მამუკა ჩარკვიანი რუსეთზე: "ნუ გავაღვიძებთ მძინარე ლომს!"
"თამარ ჩერგოლეიშვილს პასუხის ღირსადაც არ ვთვლი"
"არ შეიძლება, რუსულის ცოდნა დასაცინად ითვლებოდეს"
"შალიაპინი რომ ჩამოსულიყო, ბეზრუკოვის მსგავსად ქვეყანაში არ უნდა შემოგვეშვა?! ბეზრუკოვი საქართველოს პატივს სცემს..."
"შაჰ-აბასს არ გაუკეთებია იგივე საქართველოსთვის, რაც რუსეთმა ჩაიდინა, მაგრამ ხელოვნება და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ... ბეზრუკოვიც უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, "ერისიონმაც" უნდა იაროს რუსეთში, ნინო ქათამაძემაც, ნინო ანანიაშვილმაც და სუხიშვილებმაც.. ხელოვნება არის საერთო და საზღვრები არ გააჩნია"... ამბობს ცნობილი მომღერალი მამუკა ჩარკვიანი.
- ჩვენ საქართველოში ბევრად უფრო მაღალი დონის მსახიობები გვყავს, ვიდრე ბეზრუკოვია, მაგრამ აქ საქმე ხელოვნებას კი არა, პოლიტიკას ეხება. არაფრით არ შეიძლება ხელოვნების პოლიტიკაში არევა. მე ვთვლი, რომ ბეზრუკოვის გასტროლი არ უნდა გაუქმებულიყო. …ჩამოსულიყო და ხალხი თავად გადაწყვეტდა, ვისაც სურდა მივიდოდა, ვისაც სურდა, არ მივიდოდა. მე მაგალითად არ მივიდოდი, ფეხი მტკივა და ძალიან ავად ვარ... მისი გასტროლი რომ გაუქმდა, ეს ფაქტი არ მომეწონა. არ შეიძლება ასე აზროვნება, თითქოს საქართველოს ნაკრები არ უნდა წასულიყო ოლიმპიადაზე, სპექტაკლები არ წავიღოთ რუსეთში, ან ვინმე რუსი სპექტაკლებით არ შემოვუშვათ. რა უბედურებაა ეს?! არ შეიძლება ასე!...
- თქვენ ამბობთ, რომ არ შეიძლება პოლიტიკის და ხელოვნების ერთმანეთში არევა, მაგრამ ბეზრუკოვი თავად გაერია პოლიტიკაში და ყირიმის ანექსიის მისასალმებელ წერილს ხელი მოაწერა...
- კი, თავად ჩაერთვნენ რუსი ხელოვანები პოლიტიკაში, მაგრამ ბეზრუკოვს რომ თავი დავანებოთ, სხვებიც ბევრნი არიან, ბეზრუკოვის მსგავსად ვინც მოიქცა. ასე რა, შალიაპინი რომ ჩამოსულიყო, არ უნდა შემოგვეშვა?
- შეიძლება ბეზრუკოვი და შალიაპინი შევადაროთ?
- არც ვადარებ... ბეზრუკოვი საქართველოს პატივს სცემს... ეტყობა, რაღაც ინტერესი აქვთ თავიანთი, რუსული, ისტორიული, რომელსაც ვერ ელევიან...
- ქართული საზოგადოების ნაწილს აგრესია გაუჩნდა იმ ხალხის მიმართ, ვინც ისევ ბეზრუკოვის ჩამოსვლას დაუჭირა მხარი... მაგალითად, "ტაბულას" რედაქტორმა თამარ ჩერგოლეშვილმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე "ბანძები" უწოდა ხელმომწერებს...
- მე ბეზრუკოვის ჩამოსვლა არ მომითხოვია. ასე რომ მე გადარჩენილი ვარ "მაგ წოდებას"... მაგ ქალბატონს საერთოდ პასუხის ღირსადაც ვერ ჩავთვლი. მე მარტო ბეზრუკოვზე არ ვამბობ - ხელოვნება და პოლიტიკა რომა არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში, ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი!
- თქვენ მოსკოვში გასტროლს დათანხმდებოდით?
- აუცილებლად! ჩავიდოდი და იქ ქართველები დამხვდებოდნენ, ჩემს სიმღერებს მოუსმენდნენ ცოცხალი შესრულებით, გავიხარებდით მეც და ისინიც, ამაში რა არის ცუდი?! რაც არ უნდა ვიძახოთ გარუსებული ქართველები არიანო, ეგეთი რამ არ არსებობს. ქართველი სადაც არ უნდა გაუშვა, მაინც ქართველად რჩება. რუსეთში "ერისიონმაც" უნდა იაროს, ნინო ქათამაძემაც, ნინო ანანიაშვილმაც და სუხიშვილებმაც.. ხელოვნება არის საერთო და საზღვრები არ გააჩნია... შესანიშნავი ლიტერატურა აქვს რუსეთს და ამის მოკვეთა არ შეიძლება. ბავშვებმა ერთი სიტყვა რუსული არ იციან და ეს ძალიან სამწუხაროა. არ შეიძლება რუსულის ცოდნა დასაცინად ითვლებოდეს. შაჰ-აბასს არ დაუშავებია იმდენი საქართველოსთვის, რაც რუსეთმა ჩაიდინა, მაგრამ ნუ გავაღვიძებთ კიდევ ერთხელ მძინარე ლომს, ნუ დავძაბავთ კიდევ უფრო ვითარებას!.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)