ქართველი მეცნიერის "ხელოვნური ინტელექტი"
"დროა, აფხაზებსა და ოსებს საქმე ვაჩვენოთ"
"აფხაზებს თუ ძმებს ვუწოდებთ, ომისთვის არ უნდა გავწიროთ."
პროგრამას შეუძლია ხმოვანი ინფორმაციის წერილობითი სახით წაკითხვა - თქვენ კარნახობთ კომპიუტერს, ის კი ყოველგვარი კლავიატურისა და მაუსის გარეშე წერს
ირაკლი ქარდავა ოჩამჩირელია, 6 წლის იყო, მშობლიური კუთხის დატოვებამ რომ მოუწია. ახლა 27 წლისაა და მისმა კიბერმეცნიერულმა გამოგონებამ უკვე აალაპარაკა ქართველი საზოგადოება. პროგრამას, სახელად Geo SpeechRecognizer-ი, შეუძლია ხმოვანი ინფორმაციის წერილობითი სახით წაკითხვა, ანუ თქვენ კარნახობთ კომპიუტერს, ის კი ყოველგვარი კლავიატურისა და მაუსის გარეშე წერს. ირაკლიმ სოხუმის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა წარმატებით დაასრულა. ახლა დოქტორანტურის მეორე კურსზე სწავლობს, დისერტაციაზე მუშაობს და თან ამავე უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.
- ჩემი კვლევის საგანი კომპიუტერული ლინგვისტიკაა, რაც არსებული ენების შესაბამისი კომპიუტერიული მოდელის შექმნას ნიშნავს. ამ პროგრამის შექმნამდე, გავიარე ყველა ეტაპი იმისთვის, რაც საჭირო იყო ქართული ენის მორფოლოგიური აღწერისთვის. უპირველესად შევქმენით სიტყვების ბაზა. მეორე ეტაპი იყო სიტყვათა მორფოლოგიური სინთეზი. ამ ორი ეტაპის გაერთიანებით მივიღეთ ერთი სრული პროგრამული უზრუნველყოფა. მივიღეთ პროგრამა, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ ჩემი ხმა ესმის და მასზე რეაგირებს. შეუძლია ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვა ტექსტად აქციოს. პროგრამა იმდენად უნივერსალურია, რომ მისი ინტეგრირება ნებისმიერ სხვა სისტემაში ადვილად შეიძლება. ვგულისხმობ უპირველსად ოპერაციულ სისტემებს: Windows , Linux… როდესაც პროგრამის სრულყოფა მოხდება, შეგვეძლება Google-Voice-ის ჩამონათვალში ჩვენი ენაც იყოს.
- რა არის საჭირო პროგრამის სრულყოფისთვის?
- იმისთვის, რომ პროგრამამ ნებისმიერი ადამიანის ხმა გაიგოს, გვჭირდება 200 სხვადასხვა ადამიანის ათწუთიანი კარგი ხარისხის აუდიოჩანაწერი, რომელთა დამუშავების შედეგადაც შეიქმნება ე.წ. აკუსტიკური მოდელი, რომელიც გაითვალისწინებს ნებისმიერი ქართველის ხმას თუ ტემბრს. ამის შემდეგ უკვე მისი მოხმარება შესაძლებელი იქნება. სავარაუდოდ, მომხმარებელთა შორის პირველები ჟურნალისტები იქნებით, ასევე ეს პროგრამა ძალიან გამოადგებათ უსინათლოებსა და ასაკოვნებს. ვმუშაობთ ამ პროგრამის შებრუნებული ამოცანის გადაჭრაზეც. მაგალითად, როდესაც დაველაპარაკებით კომპიუტერს, უნდა მოახერხოს და პასუხი ხმოვანი ფორმით, ჩვენს მშობლიურ ენაზე გაგვცეს. ეს ქართულ ენაზე ხელოვნური ინტელექტის შექმნის პირველი ეტაპებია. დაახლოებით წელიწად-ნახევარში, ალბათ, პროგრამის სრულყოფას მოვახერხებთ...
- იდეის დაპატენტებას არ აპირებთ?
- აქამდე ამ ყველაფერს როგორც მეცნიერულ ნაშრომს, ისე ვუყურებდი, მეცნიერულ წრეებში დაპატენტების ანალოგად საერთაშორისო-სამეცნიერო ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნება მიიჩნევა, თუმცა, თუ კომერციული შეთანხმების გაფორმება დადგა დღის წესრიგში, მაშინ სამართლებრივადაც დავაპატენტებ.
- კიდევ რა გეგმები გაქვთ?
- უკვე ვთქვი, რომ ამ პროგრამის ანალოგები სხვადასხვა ენაზე არსებობს, მაგრამ ყველას აქვს აქცენტის პრობლემა. ანუ საკმარისია, ერთი და იმავე ფონეტიკური შემადგენლობის სიტყვა სხვაგვარი აქცენტით წარმოითქვას, რომ პროგრამა ვეღარ კითხულობს. მაგალითად, ინგლისელი და ამერიკელი ერთსა და იმავე სიტყვას სხვადასხვაგვარად ამბობენ, ანუ გამოდის, ინგლისური ენის ორი კომპიუტერული მოდელი უნდა შეიქმნას. ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა უკვე ნაპოვნი და დამუშავებული მაქვს, ახლა მთავარია სამეცნიერო წრეებიც დავარწმუნო ჩემი მიდგომის უპირატესობაში. ეს თუ მოვახერხე, დიდი საერთაშორისო წარმატება იქნება.
- არავინ შემოგხმიანებიათ უცხოეთიდან?
- ევროპის ერთ-ერთმა ქვეყანამ თავის უნივერსიტეტში მუშაობა შემომთავაზა, ეს ჩემთვის იქნებ კარგი წინადადებაც იყო, მაგრამ საქმე, რასაც ვაკეთებ, ვფიქრობ, მარტო ჩემი კი არა, ყველასია, ამიტომაც არსად ვაპირებ წასვლას. წარმოგიდგენიათ, თუ მართლა გამომივიდა და მსოფლიო მნიშვნელობის რამ შევქმენით სოხუმის უნივერსიტეტის სახელით, რა დიდი წარმატება იქნება.
- ციფრულ ერაში ვცხოვრობთ, როგორ ფიქრობთ, ამ დროში ადამიანის, მისი სულიერების, რეალური ურთიერთობების ადგილი რჩება?
- ვიდრე ამ პროგრამაზე დავიწყებდი მუშაობას, ჩემს ერთ ახლობელ ბერს დაველაპარაკე. ვუთხარი, რასაც ვაპირებდი და მითხრა, ტექნოლოგიური განვითარება გარდაუვალი პროცესია, ამას შენ თუ არ გააკეთებ, სხვა მაინც შექმნისო. ვფიქრობ, ნორმალური ადამიანი სხვის საზიანოდ არაფერს შექმნის, არანორმალურის ხელში კი არა მარტო რობოტი, უბრალო ბლაგვი საგანიც შეიძლება საფრთხედ იქცეს. რობოტი ვერასდროს შეცვლის ადამიანს, ეს რომ მოხდეს, მისი შემქმნელი ღმერთზე ძლიერი უნდა იყოს, მასზე ძლიერი კი არავინ და არაფერია.
- ვიცი, რომ აფხაზეთზე ბევრს ფიქრობთ.
- აფხაზებს თუ ძმებს ვუწოდებთ, ომისთვის არ უნდა გავწიროთ. ეკონომიკურად დაინტერესებაც ძალიან რთული იქნება. ჩემი აზრით, შეიძლება ისეთი საგანმანათლებლო კერის შექმნა, რომელიც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ანალოგი ან მათი ფილიალი იქნება, სადაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები იმუშავებენ და დიპლომიც საერთაშორისო დონის გაიცემა. ასეთ შემთხვევაში აფხაზ და ოს ახალგაზრდებს დიდი სტიმული ექნებათ, რომ ჩვენთან ჩამოვიდნენ სასწავლებლად. ურთიერთობები კი ბევრ რამეს ალაგებს. სწორედ ეს მიზანი მაქვს, მინდა ამგვარი უნივერსიტეტის შექმნას შევუწყო ხელი. დროა, აფხაზებსა და ოსებს საქმე ვაჩვენოთ.
- თქვენი ფოტო ვნახე წარწერით: "აფხაზეთი საქართველოა".
- ეს პარიზშია გადაღებული, გადაწყვეტილი მაქვს, სადაც კი ჩავალ, ასეთი ფოტო ყველგან გადავიღო. იმედია, ბოლო ფოტო, რომელსაც ამ წარწერით გადავიღებ, სოხუმში დაბრუნებისას იქნება.
ნათია დოლიძე