის სურათი ჩამოხია.
- არ ვიცი, ვინ რა გითხრათ. მე გეუბნებით, რომ არავითარი სურათი არ ჩამოუხევიათ, სურათი ახლაც კაბინეტშია, შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნახოთ.
ამავე საკითხზე კომენტარი გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს პაპუნა კობერიძესაც ვთხოვეთ:
- მე იქ ცოტა მოგვიანებით მივედი და ზოგიერთი დეტალი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რამდენადაც გავიგე, ინვესტორს თანმხლები პირი ახლდა, რომელსაც აბრალებდნენ, რომ პატრიარქის სურათზე გამოუთქვამს პრეტენზია. ხალხი ამბობდა, მან სურათი ჩამოხიაო, მაგრამ ასე არ არის… უბრალოდ, მოუთხოვია სურათის ჩამოხსნა, მაგრამ არავის მოუხსნია და ეს ბუნებრივიცაა.
- ინვესტორის თანმხლებ პირს თუ გააჩნია ინტერესი ბაზრის მიმართ?
- როგორც ამბობენ, ის ინვესტორის მეგობარია და არავითარი ფინანსური ინტერესი არ გააჩნია. ოფიციალურად, ის არ ფიგურირებს როგორც ბიზნესმეწილე და არაოფიციალურად რა და როგორაა, ვერ გეტყვით.
ლადო გოგოლაძე(სპეციალურად საიტისთვის)